02.06.2012
ჩვენ გვაქვს სათქმელი
ნატუკა მხეიძე, მაშა ჩიღვინაძე, მარიამ თავართქილაძე, მარიამ მანჯგალაძე, სოფო ბაკურია, მარიამ ფალავანდიშვილი… ამ გოგონებმა სკოლა სხვა აბიტურიენტებთან ერთად დაასრულეს. თუმცა, ეს დასასრული განსაკუთრებულად გამოირჩეოდა.
ინტერნეტში დღემდე პოპულარულია ვიდეო, რომელიც კურსდამთავრებულებმა ბოლო ზარის აღმნიშვნელ ზეიმზე აჩვენეს. ამით სკოლის ცნობილი დირექტორი, ტარას შავშიშვილი გამოიწვიეს, თუმცა გამოწვევა საკუთარ თავზე მთელმა სისტემამ მიიღო.
ორწუთიან ვიდეოში მოსწავლეები სკოლაში არსებული გარემოს გამო ბედნიერებას გამოხატავენ, თუმცა, როცა კადრი იშლება, ვხედავთ, რომ დაჩოქილ, ხელ-ფეხ შეკრულ ბავშვებს ნიღბიანი და შეიარაღებული “ბანდიტები” მიათრევენ.
ამ ვიდეოთი მოსწავლეებს თავიანთ სკოლაში არსებული რეჟიმის გაშიშვლება სურდათ.
მოსწვლეებს მათი ერთ-ერთი მეგობრის სახლში შევხვდი. საატესტატო გამოცდები ახლახან დაასრულეს და უკვე ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან. მათ შორის ყველაზე უფროსი თვრამეტი წლისაა…
ამბობენ, რომ ვიდეოს გადაღება ყველას იდეა იყო, და ამით პროტესტის გამოხატვა სურდათ. მოსწავლეები ტარას შავშიშვილის (ტატოს) “დესპოტურ რეჟიმს” ვერ ეგუებოდნენ.
53-ე სკოლა ყველა მათგანს არ დაუმთავრებია, მათ უმრავლესობას კურსის დასრულებამდე ერთი სემეტრით ადრე სხვა სკოლაში გადასვლა მოუწია. “53-ე-ში თავს კარგად ვერ ვგრძნობდით, ისე ვერ ვიყავით, როგორც ადრე, ახალი დირექტორის მოსვლამ ყველფერი შეცვალა” დისკომფორტის მიზეზი სიმკაცრე არ ყოფილა - “წინა დირექტორიც მკაცრი იყო, თუმცა სამართლიანობის გამო პატივს ვცემდით”
გოგონებს განსაკუთრებით მიხეილ ალექსიძის სკოლიდან გაგდება აღაშფოთებთ. დირექტორმა პოლიცია გამოიძახა, გაიმართა სასამართლო პროცესები - “ეს ნამდვილი უბედურება იყო”
ვიდეო მხოლოდ ალექსიძის ამბის გასაპროტესტებად არ გადაუღიათ, “თუმცა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, ყველაფერი ერთად დაგროვდა.” “საკლასო ოთახების კარებებზე პატარა ფანჯრები დააყენეს, - ზუსტად ისე, როგორც ციხეში - ფანჯრები მანდატურებისთვისაა, რომ დროდადრო შეიხედონ და სიტუაცია აკონტროლონ”. მანდატურებთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონიათ, გარდა იმისა, რომ მათი ერთ-ერთი თანაკლასელი შელაპარაკების გამო სკოლიდან გააგდეს. ბავშვების თქმით, დირექტორი სკოლას “თავის დაწესებულებას” ეძახდა და პირად საკუთრებად მიიჩნევდა.
ჩიღვინაძის და ფალავანდიშვილის გარდა ყველას ჟურნალისტობა სურს, “ცოცხალი, აქტიური პროფესიაა, ბევრი თავგადასავალით” მაშას ხატვა უყვარს და არქიტექტორობას აპირებს, მარიამი კი ექიმობისთვის ემზადება. განიცდიან, რომ მასწავლებლებს და მოსწავლეებს თავიანთი აზრის გამოთქმის ეშიანიათ. გული იმის გამოც სწყდებათ, რომ სკოლაში აღარ უშვებენ, მათი თქმით დირექციას, “აქტიური და თავისუფალი ბავშვები თვალში არ მოსდის.”
