23.05.2012

დაშავებულის მკურნალობის ხარჯების დაფარვაზე „მეცხრე არხს" უარი უთხრეს

 

" ინტერპრესნიუსის" ოფისში „მეცხრე არხის" დირექტორმა, კახა ბექაურმა 21 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ პრესკონფერენცია გამართა. მასთან ერთად  არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი თამარ რუხაძე იმყოფებოდა.

 

ავტოსაგზაო შემთხვევა 21მაისს, დაახლოებით ღამის 12:30 წთ-ზე  გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. საჭეს „მეცხრე არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი თამარ რუხაძე მართავდა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. მას თან ახლდა არხის კიდევ ორი თანამშრომელი. თამარ რუხაძეს იმ ღამესვე ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს და დადასტურდა, რომ იგი საჭესთან სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში იჯდა.

კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, დაშავებულს მკურნალობის ხარჯები მთლიანად „მეცხრე არხმა" დაუფაროს, საავადმყოფოს ადმინისტრაცია მათ უარს ეუბნება. ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ დაშავებულის ზუსტი ვინაობა დაზუსტებული არაა, გარდა ამისა, მიმიდნარეობს გამოძიება და, შესაბამისად, ჯერ ბრალდებული არ გამოუვლენიათ. ასეთ შემთხვევებში კი, სახელმწიფოს განცხადებით, ის დაშავებულის მკურნალობის ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს.

„ჩვენი დიდი სურვილის მიუხედევად, დაშავებულისთვის ფინანსურ დახმარებაზე უარი მივიღეთ. საავადმყოფოს ადმინისტრაციას ორი დღის წინ შევუთანხმდით ფორმა 100-სა და შესაბამისი ანგარიშფაქტურის მიღებაზე (რის შემდეგაც დავფარავდით მკურნალობის ხარჯებს), მეორე დღეს კი მათგან უარი მივიღეთ. სახელმწიფოს თქმით, დაშავებულის მკურნალობის ხარჯები მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაიფაროს, რადგან დაშავებული უცნობი პირია და ასევე, ჯერ-ჯერობით გამოძიებას ბრალეული არა გამოუვლენია"- ამბობს არხის დირექტორი.

კითხვაზე, თუ რატომ თქვა საავადმყოფომ უარი, კახა ბექაურმა განაცხადა:„სხვადასხვა ვარაუდის გამოთქმა შეიძლება ამ საკითხის შესახებ, მაგრამ  ამაზე საუბარი არ მსურს. ჩვენთვის მთავარი დაშავებულის ჯანმრთელობაა და დიდი სურვილი გვაქვს მას დახმარება გავუწიოთ."

საინფორმაციო საშუალებებში ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ  თამარ რუხაძეს დაკითხვის შემდეგ კანონით განსაზღვრული უფლება შეუზუდეს და თავისივე ჩვენება არ მისცეს. თავად საინფორმაციოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამაზე საუბრისგან თავს შეიკავებს, რადგან გამოძიებისთვის ხელისშეშლა არ სურს.

„არ გვინდა გამოძიებას ხელი შევუშალოთ, ამიტომ ასეთი სამართლებრივი კომენტარისგან თავს შევიკავებ. უბრალოდ, ვიტყვი, რომ  ჩემი დაკითხვა დაახლოებით საათნახევარი მიმდინარეობდა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ჩვენებაც არსებობს"- აღნიშნა რუხაძემ.

რაც შეეხება დაშავებულის მდგომარეობას, კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ იგი ახლა რეანიმაციაშია გადაყვანილი, მაგრამ მისი მდგომარეობის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვს, რადგან ორი დღეა ექიმები კომენტარისგან თავს იკავებენ.

რაც შეეხება დაშავებულის ვინაობას, კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ ზუსტი ვინაობა მათთვის ექიმებისგან გახდა ცნობილი.

„ჩვენ ავტოსაგზაო შემთხვევის დღეს, მეორე ადამიანს ვესაუბრეთ და დაშავებულის გვარი მან გვითხრა. საავადმყოფოში როცა მკითხეს, რომელ პაციენტზე იყო საუბარი, მხოლოდ მისი გვარი ვუთხარი. ამის შემდეგ ექიმი შევიდა და სახელი და ასაკი თვითონ გადმომცა, ვის სახელზეც თანხა უნდა შემეტანა. ამ ინფორმაციით, დაშავებული 31 წლის მალხაზ ბიჭიკაშვილია, თუმცა, არ ვიცი როგორ მოახერხეს ექიმებმა ამ ადამიანის იდენტიფიცირება"- ამბობს ბექაური.

არხის დირექტორის განცხადებით, დაშავებულის ოჯახის წევრები ამ დრომდე არ გამოჩენილან. მეორე პიროვნება კი, რომელიც მას თან ახლდა, შემთხვევის დღის შემდეგ აღარ უნახავთ.

„ჩვენ გვჯერა, რომ გამოძიება აბსოლუტურად კანონის ფარგლებში ჩაივლის, ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება არ მინდა, რადგან გამოძიების პროცესს ხელი არ შევუშალოთ"- აღნიშნა ბექაურმა.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ნინო ბექიშვილი

    როცა მიზეზი უსუსურია

    გიორგი მარგველაშვილი, ადამიანი, რომელიც ყველაზე პოპულარული პოლიტიკური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატია და ხვალ, შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს, უცნაურად დუმს იმ მოვლენების შემდეგ, რომელიც...

  • ანა ნაცვლიშვილი

    ღმერთს - ღვთისა, კეისარს - კეისრისა

    საქართველოში  ბოლო წლებში უამრავმა ადამიანმა საკუთარ ტყავზე და საკუთარ ოჯახზე გამოსცადა ძალადობაც და უმცირესობაში ყოფნაც, მათ შორის პოლიტიკურ უმცირესობაში, როცა განსხვავებულად ფიქრის გამო...

  • ირაკლი კაკაბაძე

    ფაშიზმის ლანდი საქართველოში

    17 მაისს ჩვენ ისევ ისე მძლავრად დაგვიბრუნდა ფაშისტური იდენტობის პოლიტიკა - სადაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კლავენ, ისვრიან, კბენენ და არავითარი სოლიდარობა არ არის. არის...

მეტი

ამავე ავტორისგან