04.06.2012
პატიმარი ვალერი ჯაფარიძე N17 დაწესებულებაში 28 მაისს გარდაიცვალა
“სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმარი ვალერი ჯაფარიძე მძიმედ იყო დაავადებული, რის გამოც, კანონმდებლობის თანახმად, გადავადება - გათავისუფლების მუხლი უნდა შეხებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, არ გაუთავისუფლებიათ”.
ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
პატიმრის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე იცავდა. ის N17 დაწესებულებაში 28 მაისს მივიდა, სადაც ჯაფარიძის გარდაცვალების ფაქტი შეატყობინეს.
რამდენიმე თვის წინ ვალერი ჯაფარიძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. სარჩელის მიხედვით, ჯაფარიძე დაკავების დღიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო. პატიმარი სარჩელში მიუთითებდა, რომ დაპატიმრების დროს ექვსმა პოლიციელმა სცემა. მათგან ერთ-ერთი მურთაზ ჭკადუა, პატიმარმა ამოიცნო. თუმცა, “დამნაშავე პირების გამოსავლენად და დასასჯელას ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულა.”
ნანუაშვილი ამბობს, რომ ჯაფარიძეს ადეკვატური მკურნალობა არ უტარდებოდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი პატიმრებისადმი გულგრილი და უყურადრებო დამოკიდებულებით შეშფოთებულია. ცენტრის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ “პატიმართა გახშირებული სიკვდილიანობისა და მძიმედ დაავადებული პატიმრებისადმი გამოჩენილი უყურადღებობის გამო დღის წესრიგში სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს თანამშრომლების, მათ შორის მინისტრ ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს”
ირაკლი კაკაბაძე