28.06.2012
პატიმრების ცემა მკურნალობის ნაცვლად1
გლდანში მდებარე ციხის საავადმყოფოს, ე.წ. "რესბალნიცას", სადაც პატიმრები სამკურნალოდ გადაჰყავთ, არასათანადო მოპყრობის ადგილად არა ერთი მსჯავრდებული ასახელებს.ვაჟა ცხვედიანი, ალექსანდრე თოლორდავა, გიორგი ავსაჯანიშვილი, ზურაბ ბულბულაშვილი - პენიტენციური სისტემის ამ თანამშრომლებს პატიმრები ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. ისინი ამჟამად ციხის საავადმყოფოში აღარ მუშაობენ, თუმცა პენიტენციური სისტემის სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლებად რჩებიან.
გუშინ "ლიბერალმა" შემოგთავაზათ პატიმარ გიორგი ოქროპირიძის ისტორია, დღეს კი ციხის საავადმყოფოში მოხვედრილ კიდევ ორ პატიმარზე მოგითხრობთ.
კახაბერ ბარათაშვილის საქმე
ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა პატიმარი კახაბერ ბარათაშვილიც. ის სამკურნალო დაწესებულებაში 2011 წლის 27 ნოემბერს ღამით, რუსთავის N17 დაწესებულებიდან გადაიყვანეს. მსჯავრდებულს თირკმელში კენჭის გავლა ჰქონდა და აუტანელი ტკივილი აწუხებდა. მეორე დღეს იგი ადვოკატმა კახაბერ მუმლაძემ მოინახულა. პატიმარმა ადვოკატს უთხრა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მას ტკივილები დროებით გაუყუჩეს. იმ დღეს სამედიცინო გამოკვლევით უნდა დადასტურებულიყო, საჭირო გახდებოდა, თუ არა ქირურგიული ცარევა. ადვოკატის პატიმრის სანახავად მეორე დღესაც, ანუ 29 ნოემბერსაც მივიდა, როგორც მუმლაზე ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემი იყო.
„ვერ ვიცანი პატიმარი, ისეთ დღეში იყო. მას აღენიშნებოდა თავის ქალაზე დაჟეჟილობები, სისხლნაჟღენთები, კისრის არეში, 45 წლის კაცი ტიროდა", იხსენებს ადვოკატი.
პატიმარმა ადვოკატს უთხრა, რომ გაუსაძლისი ტკივილების გამო საკანში არსებული სპეციალური ზარით ექიმების დახმარებას ითხოვდა, იგი მკაცრად გააფრთხილეს, რომ ზარით აღარ ესარგებლა. თუმცა, ტკივილებით შეწუხებულმა ბარათაშვილმა ზარი კვლავ დარეკა, რის შემდეგაც, როგორც თავად ამბობს. პალატაში ციხის თანამშრომლები შევიდნენ და სცემეს.
"ვინაიდან ტკივილები ძლიერდებოდა და ვიყავი საოცრად შეურაცხყოფილი, მივხოხდი კარებთან და რამდენჯერმე მივარტყი თავი, თან ვყვიროდი, რომ ექიმი მოსულიყო და გაეკეთებინა წამალი. ამის შემდეგ ისევ შემოცვივდნენ საკანში და იმის მაგივრად, რომ აღმოეჩინათ დახმარება, დამადეს ხელბორკილი და ცემით ჩამიყვანეს მორგში, დამაგდეს ბეტონის იატაკზე, რამდენიმე ადამიანი მცემდა წიხლებით, სახეში მიტყამდნენ გაშლილ ხელს.. პერიოდულად მასხამდნენ ცივ წყალს ვედროებით დასამცირებლად. ამ დროს შემოვარდა გიორგი ავსაჯანიშვილი, რომელმაც დაიწყო ყვირილი და გინება, დაიწყოს ქამრის გახსნა და მუქარა, რომ უნდა გავეუპატიურებინე. ერთ-ერთმა უთხრა, ამ ერთხელ ვაპატიოთო. მე ვეუბნებოდი, არ გრცხვენიათ, რას აკეთებთ, ვკვდები და ექიმი მჭირდება, რაზეც ავსაჯანიშვილი მოტრიალდა და ამას არაფერი არ უშველისო და კვლავ გაუპატიურებით დამემუქრა. იგი სხვა თანამშრომლებმა გაიყვანეს. ამის შემდეგ ბორკილებდადებული დამაგდეს მუცლით სველ იატაკზე, სადაც 30-40 წუთი ვიმყოფებოდი", ასე აღწერს ბარათაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში მისი ცემის ფაქტს.
ბარათაშვილისათვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ციხის საავადმყოფოს ადმინისტრაციამ მოითხოვა, თუმცა არა პატიმრის მიმართ არაადამიანური მოპყრობის, არამედ მის მიერ თვითდაზიანებების მიყენების ფაქტზე. ამ დროისათვის ციხის საავადმყოფოს ადმინისტრაციას ჰქონდა პატიმარ ბარათაშვილის მიერ დაწერილი ჩვენება, სადაც იგი მის სხეულზე არსებულ ტრავმებს თვითდაზიანებებით ხსნიდა. ადვოკატის თქმით, ბარათაშვილმა აღიარებითი ჩვენება, ავსაჯანიშვილის მხრიდან მუქარისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო დაწერა.
30 ნოემბერს პატიმარს ოპერაცია ჩაუტარდა, რის დროსაც შარდსაწვეთიდან 4 კენჭი ამოუღეს. ბარათაშვილის თქმით, მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა პალატაში გადაყვანის შემდეგაც გრძელდებოდა. პატიმარი აღნიშნავს, რომ მასთან შევიდა დაწესებულების დირექტორი ვაჟა ცხვედიანი: „მკითხა შვილის თაობაზე, ვუთხარი, რომ მყავს 8 წლის შვილი, რაზეც მიპასუხა, რომ ძალიან კარგი, შენ ჩვენ არ გვიცნობ, იფიქრე, შენს ცოლ-შვილზე. ამის შემდეგ ადგა, ერთხელ ნელა, მეორედ უფრო მაგრად და მესამედ ძლიერად დამარტყა სახეში გაშლილი ხელი."
საგამოძიებო ორგანოებისთვის 30 ნოემბერს ფაქტის შესახებ უკვე ცნობილი იყო. გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა როგორც ბარათაშვილის ადვოკატმა, ასევე სახალხო დამცველმა.თუმცა, გამოძიება მაშინვე არ დაწყებულა.
„გამოძიება უნდა დაიწყოს მყისიერად, როცა არსებობს შეტყობინება და გამოძიება არ უნდა ელოდებოდეს, როდის აცნობებს ამის შესახებ სახალხო დამცველი. სხვა წყაროებიდან როგორც კი ცნობილი გახდება, გამოძიება უნდა დაიწყოს მყისიერად", ამბობს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.
თუმცა, გამოძიება 2 დეკემბერს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო. საგულისხმოა, რომ გამოძიება თავდაპირველად დაიწყო არა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით, არამედ პატიმრის მიერ თვითდაზიანების მიყენების მუხლით.
„ჩვენი მოთხოვნა იყო გადაკვალიფიცირება, სისხლის სამართლის 144 პრიმა მუხლზე და რომ გამოძიება ჩაეტარებინა საქართველოს მთავარი პროკურატურის გამომძიებლებს. ჩვენი გულის მოსალბობად, გადაკვალიფიცირდა 333 მუხლზე. მეხუთე თვეა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და არანაირი შედეგი".-ამბობს ადვოკატი კახაბერ მუმლაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ემპათიას" ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის მიხედვით, "ბარათაშვილს სხეულზე აღენიშნება სხეულის სხვადასხვა უბნების რბილი ქსოვილების მრავლობითი დაჟეჟილობები და სისხლნაჟღენთები, ორივე მხრის რბილის ქსოვილების მრავლობითი დაჟეჟილობა, მარჯვენა იდაყვის სახსრის არის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, მუცლის კედლის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია ბლაგვი საგნით".
