12.06.2012
ირან-ისრაელის ბირთვული კონფლიქტი და საქართველო
სირიის კონფლიქტისა და ფინანსური კრიზისის გარდა, ევროპა კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დგას, რომელმაც, შესაძლოა, მალე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ისევ მიიპყროს - საქმე ირანის ბირთვულ პროგრამას ეხება. კონფლიქტის გამწვავებამ, შეიძლიება, გავლენა არამარტო ახლო აღმოსავლეთზე, არამედ, სამხრეთ კავკასიაზეც იქონიოს.
ირანი და დასავლეთი ბირთვული პროგრამის გამო, უკვე წლებია, დავობენ. თეირანი ამ პროგრამას „მშვიდობიანს" უწოდებს, თუმცა ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები ეჭვობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავს.
ეს კამათი 2011 წლის ნოემბრიდან გამწვავდა, როდესაც, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც ეწერა, „ირანის ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ სამხედრო ქარხანა, „პარჩინში", ატომურ იარაღზე მუშაობენ". გარდა ამისა, გაერთიანებული სახელმწიფოების ბირთვულმა ინსპექტორებმა თებერვლის ბოლოს განაცხადეს, რომ წმინდა ქალაქ კუმთან ახლოს, მთაში, მიწისქვეშა ქარხანაში, ირანი უფრო და უფრო სწრაფად მუშაობს ბირთვული საწვავის შექმნაზე. ეს ქარხანა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ფორდო, უფრო მეტადაა დაცული, ვიდრე სხვა ობიექტები, შესაბამისად მისი განადგურება, შესაძლოა, ძალიან რთული იყოს.
შედეგად, ევროკავშირმა და აშშ-მ გადაწყვიტეს, ივლისის შუა რიცხვებიდან ირანისათივის სანქციები გაემკაცრებინათ. გარდა ამისა, აპრილის შუა რიცხვებში მოლაპარაკებები დაიწყო სტამბულში, 24 მაისს ბაღდადში გაგრძელდა, თუმცა ორივე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. საბოლოოდ კი, მოსკოვში, 18-19 ივნისის შეხვედრაზე მხარეები მოლაპარაკებების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
„რუკიდან ისრაელის გაქრობაზე" ირანელი დიპლომატების განცხადებების შემდეგ, ეჭვი გაჩნდა, რომ ბირთვულ პროგრამაზე, შესაძლოა, ისრაელიც მუშაობდეს. ბოლო თვეების მანძილზე ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის, შეუტიოს ირანის ბირთვულ ობიექტებს მანამ, სანამ ისინი ბომბს შექმნიან.
„ირანი მიისწრაფის, იყოს ბირთვული ენერგიის მფლობელი სახელმწიფო, თუმცა, არ არსებობს პასუხი, გამოიყენებს თუ არა იგი ამ ენერგიას სამხედრო მიზნებისათვის. გარდა ამისა, საერთაშორისო საზოგადოება, კერძოდ, საერთაშორისო ატომური სააგენტო საქმეში ბოლომდე ვერ ერთვება, რაც საკმაოდ დამაფიქრებელია" - ამბობს საქართველოს უშიშროების საბჭოს მოადგილე, ბათუ ქუთელია. იგი იმედოვნებს, რომ რომ დიპლომატიური მოალაპარაკებები შედეგს გამოიღებს და სიტუაცია რეგიონში არ გამწვავდება.
მზარდმა დაძაბულობამ, ბოლო თვეების განმავლობაში, უკვე იქონია გავლენა სამხრეთ კავკასიაზე. ბაქო-ირანის უკვე გართულებული ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა და ისრაელმა თანამშრომლობის გაფართოვების შესახებ განაცხადეს.
თებერვლის ბოლოს ისრაელმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანი მისგან ადგილობრივი წარმოების იარაღს 1.6 მილიარდ დოლარად ყიდულობდა. მათი განცხადებით, იარაღი მოიცავდა თვითმფრინავებს, საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო სისტემებს. თუმცა ექსპერტების განცხადებით ეს იარაღი უფრო სომხეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად უნდა ყოფილიყო მიმართული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, შესაბამისად, ირანთან მშვიდობიანი ურთიერთობა შენარჩუნდებოდა. მარტის ბოლოს კი ამერიკულმა ჟურნალმა, „Foreign Policy-მა" ივარაუდა, რომ აზერბაიჯანმა, შესაძლოა, ირანზე თავდასხმისათვის ისრაელს თავისი საჰაერო სივრცე დაუთმოს.
თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აზერბაიჯაინ ისრაელთან კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებს, მისი მთავრობა ისე ირანის პროვოცირებაზე არ წავა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ასევე, პრეზიდენტ ალიევის მრჩეველი, ნავრუზ მამედოვი ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცის დათმობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს: „ყველამ იცის, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება" - იგი განმარტავს, რომ კონსტიტუციის მიხედვით აზერბაიჯანს არ აქვს უფლება, თავისი ტეროტორია სხვა ქვეყნების საჰაერო სამხედრო ბაზებად აქციოს.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ფიქრობს, რომ გარდა აზერბაიჯანისა, ისრაელს მოუწევდა თურქეთისა და საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთაც: „სამხედრო თვითმფრინავებს არავინ მისცემს მსგავს უფლებას - ერთადერთი, ვისაც ეს შეუძლია, აშშ-ა, რადგან მას ზღვაში ჰყავს ავიაცია" - ამბობს თევზაძე, თუმცა გამორიცხავს, რომ აშშ-მ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს.
