22.05.2012

ძველი თბილისის გაუმჭვირვალე რეაბილიტაცია 1

 

2011 წლის 19 აპრილს ქალაქის მთავრობამ დადგენილება გამოსცა, რომელშიც აღნიშნა, რომ თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს ღონისძიებებს "საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე" და, რომ ამიტომ "მიზანშეწონილია თბილისის თვითმმართველი ერთეულის  საკუთრებაში არსებული, განსაზღვრული  უძრავი  ქონების ფონდისთვის გადაცემა "

 

დადგენილებით შენატანის სახით  ფონდის საკუთრება ძველი თბილისში  მდებარე 57 ობიექტი გახდა. მათ შორისაა პუშკინის  ქ 5, აღამშენებლის გამზირი 65, აღმაშნებლის გამზირი 136 -ში 2369 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა.   გრიშაშვილის, სამღებროს, ინგოროყვას, ათონელის , მარჯანოშვილის  ქუჩებზე არსებული ისტორიული შენობები, დაბოლოს, დაბა წყნეთში განლაგებული კოტეჯი ზონა „ბ"-ში 269 კვადრატული მეტრი  ფართობით. ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორ განკარგავს "თბილისის განვითარების ფონდი" ქალქის მერიის მიერ გადაცემულ ქონებას და რამდენიმე ობიექტი შევისწავლეთ.

ფონდები და თბილისის უძრავი ქონება

აღმაშენებლის 150. 1868 წელს ნეოკლასიციზმის სტილში  აშენებული სამ სართულიანი  შენობა იმ დროს ერთ- ერთი  პირველი  მუნიცეპალური ნაგებობა იყო. ისტორიული  შენობა რეაბილიტაციის შემდეგ მრავაფუნქციური, თანამედროვე საოფისე შენობად გარადიქმნა. „თბილისის განვითარების ფონდი"  ავსტრიელი არქიტექტორ ბიფელდის მიერ აშენებულ ისტორიულ შენობაში ფართს ქალაქის მთავრობის დადგენილებით ფლობდა.   უძრავი ქონების  გადაცემიდან მცირე დროში  2011 წლის 19  სექტემბერს  ფონდმა ქონება სააქციო საზოგადოება "რეალ  ინვესტს" მიჰყიდა."რეალ ინვესტსა" და თბილისის განვითარების ფონდს შორის გაფორმეული ხელშეკრულებიდან ჩანს, რომ ფონდმა კომპანიას 200 კვადრატული მეტრის  ფართობი 200 ათას დოლარად  3 თვიანი უპროცენტო განვადებით მიჰყიდა.

"რეალ ინვესტის" დამფუძნებელი  ოფშორში  დარეგისტრირებული კომპანია "GOLDINGQTON INVEST CORP"-ია. ოფშორული კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში   ქალაქ თბილისის მერის, გიგი უგულავას ქვისლი, ანუ ცოლის დის ქმარი, გიორგი ღონიაშვილია. გიორგი ღონიაშვილი "რეალ ინვესტის" დირექტორად ამ გარიგებამდე ოთხი თვით ადრე დაინიშნა. როგორც ფონდის თავმჯდომარე გიორგი საბანაძე აცხადებს, მყიდველსაც და ქონების ფასსაც ფონდში თავად განსაზღვრავენ.  ეს, იურისტ ლევან სვიმონიშვილის გაცხადებით, კანონდარევაა, რადგან მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების განკარგვას კანონი არეგულირებს.  

