14.06.2012

ნახევარი საათი - მეტი კომფორტისთვის

 

განათლების მინისტრის განცხადებით, წელს პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდების გამარტივება არ იგეგმება - ამის შესახებ დიმიტრი შაშკინმა 12 ივნისს „პრაიმ თაიმის" პრესს კლუბში განაცხადა.

 

„მე არ მითქვია, რომ გამოცდები უნდა გამარტივდეს. მე ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გამოვიყენებ ჩემი პირველი მოადგილის ციტატას, რომ ჩვენ მასწავლებლებს მაქსიმალური კომფორტი უნდა შევუქმნათ" - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

თუმცა, როგორც მინისტრის საუბრიდან ირკვევა, მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებში ცვლილებები მაინც შევა. გამოცდებისთვის განსაზღვრული დრო ნახევარი საათით გაიზარდება.

„ძალიან ბევრი ასაკოვანი წარჩინებული მასწავლებელი გვყავს. მე მგონი დამეთანხმებით, რომ 60-65 წლის ასაკში მყოფ ადამიანს უფრო მეტი დრო სჭირდება. ბოლოს და ბოლოს უფრო ცუდად ხედავს ვიდრე 30 წლის პედაგოგი. მე არ ვთვლი, რომ რამე შეიცვლება იმით, რომ პედაგოგს ექნება ნახევარი საათი მეტი დრო. ეს კატასტროფას არ გამოიწვევს" - აღნიშნა მინისტრმა

დიმიტრი შაშკინმა  მაია მიმინოშვილთან კამათი გაიხსენა და აღნიშნა, რომ გამოცდების ეროვნულ ცენტრს ტესტებში ისეთი საკითხების შეტანა სურდა, რისი ცოდნაც პედაგოგს არ მოეთხოვება. „ასეთი საკითხების შეტანის მცდელობა იყო და დიდი ჭიდაობის შემდეგ ამოვიღეთ"- თქვა დიმიტრი შაშკინმა.

მინისტრის განცხადებით, რადგან პედაგოგებს გამოცდებისთვის გია მამულაშვილის ცენტრის ექსპერტები ამზადებენ, საგამოცდო საკითხების შერჩევაც მათი კომპეტენცია.

„გია მამულაშვილის ცენტრი ამაზადებს პედაგოგებს. ცენტრის ექსპერტები ამბობენ, რა უნდა ვკითხოთ პედაგოგებს. არავის არ აქვს უფლება, რომ დაამატოს კიდევ რაღაც. პედაგოგს უნდა ვკითხოთ ის, რაც მათ უნდა იცოდნენ"- განაცხადა მინისტრმა.

გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის ტესტებს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მიხედვით ადგენს.

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი 2008 წლის 21 ნოემბერს გია ნოდიას მინისტრობის დროს მიიღეს. 126 გვერდისგან შემდგარ დოკუმენტში პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, ღირებულებებისა და ვალდებულებების ჩამონათვალია, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა მასწავლებელი.

მასწავლებელთა სასერთიფიციკაციო გამოცდები პირველად 2010 წელს ჩატარდა. 2010 წელს, გამოცდაზე 10,000 -ზე მეტი პედაგოგი გავიდა. სერთიფიკატი 1200- პედაგოგმა აიღო. 2011-ში 22, 000 პედაგოგი გავიდა, - სერთიფიკატი 2500 აიღო.

წელს სასერთიფიკაციო გამოცდაზე  41000 პედაგოგი დარეგისტრირდა. რეგისტრაციის დასრულებამდე გავრცელდა  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პედაგოგებს რეგისტრაციის გავლას აიძულებდნენ. აღნიშნული ინფორმაცია „ლიბერალთან" საუბარში  55-ე საჯარო სკოლის პედაგოგმაც დაადასტურა.

მასწავლებელთა სასერთიფიციკაციო გამოცდები პირველად 2010 წელს ჩატარდა. 2014 წლამდე სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა ნებაყოფლობითია, 2014 წლიდან კი ყველასათვის სავალდებულო იქნება.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
მეტი

ამავე ავტორისგან