24.05.2012
საშემოსავლო გადასახადი არ შემცირდება
პარლამენტში მთავრობამ „საგადასახადო კოდექსში" შესატანი მორიგი ცვლილებების პაკეტი წარადგინა, რომლის მიხედვით არსებული საშემოსავლო გადასახადი 20%-დან 15%-მდე აღარ შემცირდება. ამის სანაცვლოდ მთავრობის ინიციატივით, 2012 წლიდან ახალი სისტემა ამოქმედდება და გადამხდელს 20% -იანი საშემოსავლო გადასახადიდან საშუალება ექნება 18% ბიუჯეტში გადაიხადოს, ხოლო 2% ნებაყოფლობით, ინდივიდუალურ დაგროვებით ანგარიშზე დაარიცხოს.
საშემოსავლო გადასახადის შემცირებას 2011 წლიდან ამოქმედებული საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებდა. კერძოდ, 2014 წლამდე საშემოსავლო გადასახადი 18 %, ხოლო შემდეგ 15% უნდა გამხდარიყო, თუმცა მთავრობის მიერ წარდგენილი ინიციატივით, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი კვლავ 20% დარჩება.
განსაკუთრებით საყურადღებოა სიახლე, რომლიც ინდივიდუალური დაგროვების ახალი სისტემის შემოღებას გულისხმობს. კანონპროექტში წერია, რომ გადამხდელი საშემოსავლო გადასახადის 18% ბიუჯეტში შეიტანს, ხოლო 2% შეუძლია ნებაყოფლობით ინდივიდუალურ დაზოგვის ანგარიშზე მიმართოს. თუ პირი არ მოინდომებს 2% დაზოგვას, მაშინ საშემოსავლო გადასახადი მთლიანად ბიუჯეტში შევა.
რაც შეეხება ნებაყოფლობით ინდივიდუალური დაგროვების წესს და პირობებს, მას სპეციალური კანონი დაადგენს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ამ კანონპროექტის თანახმად, სააქციო საზოგადოების ფორმით აქტივების მმართველი კომპანიები შეიქმნება, რომლებიც ფიზიკური პირების მიერ შენატანი საშემოსავლოს 2% ის მართვას უზრუნველყოფენ. ამ მმართველი კომპანიების ლიცენზირებას და ზედამხედველობას კი საქართველოს ეროვნული ბანკი განახორციელებს. კანონპროექტის მიხედვით კი დაზოგილი თანხის მიღება მოქალაქეებს არაუმეტეს 15 წლის შემდეგ შეეძლებათ.
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას, მთავრობის საპარლამენტო მდივანს გია ხუროშვილს არ უსაუბრია იმაზე, თუ კონკრეტულად რა პროექტებში დაიხარჯება ეს დანაზოგი და მის გამოყენებას ფიზიკური პირი როგორ შეძლებს.
„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის შეფასებით, ეს ინიციატივა ქვეყანაში ეროვნული დანაზოგის წყაროს წარმოქმნას და წახალისებას გამოიწვევს.
„ვფიქრობთ, ეს ინიციატივა დაგვიანებულიც არის მთავრობის მხრიდან და დონორთა დახმარების და რეფორმა ფინანსური სახსრების არსებობის პირობებში უნდა გატარებულიყო. ეროვნული დანაზოგი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისთვის. ეს არის ხელმწისაწვდომი შიდა რესურსი, რომელიც ემსახურება წარმოების საშუალებების უკეთესით ჩანაცვლებასა და ახალი წარმოების საშუალებში ინვესტირებას. ამჟამად საქართველოში შეინიშნება ეროვნული დანაზოგების კლების ტენდენცია, ქვეყანაში წმინდა დანაზოგის წილი ეროვნულ განკარგვად შემოსავალში 1%-ზე ნაკლებია, მაშინ როდესაც ეს წილი ევროზონის ქვეყნებში საშუალოდ 19%-ს უდრის. ამგვარად, აღნიშნული ინიციატივა ახალი ფინანსური რესურსების მობილიზების დ მათი ინვესტირების შესაძლებლობებს აჩენს."
ანა ნაცვლიშვილი