"ფონდი  ვალდებულია , რომ მისთვის  თბილისის მერიის მიერ გადაცემული ქონება გაყიდოს პრივატიზირების განხორციელების  გზით. არსებობს პრივატიზირების  4 ფორმა. თუ  ფონდი  ამბობს, რომ მე არასამეწარმეო  იურიდიული  პირი  ვარ და არ  მეხება ეს მოთხოვნებიო, ეს არასწორია სამართლებრივად", აცხადებს სვიმონიშვილი. მისი თქმით, არც ისაა გამორიცხული, რომ ფონდმა განაცხადოს, ვინაიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი ვარ, პრივატიზაციის ვალდებულება არ გამაჩნიაო. ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის მერიას, რომელმაც მუნიციპალიტეტის ქონება  პროვატიზიაციის ფორმების გვერდის ავლით გადასცა ფონდს, ანუ კერძო სამართლის იურიდიულ პირს.

ვეტცელი. იმ კომპანიის საკუთრება, რომლის დირექტორიც გიგი უგულვას ნათესავია განახლებულ გამზირზე მდებარე კიდევ ერთი შენობა გახდა.    მე-19 საუკუნეში გერმანელმა ვაჭარმა ფრიდრიხ ვეტცელმა თბილისის ცენტრში სასტუმრო ააშენა. გერმანულ  გოთიკურ სტილში  აშენებული არქიტეტურული  ძეგლის  ავტორი  ცნობილი  არქიტექტორი ბიფელდი  იყო. თავდაპირველად ამ შენობაში  სატუმრო  იყო  განთავსებული, რომლის სარდაფშიც ვარიეტე ფუნქციონირებდა. შემდგომში აღმაშნებლის 103-ში განლაგებულმა ისტორიულმა შენობამ ფუნქცია მრავალჯერ შეიცვალა, აქ საგარეო  საქმეთა სამინისტროდა კონტროლის  პალატაც კი  იყო  განთავსებული.

ამჟამად  ყოფილი სასტუმროს  მფლობელი „თბილისის განვითარების ფონდი"  და კომპანია "ვეტცელ-პლაზაა". ქონების ნაწილი ვეტცელ პლაზამ "თბილისის განვითარების ფონდიდან" წინა შემთხვევაში განხილული სქემითვე მიიღო. თბილისის მთავრობის 2011 წლის  8 აგვისტოს დადგენილებით "თბილისის განვითარების ფონდს" აღმაშენებლის 103-ში კუთვნილი 2457 კვადრატული მეტრი (ე.წ. ვეტცელის შენობა) გადაეცა. ნიშანდობლივია, რომ ამ დროს ეს უძრავი ქონება საქართველოს ეკომონიკური განვითარების სამინისტროს კუთვნილება იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მერიამ ფონდს სხვა საჯარო დაწესებულების ბალანსზე მყოფი უძრავი ქონება აჩუქა.

დაახლოებით თვენახევარში "თბილისის განვითარების ფონდმა" ეს ქონების ნაწილი  523 კვ.მეტრი  შპს „ვეტცელ პლაზას" 832 000 აშშ დოლარად მიჰყიდა. ამ გარიგებით  ფონდმა კვადრატული მეტრი     დაახლოებით 1590   დოლარად გაყიდა.  "ვეტცელ პლაზას" დამფუძნებლების სს "რეალ ინვესტი" და "პრივატბანკია". ვეტცელ პლაზას დირექტორიც გიგი უგულავას ქვისლი  გიორგი ღონიაშვილია.

აღმაშენებლის # 142-ის მიმდებარე ტერიტორია. ჯერ კიდევ 2 წლის წინ, აღმაშენებლის გამზირის რაებილიტაციის დაწყებამდე ამ ადგილას აღმაშენებლის 142 ნომრის მიმდებარედ, პატარა სკვერი და პრეისის ჯიხური იდგა.  რებილიტაციის დაწყებიდან მცირე ხანში სკვერი გაქრა და დღეს აქ ეს მდიდრული 4  სართულიანი საოფისე  შენობა აშენდა. ჩვენ დავინტერსედით და უძრავი  ქონების  მფლობელის ვიანობის დადგენას ოფიციალური  ვებსაიტებით  შევეცადეთ.