[pagebreak]
დენის ყვარელაშვილის საქმე
მსჯავრებულთა და ბრალდებულთა სამკურალო დაწესებულებაში რამდენჯერმე ცემის ფაქტი გაახმოვანა პატიმარმა დენის ყვარელაშვილიმაც. მან სამკურნალო დაწესებულებაში თითქმის 2 წელი გაატარა. მისი მეუღლის თქმით, დაწესებულებაში მდგომარეობა ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ დამძიმდა.
„ალეკო მუხაძე რომ მივიდა, იმის შემდეგ დაიწყო ზეწოლები, საშინელი. მერე ვაჟა ცხვედიანმა, გიორგი ავსაჯანიშვილმა დაიწყეს გამოიტანეთ სარჩელი სტრასბურგიდან, გაწამებთ, აქედან ცოცხალი ვერ გახვალო", ამბობს პატიმრის მეუღლე მადონა ყვარელაშვილი.
სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ შედგენილი ოქმის მიხედვით, 2011 წლის 27 თებერვალს დენის ყვარელაშვილს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ავსაჯანიშვილი ფიზიკურად გაუსწორდა. ოქმში წერია, რომ: „დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გიორგიმ სამჯერ მიაჯახა კედელს და თავი მიარტყმევინა კედელზე. ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. იგი აცხადებს, რომ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების დროს გახდა ცუდად და დაკარგა გონება. ასევე აცხადებს, რომ დაზიანება ჰქონდა თავის არეში".
ყვარელაშვილი დაავადებულია ჰეპატიტის სამი ფორმით, აგრეთვე, აქვს კარდიოლოგიური პრობლემები. ადვოკატ მამუკა ნოზაძის თქმით, ზეწოლის მიზანი ისიც იყო, რომ პატიმარს მკურნალობის მოთხოვნა შეეწყვიტა.
„დენის ყვარელაშვილი სისტემატიურად ითხოვდა, რომ მას ჩასტარებოდა ადეკვატური მკურნალობა, რომელსაც მიზანმიმართულად არ უტარებდნენ ექიმები. ადმინისტრაციის მხრიდან ხდებოდა სისტემატიურად ზეწოლა, რაც გამოიხატებოდა იმაში,რომ მის მიმართ არაერთხელ ჰქონია ადგილი ფიზიკურ ანგარიშსწორებას.ის ასახელებს კონკრეტულ პიროვნებებს. ესენი არიან უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ავსაჯანიშვილი, რეჟიმის უფროსი ალექსი თოლორდავა, სოციალური სამსახურის უფროსი ზურაბ ბულბულაშვილი, და დაწესებულების დირექტორი ვაჟა ცხვედიანი",-ამბობს მამუკა ნოზაძე.
ყვარელაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში 2011 წლის მარტში დაიწყო. ადვოკატისთქმით, მასშემდეგსაქმეწინაღარწასულა:
„მხოლოდ შემატყობინეს, რომ მიდის გამოძიება, მაგრამ არანაირი შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თავად დენის ყვარელაშვილიც კი არ არის ჯერჯერობით დაკითხული და მას არ მიეცა შესაძლებლობა გამოძიებისთვის მიეცა ჩვენება."
დენის ყვარელაშვილი ამჟამად რუსთავის N17 დაწესებულებაში იმყოფება. ყვარელაშვილის სამედიცინო ისტორიიის მიხედვით, იგი ხშირად კარგავს გონებას, უჩივის ტკივლებს გულის არეში.
