05.07.2012
ვისია პრეზიდენტის საჩუქარი?
გაურგაშვილების ოჯახი აზერბაიჯანის საზღვართან, სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში ცხოვრობს, თუმცა ოჯახის არასრულწლოვანი წევრები სწავლას პანკისის ხეობაში, სოფელ დუისის საჯარო სკოლაში აგრძელებენ. ამის მიზეზი ის კოფლიქტია, რომელიც გაურგაშვილებსა და ერისიმედის სკოლის დირექციას შორის წარმოიშვა.
სასაზღვრო სოფელ ერისიმედში ძირითადად ეკომიგრანტი აჭარლები ცხოვრობენ, მათ შორის ეთნიკურად ქისტებიც არიან. ეთნიკურად ქისტები არიან გაურგაშვილებიც.
პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივის მიხედვით, საუკეთესო აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს ყოველწლიურად, საჩუქრად კომპიუტერები გადაეცემათ. ამ საჩუქრის ერთ-ერთი კანდიდატი მეათეკლასელი ხათუნა გაურგაშვილიც იყო, თუმცა მას კომპიუტერი არ მიუღია. მოსწავლის მშობლები, ნუგზარ და ლეილა გაურგაშვილები ეჭვობენ, რომ მათ შვილს სასკოლო ნიშნები გადაუკეთეს რათა მის ნაცვლად კომპიუტერი სხვა მოსწავლეს მიეღო, რომლის ნათესავებიც სკოლაში მუშაობენ. ამასთან, გაურგაშვილები ფოქრობენ, რომ მათ შვილს ეთნიკური ნიშნით გამოარჩევენ და ჩაგრავენ.
"ბავშვი სოფელ დუისში, საჯარო სკოლაში იმის გამო გადავიყვანე, რომ ბავშვებს ეროვნების ნიშნით არჩევდნენ. ბევრი ქულის დაკლების შემდეგ კომპიუტერის მიღების შანსიც წაართვეს. იმ კლასში მასწავლებლის ნათესავი ბავშვები სწავლებენ. მათ კომპიუტერები მიიღეს ჩემმა შვილმა კი - ვერა". - ამბობს ლეილა გაურგაშვილი.
ლეილამ საკითხის გარკვევა სიღნაღის რესურს ცენტრში სცადა. "ავუხსენი სიტუაცია, კომისია ჩამოიყვანეთ და გამოცდები ჩაატარეთ-მეთქი, ვთხოვე, ისინი დამპირდნენ, რომ ყველაფერს გაარკვევდნენ, მითხრეს, რომ ჩამოსვლა საჭირო არ იყო, ამის დროც არ ჰქონდათ და სიღნაღიდანვე მოაგვარებდნენ, თუმცა არაფერი მოუგვარებიათ".
ამის შემდეგ ბავშვს სკოლაში აღარ უვლია, "ველოდებოდი, რომ ან დირექტორი მოაკითხავდა, ან სასწავლო ნაწილის გამგე, თუმცა არავინ მოსულა.
გაურგაშვილებმა პროტესტის ნიშნად ბავშვები დუისის სკოლაში გადაიყვანეს, ლეილას თქმით, საბუთების გატანისას ერისიმედის საჯარო სკოლაში მიზეზიც არ უკითხავთ.
გაურგაშვილებმა განათლების სამინისტროს საჩივრით მიმართეს, "მათ მითხრეს, რომ ორ-სამ კვირაში წერილობით პასუხს გამოგიგზავნითო, მაგრამ არაფერი არ უპასუხიათ".
დირექტორი დავით თავართქილაძე ბრალდებებს უარყოფს, მისი თქმით, საჩივრის შესახებ საქმის კურსშია და ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში ორჯერ იყო დაბარებული:
"სამინისტროში ყველანაირი დოკუმენტაცია ჩავიტანე. პრეზიდენტის საჩუქარს ის ბავშვი ღებულობს, რომელსაც მშვიდე, მერვე და მეცხრე კლასში არც ერთი ცხრიანი არ აქვს. მეშვიდეში ამ მოსწავლეს ხუთი ცხრიანი აქვს, საშუალო 9,5 გამოუვიდა, ჩვენ თავიდან ათამდე დავამრგვალეთ, თუმცა, ასე არ უნდა გაგვეკეთებინა, ახალი წესის მიხედვით, დამრგვალება არ შეიძლება. როდესაც კომპიუტერის მიღების კანდიდატების სია რესურს ცენტრს მივაწოდეთ, სისტემამ აჩვენა, რომ ხათუნას კომპიუტერი არ ეკუთვნოდა".
ნუგზარ გაურგაშვილის თქმით, დირექტორი ცრუობს, და მის შვილს ათიანები საგანგებოდ გადაუკეთეს.
ინგლისურის მასწავლებელი ნათია ხოშტარია ერისიმედის საჯარო სკოლაში განათლების სამინისტრომ მიავლინა. მის თქმით, ნიშნების დაკლებაზე არაფერი სმენია, თუმცა შესწრებია, როგორ უმატებენ ნიშნებს სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების შვილებს:
"ნიშნების გადაკეთება აქ მიღებული პრაქტიკაა, თუ დირექტორის ან მასწავლებლის შვილია, იყო მომენტი, როდესაც მთელი პედსაბჭო მაიძულებდა, რომ დირექტორის შვილისთვის ნიშანი გადამესწორებინა". - ამბობს ხოშტარია.
დირექტორის თქმით, ზოგჯერ პედსაბჭო წყვეტს, აუმაღლდეს თუ არა ამა თუ იმ ბავშვს ნიშანი "ოღონდ, იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე მხოლოდ ერთ საგანს ეხება".
ნათია ხოშტარია ამ პრაქტიკას აბსურდულს უწოდებს, მისი თქმით, გაურგაშვილების ეთნიკური ნიშნით ჩაგვრაზე ვერაფერს იტყვის გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთმა პედაგოგმა უსაყვედურა "მაგ ქისტს ნიშანს როგორ უწერო".
თავართქილაძე ეთნიკური ნიშნით მოსწავლეების გამორჩევას კატეგორიულად უარყოფს.
გაურგაშვილების ოჯახი გაჩერებას არ აპირებს, ისინი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის საჩუქარი უსამართლოდ არ გადაეცათ, ნუგზარ გაურგაშვილის თქმით, ამ ამბის გასარკვევად გუბერნატორსაც შეხვდება.
ბექა დავითულიანი