ძებნისას აღმოვაჩინეთ, რომ ეს ადგილი მონიშნული იყო, იქვე დატანილი იყო არაოფიციალური წარწერა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში, სავარაუდოდ არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელთა დაუდევრობით მოხვდა:  "დავით ნინიძემ (თქვა) დაარეგისტრირეთ ადგილობრივზე და სემდეგ ერთ პიროვნებას უნდა ნაწილი  საოფისედ და ნაწილი  ავტოსადგომისათვისოოო არ გაიყიდოსო". შეგახსენებთ, რომ დავით ნინიძე ქალქ თბილისის ვიცე მერი და იმავდროულად თბილისის განვითარების ფონდის გამგეობის წევრია.

ჩვენ შევეცადეთ დაგვედგინა, ვინ იყო ის პიროვნება, ვისაც დავით ნინიძე ნაკვეთს უნახავდა. მოძიებული დოკუმენტციით იგი შპს "ბალავარი ჯგუფის" ერთადერთი დამფუძნებელი გიორგი თავდიშვილია. აღმაშენებლის რეაბილიტაციის დასრულებამდე 7 თვით ადრე 2011 წლის 18 მაისს თბილისის მტავრობამ დადგენილება მიიღო და ქალაქის ისტორიულ უბანში, აღმაშენებლის გამზირის # 142-ის მიმდებარედ 444 კვ. მ მიწის ნაკვეთი "თბილისის განვითარების ფონდს" შენატანის სახით გადასცა. დადგენილებას თბილისის მერის პირველი მოადგილე ვიცე-მერი დავით ნინიძე აწერს ხელს.

"თბილისის განვითარების ფონდმა" კი 8 აგვისტოს ეს ქონება შპს "ბალავარი ჯგუფს" მოჰყიდა, ხელშეკრულების დადების დროს "ბალავარი ჯგუფი" ერთი თვის დაარსებული იყო. 8 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს "ბალავარი ჯგუფმა" მიიღო 444 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღმაშენებელზე და 78 კვ მ ჩახრუხაძის ქუჩაზე (ძველი კოლმეურნეობის მოდანი, "კონკას" მიმდებარე ტერიტორია). სულ უძრავ ქონებაში გადაიხადეს 536 450 ლარი, ანუ კვადრატულ მეტრში 1030 ლარი. ქონების საფასურის 70%-იანი საფასურის გადახდისთვის შპს "ბალავარი ჯგუფს" ხუთ თვიანი ვადა მიეცა. 2011 წლის 27 დეკემბერს შპს "ბალავარი ჯგუფმა"  აღმაშენებლის გამზირის 140-ის მიმდებარედ კიდევ ერთი ნაკვეთი შეიძინა, გამყიდველი ამ შემთხვევაშიც "ბალავარი ჯგუფი" იყო. ფონდმა 136 კვადრატული მეტრი ასევე განვადებით 66 565 ლარად გაყიდა.  ამჟამად კვადრატული მეტრის ფასმა მხოლოდ 489 ლარი შეადგინა. თუმცა, გაურკვეველია 5 თვეში რატომ გაიაფდა "თბილისის განვითარების ფონდის" მიერ გაყიდული მიწის ფასი.

აღმაშენებლის 149 . რეაბილიტაციის პროცესში ისტორიული კვლევების და საარქივო მასალების მოძიების შედეგად თბილისის მერიამ აღმაშნებელის გამზირზე  ძველს მიმსგავსებული ახალი შენობებიც შექმნა. ერთერთი  ასეთი შენობა ნომერ 149-ში განახლებული სახლია. რეაბილიტაციის დაწყებიდან 3 თვის  შემდეგ „ძველი  ქალაქის რებილიტაციის ფონდის" თავმჯდომარემ სერგო  ქავთარაძემ გაზეთ  "რეზონანსთან" ასეთი განმარტება გააკეთა: "ნებისმიერ შენობაზე მუშაობისას მის ადრინდელ მდგომარეობას ვითვალისწინებთ. მაგალითად, აღმაშენებლის 149-ზე მდებარე შენობაზე რომ მიდგა ჯერი, აღმოჩნდა, რომ წარსულში ამ ერთ კონკრეტულ ადგილას იყო გვერდიგვერდ ორი ერთსართულიანი შენობა, რომელთაგან დროთა განმავლობაში ერთი დანგრეულა. იქვე იყო პატარა შადრევანი და ლამაზი გამწვანება. ფოტოსა და ისტორიულ კვლევაზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ შენობის პირვენდელი სახის აღდგენა."