„ძალიან მძიმედ არის. ახლახანს ვიყავი შეხვედრაზე შესული და ჩამეშალა, იმის გამო რომ გამოვიდა, იყო ხუთი წუთი ზუსტად, გახდა ძალიან ცუდად, გაითიშა, არც ექიმები არაფერი და გვერდზე მჯდომმა პატიმარმა მოკიდა ხელი და წაიყვანა", გვითხრა ამბობს მადონა ყვარელაშვილმა
არასათანადო მოპყრობა, როგორც სასჯელის ფორმა
პენიტენციურ სისტემაში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობა სახალხო დამცველის ანგარიშში ყოველწლიურად ხვდება. გიორგი ტუღუში ამბობს, რომ არასათანადო მოპყრობა დასჯის ფორმად დამკვიდრდა:
„არასათანადო მოპყრობის ფაქტები იყო ძირითადად დასჯის ფორმით, როდესაც ადმინისტრაცია იყენებდა სხვადასხვა უკანონო ზომებს პატიმრების დასჯის მიზნით, ასევე შეადგენდა მკაცრი რეჟიმის ნაწილს. იყო შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა კანონიერი ზომების გამოყენება ხდებოდა ადმინისტრაციის მიერ, თუმცა, ამას თან ახლდა გარკვეული ფიზიკური ზემოქმედება", ამბობს გიორგი ტუღუში.
[pagebreak]
სახალხო დამცველი და მსჯავრდებულთა ადვოკატები რამდენიმე პრობლემაზე მიუთითებენ, რომლებიც არასთანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით არსებობს. მათი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ის, რომ ფიზიკური დაზიანებების ექსპერტიზა თითქმის არასდროს ხდება. გარდა ამისა, პრობლემაა გამოძიების არასწორი კვალიფიკაციით დაწყებაც.
„ამოსავალი წერტილი, რა თქმა უნდა, არის დაზიანებების დროული დაფიქსირება და მათი აღწერა. როდესაც ექსპერტიზა ტარდება გვიან და დაზიანებები ფაქტობრივად ალაგებულია, ამას აზრი ეკარგება. ხშირად გამოძიება იწყება არა სპეციფიური მუხლებით, რომელიც არის ჩვენს სისხლის სამართლის კოდექსში, არამედ იგივე 333-ე მუხლით, რომელიც გაცილებით უფრო ნაკლებ სანქციას ითვალისწინებს. ჩვენი კანონმდებლობა იცნობს ისეთ მუხლებს, როგორცაა წამების, ასევე არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა", აღნიშნავს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.
პრობლემაა ისიც, რომ პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება ძირითადად შიდა უწყებრივ დონეზე მიმდინარეობს. არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე გამოძიებას იწყებს არა პროკურატურა, არამედ სასჯელაღსრულების სამინისტროს საქვეუწყებო ორგანო, საგამოძიებო დეპარტამენტი.
დაუსჯელობის სინდრომი
დღეს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აღარ მუშაობენ ვაჟა ცხვედიანი, ზურაბ ბულბულაშვილი და გიორგი ავსაჯანიშვილი, თუმცა, ისინი კვლავ სასჯელაღსრულების სისტემაში რჩებიან. ყოფილი დირექტორი, ვაჟა ცხვედიანი ამჟამად N16 დაწესებულების დირექტორის მოვალეობას ასრულებს, გლდანის N8 დაწესებულებაში მუშაობენ გიორგი ავსაჯანიშვილი და ზურაბ ბულბულაშვილი.
„ისინი სამსახურიდან უნდა გაათავისუფლოს შესაბამისმა სამსახურმა, როდესაც იწყება გამოძიება. ეს არის სწორედ ერთერთი კომპონენტი, მათ ყველაზე ცოტა, უნდა შეუჩერდეთ უფლებამოსილება გამოძიების მომდინარეობის პერიოდში, რომ მათ არ ჰქონდეთ საშალება ზემოქმედება მოახდინონ გამოძიებაზე რაიმე ფორმით", ამბობს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.
