26.06.2012
პატიმრების ცემა მკურნალობის ნაცვლად
გლდანში მდებარე ციხის საავადმყოფოს, ე.წ. "რესბალნიცას", სადაც პატიმრები სამკურნალოდ გადაჰყავთ, არასათანადო მოპყრობის ადგილად არა ერთი მსჯავრდებული ასახელებს. ვაჟა ცხვედიანი, ალექსანდრე თოლორდავა, გიორგი ავსაჯანიშვილი, ზურაბ ბულბულაშვილი - პენიტენციური სისტემის ამ თანამშრომლებს პატიმრები ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. ისინი ამჟამად ციხის საავადმყოფოში აღარ მუშაობენ, თუმცა პენიტენციური სისტემის სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლებად რჩებიან.
გიორგი ოქროპირიძის საქმე
2011 წლის 1 დეკემბერს პატიმარი გიორგი ოქროპირიძე N1 საპყრობილიდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 23 წლის გიორგი ოქროპირიძე C ჰეპატიტით არის დაავადებული და რამდენიმე დღეში მკურნალობის კურსი უნდა დაეწყო.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებისათვის მიცემულ ჩვენებაში ის აღწერს, რომ სამკურნალო დაწესებულებაში შესვლისთანავე მას ციხის თანმშრომლებმა, სარეჟიმო სამსახურის უფროსმა ალექსანდრე თოლორდავამ და უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შეუარცხყოფის მიყენება დაუწყეს:
„მიწოდებდნენ ინტრიგანს, ვინაიდან საჩივრით მაქვს მიმართული ევროსასამართლოსთვის. გიორგი ავსაჯანიშვილმა მკითხა, რა სასჯელი მქონდა და რისთვის ვიყავი გადმოყვანილი სამკურნალო დაწესებულებაში. მითხრა, რომ დროებით გაქვს 13 წელი და დროებით გაქვს C ჰეპატიტიო და დამემუქრა სასჯელის დამატებით, ხერხემლის დაზიანებით და კიდევ სხვა დაავადებების შეყრით. მე ვკითხე, თუ რით დავიმსახურე შეურაცხყოფა, რაზეც მიპასუხეს, რომ სტრასბურგითო".
გიორგი ოქროპირიძემ C ჰეპატიტზე მკურნალობის პირველი ინექცია 21 დეკემბერს გაიკეთა. მისი თქმით, მკურნალობის დაწყებიდან მეორე დღეს დაწესებულების რეჟიმის უფროსმა, ალექსანდრე თოლორდავამ და უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გიორგი ავსაჯანიშვილმა სცემეს.
„22 დეკემბერს დილას იღება ჩემი საკნის ე.წ "კორმუშკა" და მეძახის ექთანი ნანა, რომელმაც მითხრა, რომ უნდა დამელია წამალი. მე ვუთხარი, რომ ჯერ საუზმე არ იყო დარიგებული და ამ პრეპარატის მიღება საჭირო იყო საკვების მიღების შემდეგ. ექთანი ლანძღვით გაბრუნდა და მითხრა, რომ საერთოდ არ მომიტანდა წამალს. ამ დროს საკანში გინებით შემოვარდა ალექსი თოლორდავა, რომელმაც გაშლილი ხელი დამარტყა კეფაში, გამიყვანა საკნიდან და შემიყვანა საორდინატოროში, სადაც კვლავ რამდენჯერმე გამარტყა და მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა".
გიორგი ოქროპირიძე ციხეში მოხვედრამდე სპორტს მისდევდა და წყალბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო. დღეს სასჯელს მკვლელობისა და ხულიგნობის მუხლებით იხდის და 13 წელი აქვს მისჯილი. თუმცა, იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.
ოქროპირიძის ადვოკატი, არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტი სოფიო ალექსიძე ოქროპირიძის წამებას სწორედ სტრასბურგში შეტანილ სარჩელს უკავშირებს.