ტერიტორია, რომელზეც მეორე ისტორიული შენობა უნდა აშენებულიყო 91 კვ. მეტრი „ძველი ქალაქის რეაბილიტაციის ფონდმა"   მოქალაქე ნინო ბერიშვილს 2010 წლის 13 აპრილს 30 ათას ლარად მიყიდა.  მცირე დროში ამ ადგილას კომერციული  ობიექტი  მართლაც აშენდა.    მაშინ, როცა მიწის ნორმატიული  ფასი  აღმაშენებლის  გამზირზე ოფიციალურად 1 კვადრატული  მეტრი 1998  ლარი ღირდა, ძველი  ქალქის რეაბილტაციის ფონდმა კვადრატული  მეტრი 330 ლარად გაყიდა.

იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ თბილისის ისტორიულ უბნებში ფონდების მიერ ქონების გასხვისება კანონდარღვევით წარიმართა. "თუ მერიამ შენატანი გააკეთა, რა თქმა უნდა, საზოგადოება უფლებამოსილია იცოდეს, რატომ გაკეთდა ეს შენატანი. ასევე, შემდგომ რატომ მოხდა ფონდების მიერ ამ შენატანის გასხვისება - ვინ შეიძინა, რა ფასად, რატომ შეიძინა... იმიტომ, რომ ეს ქონება მუნიციპალიტეტს გააჩნდა, როგორც საჯარო ქონება, საბიუჯეტო ქონება. ეს ქონება როდესაც მერიამ შენატანის სახით გადსცა კერძო ფონდს, ფაქტობრივად მოახდინა ამ ქონების გასხვისება და გასხვისებისას მას ევალება ანგარიშვალდებულება ზემდგომი ორგანოს საკრებულოს წინაშე და მთლიანად საზოგადოების წინაშე".

განახლებული  აღმაშენებლის გამზირი პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვარდების რევოლუციის მე-8  წლისთავზე საზეიმოდ გახსნა და მოქალაქეებს ქვეყნის წარმატების ერთ მნიშვნელოვანი ფორმულაც გაუმხილა: "საქართველოში მოვსპეთ კორუფცია ერთხელ და სამუდამოდ". ეს ყველაფერი რითი შენდება ხალხო? ჩვენ არა გვაქვს ნავთობი და გაზი. გუშინ ქუთაისში გავხსენი მთავრობის სახლი, აი ამხელა აღმშენებლობითი სამუშაოა. მარტო იმ ქვეყნებს, რომელსაც აქვს ნავთობი და გაზი, შეუძლია ამის გაკეთება. რა არის საქართველოს ნავთობი და გაზი? საქართველოს ნავთობი და გაზი არის ის, რომ ჩვენ გვყავს ნიჭიერი ხალხი და საქართველოში არ არის კორუფცია".

რიყე. თბილისის რეკონსტრუქციის პროცესი საყურადღებოდ წარიმართა რიყის ტერიტორიაზე..   ხელისუფლება რიყის ტერიტორიით  ჯერ კიდევ 2005  წელს დაინტერესდა, ქალაქის მესვეურთათვის   მიუღებელი  აღმოჩნდა  თბილისის ისტორიულ  ცენტრში  რესტორნების არსებობა.   მაშინ მასმედია ფართოდ აშუქებდა რიყის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, როდესაც რიყეზე განლაგებული რესტორნის მეპატრონეები, ყველა, როგორც ერთი,    საკუთრებას სახელმწიფოს ჩუქნიდა,  ეს პროცესი  უმეტესად ღამით  ხდებოდა.

