02.07.2012
„პროტესტის ნიშნად აღარ დავდივარ ტროტუარზე"
ევროპის უმეტეს ქვეყნებს და უკვე რუსეთსაც რატიფიცირებული აქვს გაეროს კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ. ამ კონვენციაში არის მუხლი, რომლითაც სახელმწიფო თავის თავზე იღებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინფრასტრუქტურის ადაპტირებას. საქართველოში, მიუხედავად, არასამთავრობო სექტორის მცდელობისა, ამ კანონის რატიფიცირება ჯერ არ მომხდარა.
„ეს კანონი რომ დამტკიცდეს, პანდუსის არქონის შემთხვევაში შემეძლება, ვუჩივლო და ჯარიმა დავაკისრო კაფეებს და სხვა შენობებსაც." - ამბობს ანა გოგუაძე.
ანა უკვე 10 წელია ფოტოგრაფია. მან არაერთი პროექტი გააკეთა, მათ შორის ფოტო-გამოფენები „მე-ანია" და „გახდი ჩემი-ანი". ამ პროექტში მონაწილეობა ცნობილმა სახეებმა მიიღეს. მათ შორის თბილისის მერიც იყო.
„გიგი უგულავას პრობლემა ახლოდან დავანახე. თუმცა, ბევრი საუბრის მიუხედავად, არაფერი შეცვლილა."
ანას სურს, ქალაქში დამოუკიდებლად ეტლით სეირნობა, მეტროში ჩასვლა და კინოში შესვლა შეეძლოს. ეს დღეს შეუძლებელია - ჯერ კანონიც კი არ არსებობს. საქართველოს პრეზიდენტმა კონვენცია პარლამენტში უნდა შეიტანოს, მისი რატიფიცირების შემთხვევაში კი ქალაქში ავტობუსების, სკოლების და სხვა შენობების პანდუსებით აღჭურვა უნდა დაიწყოს.
მართალია, ზოგ ახალაშენებულ შენობას პანდუსი აქვს, მაგრამ ხშირად ეს პანდუსები სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ზოგს დაქანება აქვს მაღალი, ზოგს კი - მოაჯირი არ აქვს.
საზოგადოება არ არის ინფორმირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების შესახებ. მოქალქეები მათ მარტივი მიზეზის გამო ვერ ხედავენ - ისინი ქუჩაში არ დადიან.
მართალია, სითი პარკმა ყველა ავტოსადგომზე გამოიყო სპეციალური ადგილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მაგრამ ანა ამბობს, რომ უმეტესწილად ეს ადგილები დაკავებული ხვდება.
ანასთან ერთად 150 000 შეზღუდული უნარის მქონე პირი ყოველდღიურად დგება სირთულის წინაშე, თუ როგორ გადაადგილდეს: „პროტესტის ნიშნად აღარ ავდივარ ტროტუარზე, ჯერ იმიტომ, რომ ვწუხდები, მეორეც -პრაქტიკულად შეუძლებელია და ეს ხდება იმ ახლადდაგებულ გზებზე, რომლებითაც სახელმწიფო ამაყობს. არსად არ არის გათვალისწინებული პანდუსი, რომ აღარაფერი ვთქვათ ტრანსპორტზე და შენობებზე. ვსეირნობ იქ, სადაც მანქანები დადიან."
მაკო ჯანჯიბუხაშვილი