ირანზე სამხედრო თავდასხმის შესაძლო ვარიანტები საკმაოდ დამაფიქრებელია: აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი, ნავრუზ მამედოვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი ირანთან მოლაპარაკებების მშვიდობიანი გადაწყვეტის მომხრეა: „სამხედრო იტერვენცია, კატასტროფული იქნება არამარტო აზერბაიჯანისათვის, არამედ, ზოგადად" - ამბობს მამედოვი.
ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ სიტუაციის გამწვავება სერიოზულ კრიზისს გამოიწვევს: „რა თქმა უნდა, არავის უნდა მსგავსი კრიზისი, განსაკუთრებით კი საქართველოს, რომლის უსაფრთხოება საკმაოდ არამყარია" - ამბობს ქუთელია და დასძენს - „რუსეთის ფედერაციის სამხედრო მაღალინოსნებისაგან ბოლო დროს ვისმენთ განცხადებებს, ირანთან სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში საქართველოში შესაჭრელად, რომ გიმრში თავიანთ სამხედრო ბაზამდე მივიდნენ". მისი თქმით, ეს განცხადებები პროვოკაციული და უპასუხისმგებლოა, თუმცა, საკმაოდ დამაფიქრებელი.
13 თებერვალს, თბილისში, ისრაელის საელჩოსთან მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოცენამ აჩვენა, რომ საქართველო, შესაძლოა, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტში ჩართული აღმოჩნდეს. იმავე დღეს, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა ინდოეთის დედაქალაქში, ნიუ დელიშიც, რის შემდეგადა ებრაელი დიპლომატის ცოლთან ერთად სამი ადამიანი დაიჭრა. ისრაელმა ამაში ირანის მთავრობა დაადანაშაულა, თუმცა თეირანმა ბრალდება უარჰყო.
ჯერჯერობით არ არის გარკვეული, თუ ვინ არის თბილისში, ისრაელის საელჩოსთან აღმოჩენილ ბომბზე პასუხისმგებელი. ბათუ ქუთელიას თქმით, ფაქტს ჯერ კიდევ იძიებენ: „სიტუაციას ისრაელის სადაზვერვო ძალებთან და ჩვენს სხვა პარტნიორებთან ერთად ვაკონტროლებთ. მსგავსი პარტნიორობის პირობებში ასეთი შემთხვევების გამეორების შანსი საგრძნობლად მცირდება" - ამბობს ქუთელია. გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გამოძიებამ უცხოელების კვალი აღმოაჩინა, თუმცა დეტალების შესახებ არაფერი უთქვამს.
არსებობს ვარაუდები იმის შესახებ, რომ ტერორისტულ აქტებს ხელი საქართველოს მხრიდან ლიბერალური სავიზო რეჟიმის შემოღებამ შეუწყოს. მაგალითად, ირანის მოქალაქეებს უფლება აქვთ, ვიზის გარეშე 45 დღე დაჰყონ ქვეყანაში. ბათუ ქუთელიას თქმით, გამოცდილება აჩვენებს, რომ სავიზო რეჟიმის გამკაცრება არ იძლევა მსგავსი საფრთხისაგან თავის დაზღვევის გარანტიას. „არსებობს ბევრი ხერხი, რომელიც ბევრად უკეთ მუშაობს, ვიდრე ბიუროკრატიული ბარიერები" - ამბობს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. მისი თქმით, ბიუროკრატიული სავიზო რეჟიმები, ზოგჯერ თვითონვე უწყობენ ხელს პრობლემების შექმნას: „ჩვენს შემთხვევაში არალეგალური საქმიანობის აღკვეთის ყველაზე კარგი საშუალება ისაა, რომ ქვეყანა ყველასათვის ღია იყოს."
დავით თევზაძის აზრით, ირანთან ბირთვული კონფლიქტისგადაწყვეტის ყველაზე კარგი გზა დიპლომატიური მოალარაკებებია. „დიპლომატიაში გადაუჭრელი პრობლემის გამო ომის დაწყება არ არსებობს. თუ დღეს ვერ გადაჭერი, ხვალ გადაჭრი და ეს იმდენ ხანს გაგრძელდება, სანამ რომელიმე მხარე არ იგრძნობს, რომ იმდენად ძლიერია, შეუძლია, რამე აქტივობა დაიწყოს" - ამბობს თევზაძე.
კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის შესაძლებლობებზე, ირანის წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო შეხვედრაზე, მოსკოვში, 18 ივნისს იმსჯელებენ.
ირაკლი კაკაბაძე