28.06.2012
მიმინოშვილის ორგანიზაცია განათლების სამინისტროს ოპონირებას გაუწევს
დღეს მაია მიმინოშვილმა და გამოცდების ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა საზოგადოებას არასამთავრობო ოგანიზაცია "საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის" მიზნები გააცნეს.
გუნდი იმ სამოცი წევრისგან შედგება, ვინც ერთი თვის წინ ეროვნული გამოცდების ცენტრი პროტესტის ნიშნად დატოვა. მიმინოშვილის თქმით, ორგანიზაციის მთავარი მიზანი განათლების სისტემის ხარისხის ამაღლებაა.
"ჩვენი გუნდი ათი წელია თანამშრომლობს და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ძალიან კომპრეტენტური ადამიანებისგან შედგება. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ განათლების სისტემაში სერიოზული ძვრები დაიწყოს. გვინდა, რომ ჯანსაღი ოპონირების გზით განათლების სამინისტროს ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადაგმა ვაიძულოთ" - აღნიშნა მიმინოშვილმა.
როგორც პრეზენტაციაზე აღნიშნეს, ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებები კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება იქნება. ასევე, განათლების სიტემაში პოლიტიკის წარმართვის გზით, ჩატარდება კონსულტაციები, ტრენინგები. დაგეგმილია ლიტერატურის მომზადება, რომელსაც სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და სტუდენტები ეფექტურად გამოიყენებენ.
კვლევების შესახებ უფრო დაწვრილებით ია კუტალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, პირველი პროექტი იმ კვლევის სისტემური ანალიზი იქნება, რომელშიც მსოფლიოს 80 ქვეყანასთან ერთად საქართველომაც მიიღო მონაწილეობა.
"ეს არის წიგნიერების საერთაშორისო კვლევა, აბრევიატურა, რომელიც ამოწმებს 9-10 წლის ბავშვების წაკითხულის გააზრების უნარებს. იკვლევს იმ ფაქტორს, რომელიც მოზარდთა წიგნიერებაზე ახდენს გავლენას და ზოგადად, შეისწავლის ყველა იმ ფაქტორს, რომელიც მათ სწავლის უნარებზე აისახება" - აღნიშნა კუტალაძემ და ასევე ისაუბრა მეორე და მესამე კვლევების შინაარსზე.
ესაა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების და სწავლის კვლევა, რომლის მიზანიც მოზარდთა სასწვლო უნარების შეფასებაა და ბოლო, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი - პიზას კვლევა. ამ დროს მოწმდება წიგნიერება, წაკითხულის გააზრებისა და მათემატიკა-საბუნებისმეტყველო საგნების ათვისების უნარი. "ეს არის ყველაზე ცნობილი კვლევები, რომელიც განათლების პოლიტიკის დასაგეგმად გამოგვადგება და რეკომენდაციების შესამუშავებლად კარგი ორიენტირი იქნება. აღნიშნული მონაცემები საშუალო განათლებაში არსებულ დადებით და უარყოფით მხარეებს ნათლად გამოხატავს", - ამბობს კუტალაძე.
ორგანიზაციის წევრებმა კონკრეტულ პრობლემებზეც ისაუბრეს. კახა ჯამბურიამ აღნიშნა, რომ დღესდღეობით პედაგოგების კვალიფიკაციის მხრივ განათლების სისტემაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა.
"ყოველ წელს განათლების სამინისტროში უზარმაზარ ანგარიშს ვაგზავნიდით ხოლმე, მაგრამ ამას რეაქცია არასდროს მოჰყოლია. ახლაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა პედაგოგების მხრივ. ჩვენ მათ შევთავაზეთ სასერტიფიკაციო გამოცდები, თუმცა, ამავე დროს, ხელი არ შევუწყვეთ. არადა, წინასწარი პრობაციის დროს საკმაოდ ცუდი შედეგები გამოვლინდა. ამ და ასეთ მრავალ პრობლემას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ"- აღნიშნა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალუსტმა.
შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებმა მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარების მიზეზებზეც დასვეს კითხვები. მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ ახლა მთავარია, ჯიბლაძე კარგადაა და ოჯახს დაუბრუნდა.
"წვრილმანებზე კომენტარისგან თავს შევიკავებ. მამუკა დარჩება ჩვენი თანამშრომელი"- ამბობს მიმინოშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია კონსულტაციებს და მოლაპარაკებებს მართავს სოროსის ფონდთან, USAID-თან და "ევრაზიასთან". მათ ასევე, სავარაუდოდ, პარტნიორი ორგანიზაცია-ისრაელის ნაციონალური ტესტირების ინსტიტუტი, ასევე, ჰოლანდიელი და ამერიკელი პარტნიორები დააფინანსებენ.
"დიდი იმედი გვაქს უცხოელი პარტნიორების და სხვადასხვა საერთაშორისო ფონდის. ჩვენ მართლაც ძალიან კარგ საქმის გაკეთებას ვგეგმავთ განათლების სისტემის ხარისხის გასაუმჯობესებლად"- ამბობს გამოცდების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი.
ბექა დავითულიანი