04.07.2012

“კონსტიტუცია იმიტომ შეიცვალა, რომ პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილი გამხდარიყო”

სტატიები  (photo: )

 

ინტერვიუ რესპუბლიკური პარტიის წევრ პაატა ზაქარეიშვილთან

რამდენად წარმატებული მინისტრი იყო ვანო მერაბიშვილი?

თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ მერაბიშვილი წამყვანი მინისტრია და ის ქვეყანას სააკაშვილთან ერთად მართავდა, მაშინ მეორე დაშვებაც უნდა გავაკეთოთ: სად იმყოფება ქვეყანა დღეს?

თუ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემებია, საერთაშორისო დონეზე, ეკონომიკურ დონეზე, არის უმუშევრობა, სიღარიბე, ავტორიტარიზმი, არადემოკრატია, დისტანცირება დასავლეთისგან, რუსეთის მეტი ჩართულობა, საქართველოს სახელმწიფოს მიმართ გაუცხოებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი, მაშინ სადაა წარმატება? როგორ შეიძლება ქვეყნის წამყვანი მინისტრი იყოს წარმატებული და ამ დროს ქვეყანა იყოს წარუმატებელი?

თამამად ვიტყვი, რომ არ ვიცი, რას გულისხმობენ, როცა მერაბიშვილის წარმატებაზე საუბრობენ და მახსენდება რასკოლნიკოვი, სანიმუშო მკვლელი, რომელიც დოსტოევსკიმ ძალიან კარგად აღწერა. თუ მერაბიშვილის ამოცანა იყო ქვეყნის დანგრევა, მაშინ ის წარმატებული მინისტრია.

მაგრამ პოლიცია, რომელსაც, მერაბიშვილი, ხშირად "სერვისს" უწოდებს, ხომ სწორედ მან შექმნა?

შეგვიძლია იმაზე ვილაპარაკოთ, რა შექმნა მერაბიშვილმა. კორუმპირებული პოლიცია მერაბიშვილმა მოსპო. მაგრამ არსებობს დღეს პოლიცია? პოლიცია უნდა ემსახუროს საზოგადოების ინტერესებს, წესრიგის დაცვას. უკანასკნელ თვეებში ქვეყანაში ჩატარდა "ქართული ოცნების" ოთხი მასობრივი მიტინგი. არცერთი პოლიცილელი არ ყოფილა იქ. პოლიციის ფუნქცია თუ საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება, რატომ არ იყო პოლიცია არცერთ აქციაზე? მეორეც - გავიხსენოთ მერეთის ინცინდენტი - სოფლელების შეხვედრა ივანიშვილთან, რომელიც დაარბიეს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაარბია, არც იქ არ ყოფილა პოლიციელი. იყო კორუმპირებული პოლიცია. ეხლა გვაქვს პოლიტიზირებული პოლიცია.

პოლიცია, როგორც სერვისი ჩანს იქ, სადაც ხელისუფლებას აწყობს რომ გამოჩნდეს. რასაც პოლიციას არქმევენ, ეს სინამდვილეში შეიარაღებული ფორმირებაა, რომელიც მთავრობის და ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ემსახურება, მაგრამ არა - სახელმწიფო და საზოგადოების ინტერესებს.

რა გზავნილია საზოგადოებისთვის ივანიშვილის გაპრემიერება?

ეს ნიშნავს, არჩეევნებში ხელისუფლება უნდა შეინარჩუნოს ნაციონალურმა მოძრაობამ, არა სააკაშვილმა, არამედ ნაციონალურმა მოძრაობამ. სააკაშვილი მარტო არ მართავს ქვეყანას. ოლიგარქიული მართველობის სისტემაა, ხუთი-ექვსი კაცი მართავს სახელმწიფოს. მერაბიშვილი ყველაზე წამყვანი და პოპულარული ფიგურაა ამ ხუთ კაცში. უკვე ჩანს, რომ სააკაშვილი ვეღარ ახერხებდა პოპულისტური მესიჯების ლეგიტიმურ ფორმაში მოქცევას. საზოგადოება მას უკვე აღარ ენდობა.

მერაბიშვილს საზოგადოების ნაწილი უფრო ენდობა, ამიტომ, მის მიერ უფასო ჯანდაცვასა ან დასაქმების პროგრამებზე საუბარი უფრო დამაჯერებელი იქნება, ვიდრე სააკაშვილის ნათქვამი. მერაბიშვილი ამ დანიშვნით არც დაწინაურებულა და არც გვერდზე გადაუყენებიათ - სადაც იყო, ისევ იქ არის, განაგრძობს ქვეყნის მართვას. უბრალოდ, ჩრდილიდან გამოვიდა. არალეგიტიმურად მართავდა ქვეყანას, იყო მინისტრი, მაგრამ პრემიერ- მინისტრზე მაღლა იდგა, ეს უცხოელებშიც და საზოგადოების ნაწილშიც იწვევდა კითხვებს - მაშინ ვინ არის გილაური, როცა ყველაფერი მერაბიშვილის დონეზე წყდებოდა?

