25.06.2012
მიტოვებული იფნარა
შარშან თეთრიწყაროს რაიონის სოფელ იფნარაში წვიმების შედეგად ხელოვნური წყალსაცავი ლიპა ადიდდა და ჯებირი გადმოანგრია. წყალმა სოფლებს შორის დამაკავშირებელი ხიდები წაიღო. განადგურდა ნათესები, დაიხრჩო შინაური ფრინველი და ცხოველი.
„დღემდე სველი და ნახევრად გადახსნილია სახლის კედლები, მაგრამ სტიქიის შემდეგ ჩვენი მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა"- ამბობს დალი ქედელიძე. ის იფნარაში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს.
სოფელში მოვარდნილმა ღვარცოფმა ქედელიძეს ნათესები გაუნადგურა, დაენგრა პურის საცხობი ფურნე.
სტიქიის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა სტიქიით დაზარალებულ ცხრა ოჯახს 100-100 ლარის ოდენობის კომპენსაცია გამოუყო.
"100 ლარი არაფერში გვეყოფოდა და ამის გამო, ერთმა ოჯახმა დახმარებაზე უარიც კი თქვა, მაგრამ მე ეს ფული ავიღე, ისეთ გაჭირვებაში ვიყავი, აღარც კი ვფიქრობდი თანხის ოდენობაზე, ოღონდ ლუკმა პურის ფული გვქონოდა"- ყვება ქედელიძე.
დალი ქედელიძე მეზობელ სოფელში ბუნების მასწავლებლად მუშაობს, იფნარაში სკოლა არაა, ირაგაში შვილებთან ერთად დაქირავებულ სახლში ცხოვრობს.
ოჯახში ერთადერთია, ვისაც შემოსავალი აქვს, თუმცა მისი თქმით, 75-ლარიანი ხელფასის ნახევარი ქირასა და გზაში ეხარჯება. მეუღლე საქონელს უვლის და ამით არჩენს ოჯახს.
„აქ სკოლა არაა, ამიტომ შაბათ-კვირის გარდა ცხოვრება შვილებთან ერთად სხვა სოფელში მიწევს. ოჯახში მარტო მე ვმუშაობ. ჩემი შემოსავალიც რამდენ რამეში უნდა მეყოს? ნახევარზე მეტი მარტო ქირაში მეხარჯება. მეუღლე საქონელს უვლის და თავი ამით გაგვაქვს"- აღნიშნავს ქედელიძე.
30-ლარიანი სოციალური დახმარება მარნეულის რაიონიდან მისულმა სოცაგენტებმა ორი წლის წინ მოუხსნეს.
„როდესაც სოცაგენტები გადამოწმებაზე მოვიდნენ, ბოსელში ერთი ავადმყოფი ხბო მება, რომელიც მალევე მომიკვდა. ასევე, იმ დროს მეზობლის ვირი გვყავდა მოყვანილი, შეშას ვეზიდებოდით ხოლმე. სოცაგენტმა ბოსელი დასვრილი რომ ნახა, მიმტკიცებდა, პირუტყვი გყავთო და ამ მიზეზით სოციალური დახმარება შემიჩერეს"- ამბობს ქედელიძე.
იფნარაში 10-მდე კომლი ცხოვრობს და მათგან მხოლოდ ერთი ადამიანი სარგებლობს სოციალური დახმარებით. გარდა ამისა,. წყალი სოფლიდან ერთი კილომეტრის მოშორებით არის. მოსახლეობა დღეში რამდენჯერმე გადის ამ გზას.
აქ ყვებიან, რომ შარშან სოფლის პროგრამის ფარგლებში წყლისთვის გარკვეული თანხა გამოიყო. წყალსადენის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო, რამდენიმე „მატორი" დაიდგა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ თანხა მთლიან სამუშაოებს ვერ გასწვდა და შუა გზაზე გაჩერდა. გამგეობა მოსახლეობას შეპირდა, რომ თანხას განმეორებით გამოყოფდა, მაგრამ ჯერ არაფერი შეცვლილა.
" წყლის გაგონებაზე ბავშვები გვემალებიან უკვე. პატარები არიან, დღეში რამდენჯერმე, ამხელა გზაზე, წყლის ბოთლებით ტარება ეზარებათ. ძალიან ვწვალობთ"- ამბობს დალი ქედელიძე.
სოფელში არაა მაღაზია, აქ მაცხოვრებლები პროდუქტის საყიდლად რაიონში გადადიან.
კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც სოფლის მოსახლეობა საუბრობს, საერთო გამრიცხველიანებაა. სოფელში ერთი, საერთო მრიცხველია, ელექტროენერგიაზე მთლიანად დახარჯულ თანხას ოჯახების რაოდენობაზე ყოფენ და ასე, ერთნაირ თანხას იხდის თითოეული მათგანი.
„ახლა სამღერეთში ინდივიადუალურ გამრეცხველიანებას იწყებენ. ის გაცილებით დიდი სოფელია და იგივე პრობლემა აქვთ, ჩვენი სოფლის 10-მდე ოჯახი რა გაუხდათ, არ ვიცი. არასამართლიანი გადახდის სისტემაა. მე რომ მთელი დღე ეკონომიას ვაკეთებ და ღამე ერთი ნათურით ვარ, სხვა კი ამ დროს შეიძლება პურს „პლიტაზე" აცხობდეს, რატომ უნდა გადავიხადო მისი დახარჯულიც?"- ამბობს იფნარას მცხოვრები ნელი კაკუბერი.
იფნარაში ადრე ეთნიკური ოსები ცხოვრობდნენ. 1990-იან წლებში, როცა საქართველოს პრეზიდეტნმა გამსახურდიამ საქართველოს ტერიტორიიდან ოსების მასობრივი დევნა დაიწყო, მოსახლეობა ჩრდილო ოსეთში გადასახლდა და საცხოვრებელი ადგილები მიატოვა.
სოფელი თეთრიწყაროს რაიონს ეკუთვნის და ახლა აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან ჩამოსახლებული ოჯახებითაა დასახლებული. სოფლელები იმასაც ყვებიან, რომ ერთ-ერთი სახლი და მასთან ახლოს მდებარე რვა ჰექტარი მიწა "იმედის" გენერალურ დირექტორს გიორგი არველაძეს ეკუთვნის, სადაც მას აზერბაიჯანელი ოჯახი ჰყავს შესახლებული და მესაქონლეობას ეწევა. სოფელი უკიდურეს გაჭირვებაშია და მუნიცუპალიტეტიდან დახმარებას ელის.
"იქნებ თქვენი საშუალებით მაინც მივაწვდინოთ ვინმეს ხმა. როდემდე შეიძლება ასეთ გაჭირვებაში ყოფნა? ყველაზე მეტად ბავშვები მეცოდებიან, ასეთ მიტოვებულ ადგილზე ან რა უნდა ისწავლონ, ან როგორ უნდა განვითარდნენ. არადა, აღარ მინდა ჩემმა შვილებმაც ჩემსავით გაჭირვებაში იცხოვრონ!"- ამბობს დალი ქედელიძე და თავის ყოველდღიურ საქმეს უბრუნდება.
ირაკლი კაკაბაძე