„ფაქტია, რომ მას შემდეგ დაიწყო გიორგის მიმართ ცემის ფაქტები, რაც სტრასბურგმა დასაშვებად სცნო საჩივარი და დაევალა მთავრობას შესაბამისი პასუხების გაგზავნა. სახელმწიფო ამ გზით ცდილობს პატიმრების დაშინებას და მუქარის მეშვეობით აიძულებენ პატიმრებს გამოიხმონ საჩივარი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოდან", - ამბობს ადვოკატი.
გიორგი ოქროპირიძე სახალხო დამცველის წარმომადგენლისათვის მიცემულ ჩვენებაში წერს, რომ მის ცემაში უშუალოდ მონაწილეობდნენ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ავსაჯანიშვილი და სარეჟიმო სამსახურის უფროსი ალექსი თოლორდავა. სოციალური სამსახურის უფროსი ზურაბ ბულბულაშვილი კი, პატიმრის თქმით, მისგან ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით წესრიგის დარღვევის არჩადენილი ფაქტების აღიარებას მოითხოვდა.
[pagebreak]
„ვინაიდან ადმინისტრაციას სურდა დაეფარა მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მან დაიწყო დისციპლინური საქმის წარმოება გიორგი ოქროპირიძის მიმართ და 22 დეკემბერს შეუფარდა დაწესებულებაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 30 დღით,ხოლო მეორე დღეს 23 დეკემბერს კი - ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღის ვადით", ამბობს ადვოკატი სოფიო ალექსიძე.
განკარგულებაში, რომლის საფუძველზეც დაწესებულების ადმინისტრაციამ ოქროპირიძეს ადმინისტრაციული სასჯელები შეუფარდა, წერია, რომ გიორგი ოქროპირიძე "საკანში ხმაურობდა, არღვევდა წესრიგს და ცდილობდა ციხის თანამშროლმების პროვოცირებას, რითაც ხელი შეუშალა დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას".
ოქროპირიძის დედა ცირა გოდერძიშვილი ამბობს, რომ ეს სიცრუეა: „სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს მისი თანასაკნელებიც, რომლებმაც დააფიქსირეს, რომ არანაირ ყვირილს და სამართალდარღვევას გიორგის მხრიდან ადგილი არ ჰქონია".
სახალხო დამცველის წარმომადგენლისათვის მიცემულ განმარტებაში ოქროპირიძის პალატაში მწოლიარე ორი მსჯავრდებული მართლაც არ ადასტურებს ოქროპირიძის მიერ წესრიგის დარღვევის ფაქტს. „მსჯავრდებულების განმარტებით, მათთვის უცნობია, თუ როდის აპირებდა მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძე #18 საკნიდან სხვა საკნებში გადაძახებას, ვინაიდან მათ ასეთი ფაქტი ოქროპირიძის საკანში ყოფნისას არ დაუფიქსირებიათ", - წერია სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ შედგენილ ოქმში.
გიორგის ოქროპირიძეს ხმაური რომც დაეწყო და თანამშრომლების მიმართ აგრესიული ყოფილიყო, ადმინისტრაციას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ნერვული აგზნებადობა C ჰეპატიტზე მკურნალობის თანმდევი პროცესია. ინტერფერონითა და რიბავირინით მკურნალობის დაწყების წინ, პაციენტი ხელს აწერს სპეციალურ თანხმობის ფორმას , სადაც წერია, რომ „მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, ემოციური ხასიათის ცვლილებები, შფოთვა, ხასიათის ცვალებადობა, დეპრესია, ძილის დარღვევა."
ადვოკატი ამბობს, რომ არაადამიანური მოპყრობა ოქროპირიძის მიმართ ერთთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობის დროსაც გაგრძელდა:
„მას შემდეგ, რაც გიორგი ოქროპირიძეს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა, მოათავსეს სამარტოო საკანში, სადაც საწოლზე არ იყო საბანი, 24 საათის განმავლობაში არ ქრებოდა დენი და მოწვეთავდა ონკანი, რაც, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, არის არაადამიანური მოპყრობის ტოლფასი."-ამბობს სოფიო ალექსიძე.