იქნებ დააკონკრეტოთ რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ყველაფერი მერაბიშვილის დონეზე წყდებოდა?

სხვა სამინისტროებში არსებულ პრობლემებს საბოლოო გადაწყვეტას შინაგან საქმეთა სამინისტროში უძებნიდნენ. განათლების სამინისტროს მაგალითი ამის შესანიშნავი დადასტურებაა. სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიავლინეს ქალბატონი დეკანოიძე, რომელმაც მიმინოშვილი ჩაანაცვლა და ახლა უცებ მინისტრიც გახდა. გარკვეული პერიოდი ციხეებში ვმუშაობდი, ინფორმაცია და კონტაქტები დღემდე მაქვს და ვიცი, რომ კალმახელიძე იქ ფაქტიურად არაფერს წყვეტს. მას არავინ არაფერს ეკითხება, ციხეებსაც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მართავენ.

გარემოს დაცვით ღონისძიებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ახორციელებს, გარემოს დაცვის რაღაც პოლიცია შეიქმნა. მინისტრი ტაკიმასხარაა, რომელიც ხიდებიდან ხტება და ფოკუსებს ატარებს. აღარაფერს ვამბობ განათლების სამინისტროზე, მას შემდეგ რაც სკოლებში მანდატურები შევიდნენ, სკოლა ყაზარმებად იქცა.

ყველანი ვხედავთ, როგორ უმღერიან პოლიციას და როგორ კლიპებს იღებენ პოლიციის წარმატებებზე ხელოვანი ხალხი, ვხედავთ, როგორ აღლუმებს ატარებენ პოლიციის დღეზე.

სურამში რესტორანში ვნახე, ფორმაში მყოფი პოლიციელები როგორ დადგნენ სკამებზე და მერაბიშვილის სადღეგრძელო შესვეს, როგორც მომავალი პრეზიდენტისა. როგორც ჩანს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ხშირად დავდივარ რეგიონებში და რესტორნებში აუცილებლად უკრავენ პოლიციელების მარშს, ეს აუცილებელი ნომერია, ამ სცენას არაერთხელ შევსწრებივარ.

ვანო მერაბიშვილის გაპრემიერება ნიშნავს თუ არა იმას, რომ სააკაშვილმა პუტინ-მედვედევის მოდელზე უარი თქვა?

სააკაშვილს არც ჰქონია ეს მოდელი. დარწმუნებული ვიყავი, რომ სააკაშვილი ამით საზოგადოებასაც და დასავლეთსაც გვაწვალებდა და მერე მერაბიშვილზე გადააფორმებდა ყველაფერს. კონსტიტუციაც იმიტომ შეიცვალა, რომ მერე მერაბიშვილი ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი. მერაბიშვილს კარგი მეტყველება რომ ჰქონოდა და შეძლებოდა კენჭი ეყარა პრეზიდენტად, როგორც ქარიზმატულ ლიდერს, კონსტიტუცია არ შეიცვლებოდა.

ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა, უბრალოდ მათ უფრო ადრე მოუწიათ მერაბიშვილის ჩრდილიდან გამოყვანა, ვიდრე საჭირო იყო. ამას არჩევნების შემდეგ აპირებდნენ, როცა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იქნებოდა ლაპარაკი. დარწმუნებულები იყვნენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებდნენ, მაგრამ გამოჩნდა ივანიშვილი და ყველაფერი შეიცვალა.

მერაბიშვილის ამ დროს გამოჩენა მეტყველების იმაზე, რომ ძალიან შეშფოთებულები არიან, აშკარად არ არიან დარწმუნებულები თავიანთ გამარჯვებაში. ამიტომაც მოუწიათ ვადაზე ადრე მერებიშვილის, სააკაშვილზე გაცილებით უფრო წარმატებული პოლიტიკოსის, ღიად ჩართვა პოლიტიკაში.

სიმკაცრით ცნობილ ბაჩო ახალაიას მერაბიშვილის ადგილზე რომ ნიშნავენ, არის ეს გარკვეული მესიჯი ოპოზიციისთვის თუ მეორე მხრივ - იარაღი სააკაშვილის ხელში?

ძალიან შეზღუდულები არიან რესურსებში, ამიტომ მუდმივად უწევთ  ამ ტიპის "კარუსელების" დატრიალება. ლოგიკური იქნებოდა ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრად დარჩენილიყო და შაშკინი დაენიშნათ შინაგან საქმეთა მინისტრად. თითქოს არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ მოუწიათ უხერხული მოძრაობების გაკეთება. გადმოიყვანეს ბაჩო ახალაია - მათ სჭირდებათ სასტიკი ადამიანი, ჯარში კი ამ მიმართულებით უკვე ყველაფერი მოგვარებულია. თანაც, ჯარი მაინც სტრუქტურიზებულია და სულ სხვანაირად იმართება. პოლიციელები მოქალაქეები არიან, ისინი არ არიან სამხედრო პირები და სულ სხვა ამოცანა აქვთ. ამიტომ, პოლიციაში მკაცრი ხელის აუცილებლობა მიაჩნიათ უფრო საშურ საქმედ.