რიყე სახელმწიფოს საკუთრებაში დიდხანს არ დარჩენილა. 2006  წელს რიყის ტერიტორიის განკარგვის მიზნით ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად შპს „ახალი რიყე" გამოცხადდა და მასთან ხელშეკრულება გაფორმდა. შპს „ახალი  რიყე" 2006 წლის 14  აპრილს დაფუძნდა,  დაფუძნებიდან 2 თვეში კომპანიას თბილისის მერიამ რიყის ტერიტორია 7 მილიონ დოლარად განვადებით  მიჰყიდა.  ]შპს „ახალი რიყის" 100 % -იანი  დამფუძნებელი ოფშორში დარეგისტრირებული „ჯი-ემ-სი ჰოლდინგია". მისი დირექტორი ლევან ყარამანაშვილი, პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ  სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის რეზო შარანგიას დის ქმარია. ლევან ყარამანაშვილის სახელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ  მოექცა, 2011 წლის ბოლოს განხორციელბული ცვლილებების შემდეგ ლევან ყარამანაშვილი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 90 % -იანი  წილის მფობელი გახდა.

შარანგიას კავშირი ოფშორში რეგისტრირებულ "ჯი-ემ-სი ჰოლდინგთან" კიდევ ერთი ფაქტით დასტურდება. კერძოდ "ჯი ემ სი ჰოლდინგი" ფლობს ცნობილი შპს "ჯი-ემ-სი ჯგუფის" 82%-ს. შეგახსენებთ, რომ "ჯი-ემ-სი ჯგუფის" საკუთრებაშია რესტორნების ქსელი - "ქალაქური", "შემოიხედე გენაცვალე", "სლავიანკა", ახლახნს ამავე ბიზნესჯგუფმ იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოც შეიძინა.

სწორედ ამ "ჯი-ემ-სი ჯგუფის" მეწილე, სხვა მეწილეებთან ერთად,  2006  წლამდე იყო ბიზნესმენი რევაზ შარანგია. 2006 წელს შარანგია და მის 5 პარტნიორი ჩაანაცვლა ოფშორში დარეგისტრირებულმა  "ჯი-ემ-სი ჰოლდინგმა. ხუთივე პარტნიორმა თავიანთი წილები "ჯი ემ სი ჰოლდინგს" მინიმალურ ფასად, 6000 ლარად მიჰყიდეს.

შპს „ახალმა რიყემ"  ქალაქის  ისტრიულ  ცენტრში 4 ჰექტარი  მიწის გარდა საკონკურსო  ვალდებულებც მიიღო. ოფიციალურ  დოკუმენტაციაში ვკითხულობთ: „ გამწვანებული  ზონა უნდა შეადგენდეს ტერიტორიის არანაკლებ  20 %-ს, რათა ეს ზოლი  იყოს საფეხმავლო, რასაც ორგანულად დაუკავშირდება ქვეითად მოსიარულეთა ხიდი(ან 2 ხიდი) , რომელიც იქნება 2 სანაპიროს კოლორიტული დამაკავშირებეელი და გადებული  იქნება დაახლოებით „ბერიკონიდან: საზოგადოებრივ ცენტრამდე".

ეს ხელშეკრულება ქალაქის მთავრობასთან, კერძოდ, კი მამაუკა  ახავლედიანთან 2006  წლის 6 ივნიისს გაფორმდა. ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ კვირაში შპს "ახალმა რიყემ" 100 %- იანი  წილიდან 80  % რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს დავით იაკობაშვილს მიჰყიდა. წილის  გაყიდვის მიზანი საკონკურსო პირობების შესრულება იყო, ანუ რუსეთში  მოღვაწე იაკობაშვილს ინვესტიცია უნდა მოეზიდა, მაგრამ  შპს "ახალ რიყეს" ვალდებულება არ შეუსრულებია.

