06.06.2012
მძღოლების თქმით, „მარშუტკებში“ რადიოებს თიშავენ
სამარშუტო ტაქსების მძღოლებს დღეს დილით რადიო გათიშული დახვდათ. მძღოლების თქმით, რადიოები უბრალოდ აღარ ირთვება. ისინი მომხდარს „პოლიტიკურად“ აფასებენ - ამის შესახებ „ლიბერალი“ მძღოლებს ესაუბრა.
„ღამით დიღომში სადგომზე ვაჩერებთ „მარშუტკას“. ადმინისტრაციამ გვითხრა, კარები ღია დატოვეთო და დილით, რომ მოვედით რადიოები გათიშული დაგვხვდა“ - გვეუბნება ერთ-ერთი მძღოლი.
„მე ვიცოდი, რომ რადიო უნდა გაეთიშათ. ასე თქვეს, რაღაც ტექნიკური პრობლემები იქმნებაო. ფულის გადახდისას, რომ ეკრანია დამონტაჟებული, თითქოს იმის მუშაობას უშლის ხელს“, - საუბარში ერთვება მეორე მძღოლი.
„უკვე რამდენი ხანია ჩვეულებრივ მუშაობდა და ახლა გაახსენდათ ტექნიკური პრობლემები?! წინასაარჩევნოდ, არ აწყობდათ, რომ „მარშუტკაში“ ძირითადად „რადიო მაესტრო“, „პალიტრა“ და „უცნობი“ იყო ჩართული“, - ამბობენ მძღოლები.
ზოგიერთ სამარშუტო ტაქსიში რადიო ისევ მუშაობს. მძღოლების ვარაუდით, გუშინ მათ სამარშუტო ტაქსებში რადიოების გათიშვა ვერ მოასწრეს.
„ერთეულებს გვაქვს დარჩენილი. ალბათ, დღეს გამითიშავენ.“
მძღოლები პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ.
შპს „თბილისის მიროავტობუსში“ „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
ზვიად დევდარიანი