ჩვენ კითხვებით მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას. ვითხოვდით ინფორმაციას, რა ეტაპზეა გამოძიება თითიოეულ ფაქტთან დაკავშირებით და რატომ არ გახდა პატიმრების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობა ციხის თანამშრომელთა უფლებამოსილების შეჩერების საბაბი. თუმცა ,პასუხი არ მიგვიღია.
პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით ასევე მივმართეთ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს. ვითხოვდით წერილობით ინფორმაციას პატიმრების მდგომარეობისა და გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. პრესსამსახურის ხელმძღვანელმათეა სუხიშვილმა, საუბრის დროს ტელეფონი გაგვითიშა.შემდეგი სატელეფონო საუბრის დროს მან კითხვების ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნა გვთხოვა. იმავე დღეს "სტუდია მონიტორმა" სამინისტროს კითხვები გადაუგზავნა. ამის შემდეგ პრეს სამსახურის ხელმძღვანელსჩვენი სატელეფონო ზარებისთვის აღარ უპასუხნია.
ჩვენ ასევე შევხვდით იმ ადამიანებს, რომლებსაც პატიმრები მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ციხის საავადმყოფოს ყოფილ დირექტორს მის საცხოვრებელ ბინაასთან შევხვდით, თუმცა ვაჟა ცხვედიანმა ჩვენს კითხვებს არ უპასუხა.
მეთვრამეტე დაწესებულების სოციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, ზურაბ ბულბულაშვილს ტელეფონით დავუკავშირდით:
- სახალხო დამცველის ოქმებში პატიმრები წერენ, რომ თქვენ მათზე ძალადობდით. გარკვევა მინდა, რატომ ამბობენ ასე? მეთვრამეტე დაწესებულების პატიმრები.
-არ ვიცი ქალბატონო, აზრზე არ ვარ რა უნდათ.
-სახალხო დამცველს ეუბნებოდნენ ამას, მასთან ჩვენებებში აღნიშნეს.
-არ ვიცი, პროვოკაციაა არაფერი არ ვიცი- გვითხრა ბულბულაშვილმა
სასჯელაღსრულების სამინისტრო პენიტენციურ სისტემაში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე საუბარს თავს არიდებს. "სტუდია მონიტორმა" ისარგებლა შემთხვევით და სასჯელაღსრულების მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს რადიო "უცნობის" გადაცემა "პოლიტბიუროში" სტუმრობისას, პირდაპირ ეთერში დაუსვა კითხვა, თუ რატომ არ ხდება ფაქტების გამოძიება და რატომ რჩებიან მოძალადე თანამშრომლები კვლავ სასჯელაღსრულების სისტემაში.
მინისტრმა ჩვენს კითხვას ასე უპასუხა: „რეაგირება ყოველთვის იწყება და თუ აღმოჩნდება, გენერალური ისპექციის მიერ, რომ საკითხის გაგრძელება არის საჭირო და რეალურად რაღაც დასტურდება, ყოველთვის გრძელდება ეს რეაგირება. ჩვენი რეაგირების შედეგად, პასუხისმგებლობა გარკვეული ადამიანებისა დადგა, არ დავიწყებ სახელების და გვარების დასახელებას, მაგრამ ჩვენი მხრიდან რეაგირება ყოველთვის ხდება.ჩვენ ვართ ის სისტემა რომელიც ზრუნავს მსჯავრდებულებზე და ბრალდებულებზე, ვისაც აბარია ეს ადამიანები. ჩვენ ვზრუნავთ იმ ადამიანების უსაფრთხოებაზე, რომლებიც არიან პენიტენციური სისტემის გარეთ".
თუმცა, სხვას ადასტურებს უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაცია. ამ ინფორმაციის თანახმად: 2004-2011 წლებში პირველი ინსტანიციის სასამართლოებში წამების მუხლით განსახილველი სისხლის სამართლის საქმეები "სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელბის წინააღმდეგ არც შემოსულა და არც განხილულა" .
მაკო ჯანჯიბუხაშვილი