რიყეზე 2 წელი არაფერი შეცვლილა.  ცნობილი საფეხმავლო, ე.წ. შუშის ხიდი 2010 წელს მართლაც გაიხსნა, მისი მშნებლობა კი სახელმწიფო ბიუჯეტმა დააფინანსა.  შპს "ახალი რიყე" ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის არავის დაუსჯია, პირიქით, რიყის ტერიტორიაზე შპს "ახალმა რიყემ" მილიონობით მოგებაც კი ნახა. 2008 წლის 30  დეკემებრს შპს „ახალი  რიყეს"-გან რიყის ტერიოტორია „ძველი  ქალაქის რებილიტაციისა და განვითარების ფონდმა"   17 მილიონ დოლარად, ანუ 10 მლნ დოლარით უფრო ძვირად, უკან გამოისყიდა. ექსპერტთა შეფასებით, 2008  წლის აგვისტოს ომს შემდეგ უძრავი ქონების ფასი სამჯერ შემცირდა. უძრავი ქონებაზე ფასის ვარდნისას, შპს ""ახალმა რიყემ  10 მილიონიანი მოგება ნახა.

როგორ მოხდა, რომ ხელისუფლებასთან დაახლოვებულმა ბიზნესჯგუფმ კონკურისის პირობების დარღვევისთვს პასუხი  არ  აგო  და უფრო მეტიც, 10 მილიონი  დოლარით  ისრგებლა? ამ  კითხვებზე პასუხს მერიის პრესსამსახურიდან უშედეგოდ ველოდეთ.

თბილისის მერია ძველი ქალაქის რეაბილიტაციას კვლავ განაგრძობს.   "თბილისის განვითარების ფონდი" ქალაქის ისტორიულ ცენტრში ნელნელა მნიშვნელოვანი ქონების მესაკუთრე ხდება. ეს ქონება, რომელიც ბიუჯეტის ფულით რემონტდება, უკვე არსებული პრაქტიკით, შესაძლოა მომავალში ახალი მესაკუთრეების ხელში გადავიდეს. ეს პროცესიც, სავარაუდოდ, ისევე დაფარულად წარიმართება, როგორც 2005-2012 წლებში მიმდინარე რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის გაუმჭვირვალობის ფაქტებზე დაწვრილებით ჟურნალისტური გამოძიების მესამე ნაწილში მოგითხრობთ.


მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ირაკლი კაკაბაძე

    სირცხვილის გარეშე

    იმპერიალიზმთან ბრძოლის ყველაზე უტყუარი გზა არაძალადობაზე და არა-იმპერიალიზმზე გადის.  ამის მაგალითი ძალიან ბევრი ბოლოდროინდელ მსოფლიო ისტორიაში.  განდის მიერ წარმოებულმა „სატიაგრაჰამ“ დაანგრია...

  • გიორგი რუხაძე

    SOS! ევრაზიული „საბჭოთა კავშირი'“

    საქართველოში ხელისუფლების გარდა თითქოს არაფერი შეცვლილა და რატომ ჩნდება იმის საშიშროება, რომ ქვეყანა დასავლურ ვექტორს დაშორდეს და რუსეთის გავლენის ქვეშ მოხვდეს? მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლება ღიად...

  • ზვიად დევდარიანი

    გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის

    ხალხი, რომელიც ბრძოლისგან იღლება, გადაშენებისთვისაა განწირული. მერძოლი ხალხის მიერ არჩეული ბრძენი ხალხით მართული სახელმწიფო - შემდგარი სახელმწიფოა. ხშირად მიფიქრია, რამ გამოგვატარა ეს...

მეტი