03.07.2012
“მაესტრო” რეგიონებში თეფშების დამონტაჟებას იწყებს
“ტელეკომპანია “მაესტრო” რეგიონის მოსახლეობისთვის სატელიტური თეფშების დარიგებას გეგმავს,” - ამის შესახებ “მაესტროს” დამფუძნებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. განცხადებას ხელს მაკა ასათიანი, მამუკა ღლონტი, გიორგი ებრალიძე, ლევან ჩიკვაიძე და ეკა აკობია აწერენ.
“მაესტროს” გენერალური დირექტორის, ილია კიკაბიძის თქმით, თეფშების დამონტაჟება, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება, თუმცა, პროექტის საერთო ღირებულება ჯერ ცნობილი არ არის: “გააჩნია, მოსახლეობის მხრიდან როგორი იქნება მოთხოვნა, ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედებთ” - ამბობს კიკაბიძე. მისივე განმარტებით, პროექტისთვის საჭირო თანხებს, მათი პარტნიორი და თანადამფუძნებელი მაკა ასათიანი გაიღებს. ჯერჯერობით ისიც უცნობია, რა პირობები იქნება ჩადებული მომხმარებელთან გაფორმებულ კონტრაქტში. “ხელშეკრულების დეტალები ახლაც ზუსტდება. იურისტებთან ერთად ვათანხმებთ სავარაუდო პირობებს და რამდენიმე დღეში ალბათ უკვე ყველაფერი გვეცოდინება.”
როგორც ცნობილია, გასულ თვეში კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილი მისი ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის კომპანია "გლობალTV"-ის საქმიანობასთან დააკავშირა და კომპანიის მიერ მოსახლეობისათვის ანტენების დარიგებისთვის 63 მლნ ლარით დააჯარიმა. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნება” “გლობალ კონსალტინგ გრუპის” ტექნიკას, პერსონალს და სხვა საშუალებებს, „საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის“ იყენებდა როცა ამომრჩევლებს „მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულ ათასობით“ სატელიტურ ანტენას ურიგებდა.
ილია კიკაბიძე ამბობს, რომ მათი ბიზნეს-გეგმა მოთხოვნების შესაბამისი იქნება და ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება.
არსებობს თუ არა რისკი, კონტროლის პალატამ პოლიტიკასთან მაკა ასათიანიც დააკავშიროს? მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე მიიჩნევს, რომ არსებული კანონმდებლობით, “მაესტროს” თავისუფლად შეუძლიასამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდეს იმ პირებთან, რომლებიც არხის მიღებით არიან დაინტერესებულნი. “სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ნებისმიერ პირს შეუძლია ჰქონდეს პოლიტიკური გემოვნება. რადგან მაკა ასათიანი არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი ან წარმომადგენელი, შესაბამისად, მისი პოლიტიკასთან დაკავშირების რისკი ამ ეტაპზე არ არის. “მაესტროს” კი, როგორც კერძო კომპანიას, მოსახლეობის ინფორმირებისა და არხის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შეუძლია შეიძინოს, შემოიტანოს და მოსახლეობას გადასცეს სატელიტური თეფშები, მიუხედავად მფლობელთა პოლიტიკური შეხედულებებისა.”
“გლობალის” ანტენების დაყადაღების შემდეგ “მე-9 არხის” გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა განაცხადა, რომ სატელიტურ თეფშებს “მეცხრე არხი” თავად დაამონტაჟებდა. კიკაბიძე ამბობს, “მაესტრო” თეფშებს დამოუკიდებლად დააყენებს და “მეცხრე არხთან” გარკვეული შეთანხმების გაფორმება არ იგეგმება.
“მაესტროს” თეფშებით მომხმარებელი თანამგზავრ “თურქსატის” მეშვეობით “მეცხრე არხისა” და დაახლოებით 300-მდე სხვა ქართული და უცხოური არხის ნახვას შეძლებს.
მაკო ჯანჯიბუხაშვილი