29.06.2012

ცემა, დაბმა და ელექტროშოკი ქსნის N15-ში

სტატიები  (photo: )

 

"3 თებერვალს, დაახლოებით დილის 10 საათზე, ჩემი საკნიდან მოპირდაპირე საკანში მყოფ პატიმარს დაველაპარაკე. ამის გამო კორპუსში მყოფმა ოფიცერმა დათომ (გვარი არ ვიცი) კორპუსის ერთ-ერთ კუთხეში სხვა თანამშრომლებთან ერთად სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და თხელი, მოკლესახელოიანი მაისურის ამარაგაღებულ ფანჯარასთან გაჩერება მაიძულა.ერთი საათის განმავლობაში სიცივეში ვიდექი. ვიხვეწებოდი, რომ ფანჯრის მიხურვის ნება მოეცათ, აუტანელი სიცივე იყო. ამის შემდეგ დათომ ადმინისტრაციისთვის განკუთვნილ ოთახში წამიყვანა, სადაც რამედნიმე წუთში ვინმე “ბატონი ლეჟავა” შემოვიდა, მან და დანარჩენმა თანამშრომლებმა ცემა და გინება დამიწყეს, წინააღმდეგობას არ ვუწევდი და ვთხოვდი, ცემა შეეწყვიტათ, თუმცა მაინც აგრძელებდნენ, - მას შემდეგაც, რაც დავვარდი.

 

ცემის შემდეგ ხელბორკილი თვითონ ლეჟავამ დამადო და ე.წ. “ტურნიკზე” ჩამომკიდეს, ლეჯავა ელექტროშოკით მაწამებდა, ჩართული მოწყობილობა რამდენჯერმე, 2-3 წუთის განმავლობაში მხრებისა და კისრის არეში დამადო. მე დაახლოებით 4 საათი “ტურნიკზე” ვიყავი დაკიდებული, ამის მერე ჩამომხსნეს და კარცერში გადამიყვანეს"

.      .      .

"თავდაპირველად სასჯელს გლდანის N18 ციხეში ვიხდიდი, საიდანაც ქსნის N15 დაწესებულებაში გადამიყვანეს. იქ მისულს, მანქანიდან გადასვლის დროს თოლორდავამ, (როგორც მოგვიანებით გავიგე, ციხის უფროსმა) დაახლოებით 15 თანამშრომელს განსაკუთრებულად იმ პატიმრების ცემა უბრძანა, ვინც ქურდობის და ყაჩაღობისთვის ვიხდიდით სასჯელს. მათ შორის მეც ვიყავი, რადგან ქურდობისთვის მუხლი მაქვს წაყენებული.

მთელი წლის განმავლობაში ეს 15 თანამშრომელი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებდა: მაგინებდა, ფეხებითა და ხელებით მირტყამდა. 2012 წლის 22 ივნისს ციხეში მოსულ სახალხო დამცველს პატიმრებმა კოლექტიური განცხადებით მივმართეთ, აღვწერეთ ფაქტები და განცხადებას ხელი მოვაწერეთ. ამის შემდეგ, სახალხო დამცველი ისევ იყო მოსული შაბათს, კვირას კი N1 ციხეშიგადმომიყვანეს"

.     .     .

"2011 წელს #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადამიყვანეს. იქ მისვლისთანავე დაიწყეს ჩემთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ადმინისტრაციის წევრები უკანონოდ მიზღუდავდნენ უფლებებს. არ მაძლევდნენ ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებს და მაიძულებდნენ, ეს ნივთები ჩემივე სახსრებით მეყიდა.ასევე, ჩამომართვეს ჭადრაკი, ნარდი, ტელევიზორი. ნარდი და  ჭადრაკი ყველას წაგვართვეს და დღემდე არ დაუბრუნებიათ. რაც შეეხება ტელევიზორს, დასჯის მიზნით, პერიოდულად გვართმევდნენ. რადიოს მოსმენის და ქონის უფლება ადმინისტრაციის მხრიდან აკრძალულია. რადიო მაღაზიაში არ იყიდება."

"2012 წლის გაზაფხულის თვეებში მთელი საკნის დასჯის მიზნით კარი დაგვიკეტეს და მხოლოდ საჭმლისთვის გასვლის უფლებას გვაძლევდნენ. მაღაზიაშიც არ გვიშვებდნენ. ეს მოხდა 2-ჯერ, 2 დღითა და შემდეგ 5-6 დღით."

"2011 წლის აგვისტო-სექტემბერში სრულიად უსაფუძვლოდ, 10 დღით კარცერში მომათავსეს, სადაც ადმინისტრაციის წევრმა დიმიტრი ჩხეიძემ სიტყვიერ-ფიზიკური შეურაცხყოოფა მომაყენა. მე წინააღმდეგობა არ გამიწევია. შეურაცხყოფას ასევე მაყენებდნენ დირექტორი თოლორდავა, მისი მოადგილე ვინმე ბაჩო, მარჯანაძე, ჩხეიძე, ასევე გელა იოსავა, ვინმე უჩა, კორპუსის ოფიცერი და ვინმე კახა".

.     .    .

ეს ისტორიები სასჯელაღსრულების ქსნის N15 დაწესებულების პატიმრებმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატებს საკუთარი ხელით დაუწერეს. ახსნა განმარტების მიხედვით პატიმრები პაატა მოდებაძე, ბესიკ გულედანი და ზურაბ ნასყიდაშვილითანხმობას აცხადებენ, ახსნა-განმარტებაში აღწერილი ფაქტები მედიის საშუალებებით გავრცელდეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ბოლო ხანს, წნეხის მიუხედავად, პატიმრები საკუთარი ვინაობის დასახელებას აღარ ერიდებიან, ჩუგოშვილის აზრით, ეს პატიმრების გაუსაძლის მდგომარეობაზე მიუთითებს.

