19.06.2012

პრეზიდენტის დაპირებას არარეალურს უწოდებენ

 

"საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი" პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა და შეაფასა, როგორც "არარეალური".

 

14 ივნისს ბათუმში მიხეილ სააკაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევაზე ისაუბრა. "საქართველოს განვითარების ინსტიტუტი" კი ამ პირობის რეალურად განხორციელებას, მმართველი გუნდის პოლიტიკიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ აყენებს.

ინსტიტუტის ჯანდაცვის დეპარტამენტის თავჯდომარემ, ელენე აზმაიფარაშვილმა მთავრობის შემუშავებული ჯანდაცვის სახელმწიფო სტრატეგია გააკრიტიკა, რადგან ის, დაპირების მიუხედავად, მოსახლეობის ნახევარს დაზღვევის გარეშე ტოვებს. ,,2011-2015 წლების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში პენსიონერების, 0-6 წლამდე ბავშვების, სტუდენტებისა და უნარშეზღუდული პირების სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში ჩართვის შედეგადაც კი, მოსახლეობის ნახევარი მაინც დაზღვევის მიღმა დარჩება”- ამბობს ის.

,,ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული სტრატეგიის შედეგად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულთა სრული როდენობა 2012 წლის 1 სექტემბრისთვის იქნება 2 081 300 მოქალაქე, ანუ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 46%.” - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში. ეს რიცხვი, ორგანიზაციის მიხედვით, კერძო და კორპორატიული დაზღვევის დამატებით ყველაზე ოპტიმისტურ შემთხვევაში 52 %-მდე გაიზრდება, მოსახლეობის ნახევარი კი კვლავაც ჯანდაცვის გარანტიების გარეშე დარჩება.

კვლევით ინსტიტუტს გამოსავლად ჯანდაცვის სისტემის ძირეული გარდაქმნა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით, უნივერსალური ჯანმრთელობის დაზღვევა მიაჩნია, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო ყველა მოქალაქის დაზღვევაზე იზრუნებს. აზმაიფარაშვილის თქმით ჯანდაცვის სფეროში სწორედ სახელმწიფომ უნდა განახორციელოს სუბსიდირება.

აზმაიფარაშვილი ხაზს უნივერსალური ჯანდაცვის სიიაფეს უსვამს - როდესაც ყველა მოქალაქის დაზღვევა ხდება, მაშინ პროგრამა გაცილებით იაფი ჯდება და მეტად ეფექტურია. მისი თქმით, მმართველ გუნდს უბრალოდ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემის დანერგვის პოლიტიკური ნება არ აქვს და ის ლიბერალურ-დერეგულაციურ პოლიტიკას ატარებს, რისი შედეგიც ხელმიუწვდომელი ჯანდაცვაა. ,,წამყვანი ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ თავისუფალი ბაზრის პრინციპი ჯანდაცვის სფეროში ვერ იმუშავებს, სანამ სახელმწიფო რეგულაციები არ მოაწესრიგებს სისტემას” - ამბობს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავჯდომარე.

"საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი" ამჟამად ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემების დეტალურ ანალიზს ამზადებს, რომლის საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებსაც საზოგადოებას ახლო მომავალში წარუდგენს.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ანა ნაცვლიშვილი

    ღმერთს - ღვთისა, კეისარს - კეისრისა

    საქართველოში  ბოლო წლებში უამრავმა ადამიანმა საკუთარ ტყავზე და საკუთარ ოჯახზე გამოსცადა ძალადობაც და უმცირესობაში ყოფნაც, მათ შორის პოლიტიკურ უმცირესობაში, როცა განსხვავებულად ფიქრის გამო...

  • ირაკლი კაკაბაძე

    ფაშიზმის ლანდი საქართველოში

    17 მაისს ჩვენ ისევ ისე მძლავრად დაგვიბრუნდა ფაშისტური იდენტობის პოლიტიკა - სადაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კლავენ, ისვრიან, კბენენ და არავითარი სოლიდარობა არ არის. არის...

  • ზვიად დევდარიანი

    17 მაისი – ევროპის დაისი

    სასულიერო ხელისუფლება გრძნობს საკუთარ უპირატესობას საერო ხელისუფლებაზე და ჯერი საერო ხელისუფალზეა. თუ 17 მაისის აქციის დამრბევები არ დაისჯებიან და არ გადაიხედება საერო და სასულიერო ხელისუფლების...

მეტი