03.07.2012
გადამწყვეტი დარტყმა უმუშევრობას
2012-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა "მეტი სარგებელი ხალხს" შვიდი გვერდისგან შედგება. სამთავრობო გეგმა პარლამენტში 3 ივლისს, დილის ბიუროს სხდომაზე შეიტანეს. პროგრამას ხვალ რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებენ, - ამის შესახებ განცხადება დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავჯდომარემ გააკეთა."რატომ ჩქარობთ ბატონ დავით?"- მიმართა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პარლამენტის თავჯდომარეს. "მოგვეცით რეგლამენტით განსზღვრული ოთხი დღე, რომ გაავანალიზოთ პროგრამა" - განაცხადა ბიუროზე დიმიტრი ლორთქიფანიძემ. "ვჩქარობთ იმიტომ, რომ ხალხს სჭირდება მეტი სარგებელი" - უპასუხა დავით ბაქრაძემ.
პროგრამა, რომელიც ხელს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ივანე მერაბიშვილი აწერს, პარლამენტის წევრებს დღეს დაურიგდათ.
"დღეს დგება ეტაპი, როცა ქვეყნის წინსვლითა და წარმატებით სარგებელი უნდა ნახოს ყველა ოჯახმა. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობა იქნება - მეტი სარგებელი ხალხს." - სამთავრობო გეგმის მიხედვით დასაქმების სახელმწიფო მინისტრს უმუშევართა და დამსაქმებელთა რეესტრის წარმოება დაევალებ
"რადგან არ არსებობს მონაცემები უმუშევრობის გეოგრაფიის შესახებ, მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებიც ეძებენ სამუშაოს, სწორედ ამ პრობლემის მოგვარება, გადაჭრა დაევალაება დასაქმების სახელმწიფო მინისტრს."
როგორც ირკვევა, შემოღებული იქნება უმუშევარის და სამსახურის მაძიებლის სამართლებრივი სტატუსი.
უმუშევართა დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების ვაუჩერს ყველა მსურველი უფასოდ მიიღებს "რაც მთლიანად უფასოს გახდის განათლების პროცესს ამ მიმართულებით"- ვკითხულობთ გეგმაში.
მთავრობა ახალ სამუშაო ადგილებს ინფრასტრუქტურული პროექტების გზით შექმნის.
მთავრობა პირობას დებს, რომ 4 მილიარდზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს, რაც დაახლოებით 80 000 ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს.
ტურისტების რაოდენობა გაიზრდება 7 მილიონამდე, რაც ნიშნავს ტურიზმის სექტორში შექმნილ დაახლოებით 14 00 00 სამუშაო ადგილს;
დაიგება 5000 კილომეტრი გზა, რაც ნიშნავს სტაბილურად დასაქმებულ დაახლოებით 40 000 ადამიანს;
გაგრძელდება 15 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რაც დამატებით 13 000 სამუშაო ადგილს შექმნის.
"აღნიშნული ღონისძიებების მიზანი იქნება, გადამწყვეტი დარტყმა მივაყენოთ უმუშევრობას" - წერია დოკუმენტში." მაგრამ რადგან არავინ იცის ყოველი კონკრეტული ოჯახის პრობლემები და საჭიროებები იმაზე უკეთ, ვიდრე თავად ამ ოჯახმა და ოჯახის წევრებმა, ამიტომ თითოეულ ოჯახს გადაეცემა ოთხწლიანი 1000 ლარიანი ვაუჩერი"
მთავრობის საპროგრამო მიზნების მისაღწევად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საბიუჯეტო თახნები დაიხარჯება შემდეგი მიმართულებით:
პენსიების დაფინანსების მიზნით - 6 მილიარდი ლარი;
ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით - 3 მილიარდი ლარი;
სოციალური დახმარებებისთვის - 3 მილიარდი ლარი;
სოფლის მხარდაჭერის მიზნით - 4 მილიარდი ლარი
განათლების დაფინანსების მიზნით - 4 მილიარდი ლარი.
ანა ნაცვლიშვილი