27.06.2012

კოტე კუბლაშვილი: "მცირე და უმნიშვნელო ხასიათის პრობლემები"

სტატიები  (photo: )

 

უზენაესი სასამართლო მომსახურების ხარისხის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტურობის კომისიის ორგანიზებით საქართველოს 6 ქალაქში გამოყენებითი კვლევების კომპანიამ  (ARC) ჩაატარა.

 

რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუდგიდსა და ბათუმში სულ 2011 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის მიზანი მომხმარებელთა კმაყოფილებისა და ნდობის ხარისხის განსაზღვრა იყო.

მოქალაქეებს მართლმსაჯულების ეფექტიანობა 5 ქულიან სკალაზე უნდა შეეფასებინათ. კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი საერთო მაჩვენებელი 4.6 ქულიანი შეფასება სასამართლოს მომსახურე პერსონალს აქვს. მოსამართლეების შეფასებისას კი ყველაზე დაბალი ქულით მათი მიუკერძოებლობა შეფასდა - 4.2 ქულა, სანდოობა - 4.1 ქულა; სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა - 3.9 ქულა.

უშუალოდ ნდობის ქვეკრიტერიუმის მიხედვით ყველაზე დაბალი შეფასება მოსამართლეებმა თბილისისა და ბათუმის სასამართლოებში მიიღეს. სასამართლოს ფუნქციონირების გამჭვირვალობა 4.3. ქულით შეფასდა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, კვლევის შედეგები სისტემაში არსებულ წინსვლასა და სასიკეთო შედეგებზე მიუთითებს. “ბუნებრივია, არის პრობლემებიც, თუმცა, ისინი მცირე და უმნიშვნელო ხასიათისაა.”

კვლევის პრეზენტაციას ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

“კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ძირითადი აქცენტი სასამართლოს მიუკერძოებლობაზე უნდა გაკეთებულიყო და არა მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა თუ მომსახურების სერვისზე. “სერვისის მხრივ, ნამდვილად გვაქვს გაუმჯობესება, მომსახურე პერსონალი უფრო თავაზიანია, მომხმარებლებს მეტად უწევენ კონსულტაციებს და ა.შ. თუმცა, სასამართლოს დამოუკიდებლობას ეს არ განსაზღვრავს. კვლევაშიც ჩანს, რომ სასამართლოს მიმართ ნდობას ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.” ჯანეზაშვილი იმასაც განმარტავს, რომ ამ ტიპის კვლევებთან ერთად, მნიშვნელოვანია ის უარყოფითი შეფასებები თუ ადვოკატების ჩივილები, რომლებიც საკმაოდ მრავლადაა ამჟამინდელ პრაქტიკაში.

კვლევაში მონაწილეობას მოსარჩელეები, მოპასუხეები, ბრალდებულები, მოწმეები, რომელიმე მხარის ოჯახის წევრები თუ ახლობლები, საჯარო ინფორმაციის ან დოკუმენტის მაძიებლები, ექსპერტი-თარჯიმნები, და სხვა - სტაჟიორები თუ სხდომაზე დასასწრებად მისული პირები იღებდნენ.

კვლევის ფარგლებში სულ 106 ბრალდებული გამოიკითხა. კვლევითი ორგანიზაციის განმარტებით, მსჯავრდებულებისა და ადვოკატების გამოკითხვა სპეციალურად არ მოხდა, რადგან ისინი მხარეებს წარმოადგენდნენ. ნაზი ჯანეზაშვილი კი მიიჩნევს, რომ მათი პასუხები მაინც საყურადღებო უნდა ყოფილიყო და შესაძლოა ასახულიყო კიდეც კვლევის შედეგებზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, კვლევაში წარმოდგენილი სურათი არაერთგვაროვანია. “ეს მომხმარებელთა კვლევაა, ზოგადად საზოგადოებრივი აზრის კვლევები კი რადიკალურად განსხვავებულ სურათს აჩვენებს. აქ რამდენიმე საკითხია გასათვალისწინებელი. პირველ ყოვლისა ის, რომ ეს მომხმარებელთა კვლევაა, ანუ იმ ადამიანებისა, რომლებსაც საქმე ჰქონდათ სასამართლოსთან, მეორეც, გამოკითხულთა თითქმის ნახევარს სამოქალაქო საქმე აქვს, მხოლოდ 30 %-ია წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეებიდან, სადაც ჩვენი აზრით, ყველაზე მეტი პრობლემაა. სხვა სურათს აჩვენებს სამართლებრივი კვლევებიც. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევითაც გამოჩნდა, რომ მოსამართლეების ლოიალობა ბრალდების მხარის მიმართ ძალიან მაღალია.”

ჩუგოშვილის განმარტებით, კმაყოფილების მაღალი ხარისხი შესაძლოა იმითაც იყოს განპირობებული, რომ სისხლის სამართლის საქმეებიდან ერთადაა განხილული ძირითადი და საპროცესო შეთანხმების საქმეები. “მაშინ, როცა ადამიანი საპროცესოზე მიდის, ცხადია, უკვე არსებობს გარკვეული შეანხმება მასა და პროკურატურას შორის," - ამბობს ჩუგოშვილი.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
მეტი