“ახალგაზრდა იურისტების" ადვოკატები არასათანადომოპყრობის იმ დეტალებზე საუბრობენ, რაზეც მათ პატიმრებმა უამბეს:

·რამდენემე დღის განმავლობაში მსჯავრდებულთა მოთავსება ნესტიან და ბინძურ აბანოში.

·სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა: გინება; ფეხებით, მუშტებითა და ხელკეტებით ცემა. მსჯავრდებულთათვის კუთვნილი ნივთების უკანონო ჩამორთმევა.

·მსჯავრდებულთათვის ჰიგიენური საშულებებით სარგებლობის აკრძალვა. იძულების მიზნით მათი შეძენა.

·დასჯის მიზნით საკნის კარის ჩაკეტვა და რამდენიმე დღის განმავლობაში მსჯავრდებულთა გადაადგილების შეზღუდვა. ასევე სამარტოო საკანში განმარეტებების გარეშე მოთავსება.

·თებერვლის თვეში, სიცივეში პერანგის ამარა მსჯავრდებულთა იძულებითი მოთავსება ღია ფანჯარასთან.

·ელექტროშოკური მოწყობილობით ტკივილის მიყენება მსჯავრდებულთათვის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. მსჯავრდებულთა მიბმა ხელებით ლოგინზე.

·იძულებით წესით თავის გადაპარსვა.

მსჯავრდებულები იმ პირებსაც ასახელებენ, ვინც ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებებში მონაწილეობას იღებდნენ. ესენი არიან:

სასჯელაღსრულების უფროსი შოთა თოლორდავა, დიმა ჩხეიძე, გელა იოსავა, ასევე ვინმე ფანჯანაძე, უჩა, კახა და დიმა.

მსჯავრდებულები პრეტენზიას ექიმებიის მიმართაც გამოთქვამენ. მათი განცხადებით, ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ მათთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვდნენ.

"საიას" იურისტები პატიმრების მიმართ უკანონო და ამავდროულად ღირსების და პატივის შემლახავი ქმედებიბის განხორციელებას დაუშვებლად მიიჩნევენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, რომ  #15 დაწესებულებაში მომხდარ ქმედებებს დაუყოვნებლივი რეაგირება მოჰყვეს. საქართველოს მთავარ პროკურატურას კი საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და ფაქტების ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფას სთხოვს. ამასთან “საია” N15 დაწესებულების ადმინისტრაციისა და თანამშრომლებისგან პატიმართა მიმართ უკანონო ქმედებები დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს.

"საია" იმედოვნებს, რომ “ამ ფაქტების გახმაურება კოლექტიური განცხადების ავტორებს საფრთხეს არ შეუქმნის და მათ მიმართ მორიგი უკანონო ქმედებები არ განხორციელდება”.

26 ივნისს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს რეკომენდაციით მიმართა რათა მას “ქსნის N15 დაწესებულების ეგრეთ წოდებულ ახალ ნაწილში პატიმართა უფლებების სავარაუდო მასობრივი დარღვევების გამო”გამოძიება დაეწყო. განცხადების მიხედვით ომბუდსემენის აპარატის თანამშრომლები 22 ივნისს ქსნის ციხეში განთავსებულ პატიმრებს შეხვდნენ. ისინი  უფლებების დარღვევაზე საუბრობდნენ, პატიმრებმა სახალხო დამცველს საგანგებო განცხადებით მიმართეს, რომელსაც ხელს 693 მსჯავრდებული აწერდა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ქსნის N15 დაწესებილების პატიმრები კოლექტიური თუ ინდივიდუალური საჩივრებით მას ხშირად მიმართავენ. ამის ფაქტებზე 2010 წლის ანგარიშშიცაა საუბარი.

ასრულებს თუ არა სქართველოს პროკურატურა საიას და ომბუდსმენის რეკომენდაციებს და ატარებს თუ არა აღნიშნული ფაქტების გამოძიებას? “ლიბერალმა”ამ კითხვებზე პასუხის გარკვევა პროკურატურაში სცადა, თუმცა ძალოვან უწყებაში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ზურაბ ვარდიაშვილი

    მიჯნვის კვირეული

    2. ლგბტ პირები გაემიჯნენ რელიგიურ ექსტრემისტებს ანუ, უნდოდათ, რომ გამიჯნვოდნენ, მაგრამ მიჯნამ ვერ გაქაჩა. სასწაულებრივად განიპო იგი, ვითარცა, მოსეს მიერ წითელი ზღვა. 3. ეკლესია გაემიჯნა...

  • გივი შადური

    კორიდა

    სამწუხაროდ, ჩემი თვალით ვერ ვნახე მფრინავი კონტრდემონსტრანტი, რომელიც ბეტმენივით გადაევლო პოლიციას, რათა ყვითელ მიკროავტობუსზე იერიში მიეტანა. მართლაც საოცარი ფოტოა. სამაგიეროდ იუსტიციის სახლის...

  • ნინო ბექიშვილი

    როცა მიზეზი უსუსურია

    გიორგი მარგველაშვილი, ადამიანი, რომელიც ყველაზე პოპულარული პოლიტიკური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატია და ხვალ, შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს, უცნაურად დუმს იმ მოვლენების შემდეგ, რომელიც...

მეტი

ამავე ავტორისგან