ჩემი აზრით, რეალური მინისტრი მაინც მერაბიშვილი იქნება. ის პოლიციელებს უყვართ. ახალაიასთან შეუძლებელია, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეთ. ოფიცრები და ჯარისკაცები ყვებიან, რომ მასთან ურთიერთობა შეუძლებელია. ახალაიას დანიშვნით საზოგადოებას გაუგზავნეს მესიჯი,  დაუნდობლები ვიქნებითო.

მერაბიშვილი არის ისეთი დამოუკიდებელი, რომ, ვთქვათ, არ ყოფილიყო დაუნდობელი? ჩვენ ხომ ვნახეთ 7 ნოემბერი და 26 მაისი?

მერაბიშვილი შედარებით უფრო მოქნილია, ცდილობს გამოსავალი იპოვოს. ურთიერთობა მქონია და სააკაშვილისგან განსხვავებით, ნაკლებად ხისტია. მზად იყო მოესმინა სხვადასხვა მოსაზრება და შედარებით უკეთესი ვარიანტი განეხილა, რაც სააკაშვილთან და ახალაისთან გამორიცხულია.

ახალაიასთან სერიოზულად არ მითანამშრომლია, მაგრამ როცა სოზარ სუბარის მოადგილე გახდა, იქ გამოჩნდა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა აშკარად არ იყო მისი საქმე - აკეთებდა იმას, რასაც "თავისუფლების ინსტიტუტიდან" ავალებდნენ. ის აიყვანეს, როგორც შემსრულებელი. მერაბიშვილი შემსრულებელი არასდროს ყოფილა, ის ყოველთვის განმკარგულებელი იყო.

რას ნიშნავს ის, რომ ხელი ისევ არ ახლეს ადეიშვილს?

არც უნდა ეხლოთ. ადეიშვილი ძალიან ეფექტურად აფორმებს სამართალში იმ მანკიერ პოლიტიკას, რაც სააკაშვილის და მერაბიშვილის თავებში იხარშება. მაგალითად, ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ივანიშვილის წინააღმდეგ განახორციელეს.

რას ფიქრობთ, რატომ შეცვალეს კობა სუბელიანი?

სუბელიანს უკავშირდება პოლიციის მიერ დევნილების სასტიკი დარბევა. სინამდვილეში, მერაბიშვილი აკეთებდა ამას. ვინაიდან კანონი არ აძლევდა პოლიციას საშუალებას, გამოენთავისუფლებინათ დევნილების მიერ დაკავებული ბინები, გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებულებები დადგა კანონზე მაღლა და დაიწყეს ხალხის გამოსახლება, ამას "ღირსეულად" იცავდა სუბელიანი. სუბელიანს ატანენ იმ ცუდ აურას, რაც დევნილებში შეიქმნა და ახლა უნდათ, დევნილების ხმები მიიზიდონ. სუბელიანის გაშვება პირდაპირ კავშირშია პოლიციის საქმიანობასთან. ლალი ხომერიკი არ არის ცნობილი უარყოფით ფიგურად, ის აფხაზეთის მთავრობაში იყო, ეხმარებოდა დევნილებს და მის მიმართ დადებითი განწყობაა. არჩევნებამდე დევნილებს აღარ დაერევიან, დალი ხომერიკი ახლა დაარიგებს იმ სახლებს, სადაც დევნილები ცხოვრობენ და შეეცდებიან დევნილებისგან ამომრჩევლების სერიოზულ არმია შექმნან.

შეიქმნა დასაქმების სამინისტრო, ამასთანავე, ათას ლარს დაურიგებენ ყველა ოჯახს ოთხი წლის განმავლობში. ერთი შეხედვით ჩანს, რომ მემარცხენე ნაბიჯები გადაიდგა...

ათასი ლარი კიდევ არ არის იმდენად მიუღებელი, რამდენადაც  დასაქმების სამინისტროს შექმნა. რას ნიშნავს ეს? საიდან უნდა დაასაქმონ ხალხი, თუ არ იქნება სამუშო ადგილები? ეს ძალიან პრიმიტიული და პოპულისტური ნაბიჯია და არაფერი საერთო არ აქვს უმუშევრობის დაძლევასთან. იმის ნაცვლად, რომ გააძლიერენონ ეკონომიკა, კომუნისტურ ლოზუნგებს თხზავენ და საზოგადოებას მორიგი ზღაპრებით კვებავენ. არაფერი არ შეიცვლება ამ სამინისტროს შექმნით.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
მეტი

ამავე ავტორისგან