გიორგი ოქროპირიძე აღნიშნავს, რომ გიორგი ავსაჯანიშვილი მას ფიზიკური ლიკვიდაციითაც დაემუქრა. „მითხრა, რომ საქმეში მიწერია თვითმკვლელობის მცდელობა და დამემუქრა, რომ გიპოვნიან მკვდარსო. აღნიშნულზე მე მინდა განვაცხადო, რომ სუიციდის მცდელობა არასდროს მქონია და არც ახლა და არც მომვალში არ ვაპირებ თავის მოკვლას".
[pagebreak]
გიორგი ოქროპირიძის სამედიცინო ისტორიაში დევს 2011 წლის 14 დეკემბერს ფსიქიატრ თამარ ბაზღაძესთან კონსულტაციის ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ „2002 წელს გიორგის ჰქონდა სუიციდის მცდელობა, თუმცა, დეტალების გახსენება არ სურს".
დედა, ცირა გოდერძიშვილი ამ ჩანაწერსაც სიცრუეს უწოდებს. „2002 წელს გიორგი იყო 12 წლის, იყო უჯანმრთელესი ბავშვი, წყალბურთელი, ქორეოგრაფიულ სტუდიაში დადიოდა, ძალიან კარგად სწავლობდა და არავითარი სუიციდის მცდელობა გიორგის არ ჰქონია".
ცემის ფაქტიდან ერთი კვირის შემდეგ, 28 დეკემბერს გიორგი ოქროპირიძე მეთვრამეტე დაწესებულებაში ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" ექსპერტებმა მოინახულეს.
"ემპათიის" დასკვნაში წერია, რომ პატიმარი „უჩივის ტკივილს გულმკერდის მარჯვენა ნახევრის არეში, მარჯვენა ბარძაყისა არესა და მარჯვენა მუხლის არეში, რასაც უკავშირებს ცემის ფაქტს. დადის კოჭლობით მარჯვენა ქვემო კიდურზე აქცენტით, ცდილობს მუხლში არ მოხაროს. შუბლის თმოვან არეში მარჯვნივ აღენიშნება ყავისფერი ლაქა, მტკივნეული, მარჯვენა დიდი ციბრუტის არე მტკივნეული, მარჯვენა მუხლის ლატერალური ზედაპირი ძლიერ ბაცი მოყვითალო, პალპაციით მტკივნეული. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია ბლაგვი საგნით".
ექსპერტებმა მსჯავრდებულის ფსიქიკური მდგომარეობა შეაფასეს, როგორც "განსაკუთრებულად სტრესული". სპეციალური მეთოდით კვლევის შედეგად მას ასევე დაუდგინდა "პოსტრავმული სტრესული აშლილობა".
გიორგი ოქროპირიძემ გლდანის სამკურნალო დაწესებულება იანვრის ბოლოს დატოვა და სასჯელის მოხდა რუსთავის N6 დაწესებულებაში განაგრძო. 31 მაისს გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იგი კვლავ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში დააბრუნეს. ოჯახი მდგომარეობის გართულებას შეწყვეტილ მკურნალობას უკავშირებს, 2011 წლის ნოემბერში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ოქროპირიძეს ღვიძლის ფიბროზის 1 სტადია ჰქონდა, 29 მაისს ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით კი, მას ჯანმრთელობის უფრო დამძიმებული მდგომარეობა, კერძოდ კი ფიბროზის მეორე სტადია აღმოაჩნდა.
სამკურნალო დაწესებულებაში მოხვედრილი კიდევ ორი პატიმრის ისტორიას, ასევე ოფიციალური უწყებების პოზიციას "ლიბერალი" ხვალ შემოგთავაზებთ.
ირაკლი კაკაბაძე