26.05.2012
კახეთის სამარშრუტო ტაქსებს 27 მაისს თბილისში მგზავრების წამოყვანას უკრძალავენ
ამის შესახებ “ლიბერალთან” სიღნაღის რაიონის ქალაქ წნორის “მარშრუტკების” მძღოლები საუბრობენ. ისინი ვინაობის დასახელებას ერიდებიან, თუმცა აკრძალვის ფაქტს ადასტურებენ. “ლიბერალი” მათ ისნის სადგურში ესაუბრა, სადაც წნორიდან და კახეთის სხვა ქალაქებიდან მომავალი “მარშრუტკები” ჩერდებიან.
“კვირა ყველაზე კარგი სამუშაო დღეა, სოფლებში წასული ხალხი თბილისში ბრუნდება ხოლმე, მაგრამ ახლა ვინ გამოგიშვებს?” ამბობს ერთ-ერთი მძღოლი და დასძენს, რომ აკრძალვა ხვალისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირდება.
“ეს პირველი შემთხვევა არ არის - საუბარში ერთვება მეორე მძღოლი - ასეთი აქციების დროს, ადგილობრივი პოლიციის უფროსი მოდის და სათითაოდ გვაფრთხილებს. არ დაუჯერებ და შარს ყოველთვის მოგდებენ”.
ამ ინფორმაციის გადამოწმება “ლიბერალმა” ისნის სადისპეჩეროში სცადა, თუმცა სადისპეჩეროს თანამშრომლები კომენტარისგან თავს იკავებენ.
ისანში მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე კახეთიდან მომავალი მსუბუქი ტაქსებიც ჩერდებიან, ჩვენ კახეთიდან რამდენიმე ადამიანის წამოყვანაზე შეთანხმება ვცადეთ. თავდაპირველად მსუბუქი ავტომობილის ერთ-ერთი მძღოლი დაგვთანხმდა კიდეც, თუმცა ჩვენს საუბარში სხვა მძღოლები ჩაერივნენ.
“ხომ იცი, რომ არ გამოგიშვებენ, რატომ პირდები?” - ჰკითხეს ტაქსისტს კოლეგებმა - “მაგათი აქცია სულ არ მაინტერსებს, უნდა ვიმუშაო” - უპასუხა მან. თუმცა მძღოლებთან მცირე კამათის შემდეგ უარი გვითხრა.
“ჯერ ჩემთვის არაფერი უთქვამთ, მაგრამ ვიცი, რომ მოვლენ - გვითხრა ერთ-ერთმა მძღოლმა, რომელიც კამათში აქტიურად მონაწილეობდა და ჩვენს მძღოლს მუშაობაზე უარის თქმა ურჩევდა, - დედოფლისწყაროელები უკვე გააფრთხილეს”
დედოფლისწყაროელმა მძღოლებმა გაფრთხილების ფაქტი დაადასტურეს, თუმცა ვინაობის დასახელებისგან მათაც თავი შეიკავეს.
"ასეთი ფაქტები გორში და მცხეთაშიც დაფიქსირდა, - ამბობს კოალიცია “ქართული ოცნების” პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე. მისი თქმით, დემონსტრაციების გამართვა ახლო მომავალში სხვადასხვა რეგიონშიც იგეგმება და კონკრეტულად ამ აქციისთვის ხალხი საგანგებოდ არ ჩამოჰყავთ. თუმცა მიიჩნევს, რომ “ვისაც სურვილი აქვს, წინააღმდეგობების მიუხედავად, აქციაზე მოსვლას მაინც შეძლებს”
ზურაბ ვარდიაშვილი