19.06.2012
ვინ იყიდა „მადნეული“ და „კვარიციტი“?
სააქციო საზოგადოება „მადნეულისა“ და შპს „კვარციტის“ გაყიდვის შესახებ რუსულმა კომპანია „ჯეოპრომაინინგმა“ 14 ივნისს საკუთარ ვებ -გვერდზე ოფიციალურად გამოაცხადა.
„ჯეოპრომაინინგმა“ „მადნეული“ და „კვარიციტი“ 120 მილიონ დოლარად გაყიდა. პრეს-რელიზში არაა მითითებული, თუ ვინ შეიძინა კომპანიის აქტივები.
„ლიბერალის“კონფიდენციალური წყაროს ცნობით, აქტივები რუსულმა საინვესტიციო კომპანია NevaRus-მა შეიძინა.
გუგლის საძიებო სისტემაში კომპანია NevaRus-ის საპროფაილო საიტი არც რუსულ და არც ინგლისურ ენებზე არ იძებნება. „ლიბერალის" წყაროს ცნობით, კომპანიის აქციონერები რუსი ბიზნესმენები: დიმიტრი კორჟევი და დიმიტრი ტროიცკი არიან.
48 წლის რუს ბიზნესმენ დიმიტრი კორჟევს ჟურნალ „ფორბსში" საკუთარი პროფაილი აქვს. მის პოტრფოლიოში მოხსენებულია დიმიტრი ტროიცკიც. მასალაში ნათქვამია, რომ ორი რუსი მილიონერი სტუდენტობის წლებიდან ბიზნეს-პარტნირები არიან.
დიმიტრი ტროიცკის სახელი ქართულ საჯარო რეესტრშიც ფიგურირებს. 2012 წლის 7 ივნისს, დიმიტრი ტროიცკი, ზურაბ ქუთელიასთან და ვახტანგ ფარესაშვილთან ერთად, „მადნეულის“ სამთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა.
სააქციო საზოგადოება „მადნეულის“ და „კვარიციტის“ ყოფილი დირექტორი გიორგი დევაძე 14 ივნისიდანაღარაა კომპანიის დირექტორი.
„ლიბერალის“ წყაროს ცნობით, „მადნეულის“ ახალ მენეჯმენტში ფინანსური მენეჯერის თანამდებობას „ჯეო-პრო მაინინგის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ლაშა ახალაძე დაიკავებს.
რატომ გაყიდა „ჯეოპრომაინინგმა“ ქართული აქტივები?
„ჯეო-პრო მაინინგმა“ აქტივების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია 2012 წლის 14 ივნისს საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომან ხუდოლიმ, განაცხადა: „ბოლო თვეებია, რაც ჩვენი ქართული აქტივების მონეტიზაციას ვცდილობთ და სიამოვნებით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ჩანაფიქრი ბოლოსდაბოლოს, სისრულეში მოვიყვანეთ."
ხუდოლის თქმით, მათი ამჟამინდელი პრიორიტეტი უფრო სომხეთში ინვესტირებაა, ვიდრე საქართველოში.
„ჯეო-პრო მაინინგმა“ „მანდეული“ და „კვარციტი“ 2005 წელს შეიძინა. მათივე ოფიციალური განცხადებით, იმ მიზნით, რომ კავკასიაში ოქროს მთავარი მომპოვებელი გამხდარიყო.
2012 წელს კი, „ჯეო-პრო მაინინგმა“ კომპანია საკუთარი ნებით გაყიდა. ამის მიზეზი კომპანიის სტრატეგიის შეცვლა იყო:
„ჯეო-პრო მაინინგმა“ გადაწყვიტა, რომ საქართველოს სამთო მოპოვების ბიზნესიდან წასულიყო და ძირითადი ყურადღება სომხეთსა და რუსეთზე გადაეტანა. ქართული წილების გაყიდვის მიზეზად კომპანია იმ ფაქტს ასახელებს, რომ 2011 წელს საქართველოს მთავრობამ მას წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები ჩამოართვა.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, ლიცენზიის ჩამორთმევის მიზეზად სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა დაასახელა.
ლიცენზიის გაყიდვის ტენდერში „ჯეო-პრო მაინინგს“ მონაწილეობა არ მიუღია. მიზეზი 14 ივნისს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში არ ცხადდება. რელიზში ნათქვამია, რომ ლიცენზიის ჩამორთმევა მათი წასვლის გადამწყვეტი მიზეზი იყო.
ჩამორთმეული ლიცენზიებიდან ერთ-ერთი, 2011 წლის 3 ოქტომბერს, 93.5 მილიონ ლარად „კავკასიის სამთო ჯგუფმა“ შეიძინა. მეორე ლიცენზია კი - 110.5 მილიონ ლარად, შპს Mining Investment-მა.
ნინო ბექიშვილი