მათი კლასი სწორედ ამ აქტიურობით გამოირჩეოდა, რაც სწორად არ მიაჩნდათ, აპროტესტებდნენ, საკუთარ კლასს მეგობრულ და ერთსულოვან ჯგუფად მიიჩნევენ. თავისუფალი დრო თითქმის არ რჩებათ. ბოლო წლის განმავლობაში მათი დღე სკოლაში წასვლით იწყებოდა, მერე ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად რეპეტიტორებთან მიდიოდნენ, საღამოს კი მეორე დღისთვის ემზადებოდნენ. ახლაც კერძო მასწავლებლებიდან მოვიდნენ. როცა დროს გამონახავენ, ცდილობენ ერთად გაატარონ.
იუთუბზე მთლიანი “ბოლო ზარის” ვიდეო დადეს. “მერე ვიღაცამ ამოჭრა და ასე გავრცელდა.” ასეთ გამოხმაურებას არ ელოდნენ, თუმცა, მოსწონთ, რა შედეგიც მიიღეს, – “მგონი, ხალხი გამოვაღვიძეთ” - სიცილით ამბობენ გოგონები.
რამდენიმე მათგანის ვინაობით პოლიცია დაინტერესდა “ასე გავიგეთ, რომ ჩვენი პირადობები, და მშობლების სამუშაო ადგილები აინტერესებდათ.” უშუალოდ მათთან არავინ მისულა. “თუმცა სულერთია, არ გვეშინოდა. ერთმანეთის იმედი გვქონდა!”
გოგონებს უხარიათ, რომ მათი პროტესტი ხალხმა კარგად მიიღო. “ყველანი გვამხნევებდნენ, გვაქებდნენ, ფეისბუქზე კომენტარებში უმრავლესობა მხარს გვიჭერდა. როგორც ჩანს, ბევრის სათქმელი და სწორედ ის ვთქვით, რის გამოხატვასაც უფროსი თაობა ვერ ბედავდა. სათქმელი კიდევ გვაქვს და როცა დრო მოვა თამამად ვიტყვით” - ისინი ზოგადად, საზოგადოების სათქმელს გულისხმობენ, “რომელსაც ახლა შიშის გამო ბევრი გულში იკლავს.”
აბიტურიენტები მომავალზე საუბრობენ: “გვინდა, აზრის გამოთქმის არ გვეშინოდეს, სამართლიანი გარემოში ვიცხოვროთ.”
გოგონები აცნობიერებენ, რომ პრობლემები მხოლოდ მათ სკოლაში კი არა, განათლების მთელ სისტემაშია “მაგრამ ჩვენ ჩვენი სკოლის რეჟიმი შეგვეხო, თან ისე, რომ კურსი 25 ბავშვიანი კლასიდან ამავე სკოლაში მხოლოდ ოთხმა დაასრულა”
მედიისა და საზოგადოების მოულოდნელმა ყურადღებამ მათ ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა “უფრო თამამები გავხდით, საკუთარ თავის შესაძლებლობების ვირწმუნეთ, ამ ამბავმა გამოცდილება შეგვმატა, რაც მთავრია, არ გვეშინია და თავს მარტოებად არ ვგრძნობთ. აღმოჩნდა, რომ არის ხალხი, ვინც გვერდით დაგვიდგება.”საათნახევრიანი ინტერვიუს დროს, სიტყვები, რომლებიც 17-18 წლის ახლადსკოლადამთავრებულმა ყველაზე ხშირად ახსენეს, სამართლიანობა და თავისუფლება იყო. მათი თქმით, ამ ღირებულებებისთვის ბრძოლას ხელმისაწვდომი მეთოდებით არასოდეს დაიზარებენ.
ირაკლი კაკაბაძე