01.08.2012

"კულტურის დრო ყოველთვის არის"

სტატიები  (photo: )

ინტერვიუ ლანა ღოღობერიძესთან

ქალბატონო ლანა, თქვენ ჩართული იყავით “ქართული ოცნების” კულტურის პროგრამის შემუშავებაში, რომელიც მალე გამოქვეყნდება. შეგიძლიათ გვითხრათ, რა არის ამ პროგრამის კონცეფცია და მასში ასახული პრიორიტეტები?

ბევრი შეიძლება ფიქრობდეს, რა დროს კულტურაზე ლაპარაკია მაშინ, როდესაც მართლა ძალიან უჭირს ხალხს, როცა საარსებო საშუალებები არაა, როცა სოფელში წყალი არ მოდის, გაზი არ არის, ბავშვებს ხორცი არა აქვთ... მიუხედავად ამისა, მართლა უმნიშვნელოვანესი მგონია, გავიაზროთ, რომ კულტურის დრო ყოველთვის არის. მით უმეტეს, ჩვენნაირი ქვეყნისთვის. უფრო მეტიც - მგონია, კულტურა უნდა გავიაზროთ, როგორც სულიერი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, თანხები ჯერ უნდა წავიდეს სოფლის მეურნეობაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, მაგრამ თანხებზე და მატერიალურ უზრუნველყოფაზე არ არის მხოლოდ საუბარი, გააზრებულად უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს რეალურ ადგილს მსოფლიო ცივილიზაციაში მხოლოდ კულტურით ვიმკვიდრებთ. აი, ეს მგონია უმნიშვნელოვანესი.

ძალიან მიხარია, რომ ყალიბდება მოძრაობა, “ქართული ოცნება”, რომლის წევრი მეც ვარ და რომელსაც ესმის კულტურის მნიშვნელობა, განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან, რომლისთვისაც კულტურა ცარიელი სიტყვაა. კულტურა მათთვის მასკულტურაა, შოუბიზნესია, ოღონდ საკმაოდ მდარე ხარისხის, და ლოიალური ადამიანებით.

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ სულ სხვა ძალა მოდის ხელისუფლებაში, რომელსაც კულტურის მნიშვნელობა ასე აქვს გათავისებული.

ჩემს თვალწინ 500-მდე ადამიანი ჩართული იყო სხვადასხვა დარგის პროგრამების შემუშავებაში - პროფესიონალები, ადამიანები, რომლებსაც ესმით და გული შესტკივათ. კულტურის პროგრამა რომ ცალკე იყო გამოყოფილი, ესეც იმიტომ, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს ესმის კულტურის ადგილი და მნიშვნელობა. ეს მისი ქველმოქმედებიდანაც ჩანს.

მუშაობა უკვე დასრულებულია. უკანასკნელი შტრიხები შედის იმისთვის, რომ გამოქვეყნდეს კულტურის პროგრამა, ჯერ შეკუმშული სახით, დაახლოებით 120 გვერდიანი დოკუმენტი, შემდეგ ეტაპზე უკვე 600 გვერდიანი ნამუშევარი, რომელიც სახელმძღვანელო უნდა იყოს ახალი ხელისუფლებისათვის.

კულტურის პროგრამაზე ცალ-ცალკე ჯგუფებში 100-მდე ადამიანი მუშაობდა,  სხვადასხვა დარგის პროფესიონალები: ცალკე იყო კინო, თეატრი, არქიტექტურა, მუსიკა და ყველა სხვა დარგი. იყო კიდევ ერთი, შემაკავშირებელი ანალიტიკური ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელიც მე ვიყავი. მთელი მასალა ჩვენთან იყრიდა თავს, ვფიქრობდით, ვაანალიზებდით, როგორი ფორმა მიგვეცა. ძალიან საინტერესო პროცესი იყო. პროგრამის შესავალი ჩემი დაწერილია, თუმცა, ეს მხოლოდ შესავალი არ არის, მთელი ცხოვრების ნაფიქრი და გამოცდილება ჩავდე.

ჩემთვის მთავარი პოსტულატია, რომ საყოველთაო გლობალიზაცია, რომელიც თავისთავად ბევრი სიკეთის მომტანია, ამავე დროს  გარკვეულ საფრთხეებსაც შეიცავს. ეს საფრთხე ყველაზე მეტად იმ პატარა ქვეყნებს ემუქრებათ, რომელთაც არც სიმდიდრე აქვთ, არც რესურსი. ბევრ დასავლურ კვლევაზე დაყრდნობით ვფიქრობ, რომ ამ პროცესში გადარჩებიან და თვითმყოფადობას შეინარჩუნებენ მხოლოდ ის პატარა ერები, რომელთაც საუკუნეთა სიღრმეში აქვთ გადგმული ფესვები ყოფითი კულტურის, ენის, ფოლკლორის, ხელოვნების სახით. საქართველო სწორედ ასეთ ქვეყანაა. ეს არის ამ პროგრამის ერთ-ერთი ამოსავალი პოსტულატიც.

თუმცა, სახის შენარჩუნებას თავისი აუცილებელი პირობაც აქვს, კულტურას მოვლა, პატრონობა და განვითარება სჭირდება. ჩვენ თუ მხოლოდ ის ვიძახეთ, რომ “ვეფხისტყაოსანი” გვქონდა და საგალობლები გვაქვს, სვეტიცხოველი, ჯვარი და სხვა, ეს არაა საკმარისი, სწორედ  ამას სჭირდება მოვლა და განვითარება.

დღემდე ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა კულტურის დანიშნულება და როლი ქვეყნის განვითარებაში. სულ სხვა პრიორიტეტები გვქონდა. ამ პრობლემაზე ბევრი წავიკითხე. აი, სულ ახლახანაც, ფრანსუა ოლანდმა, რომელიც სულ არ არის კულტურის მოღვაწე, განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური პროგრამის გული ფრანგული კულტურაა. საფრანგეთის ყველა პრეზიდენტი ასე აცხადებდა, მემარჯვენეც და მემარცხენეც. დე გოლიც კი, რომელსაც თითქოს სულ სხვა საფიქრალი ჰქონდა. 

დე გოლს ჩვენი პრეზიდენტიც ხშირად ახსენებდა, განსაკუთრებით მისი პრეზიდენტობის პირველ ხანებში...

შევარდნაძეს კულტურის მნიშვნელობა თითქოს ესმოდა, მაგრამ ეს პრობლემა კონცეპტულურად გააზრებული არც მას და არც არავის არ ჰქონდა. ამ ხელისუფლებამ კიდევ სხვა ელფერი შესძინა ამ ყველაფერს. ერთი მხრივ, დაემორჩილა მასკულტურას, თუმცა ეს გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის, და მეორე მხრივ, „ჩვენიანად“ და “არაჩვენიანად” დაყო ყველა სფერო,  სადაც გადამწყვეტია ლოიალობის ხარისხი ხელისუფლების მიმართ. კარგია ის, ვინც  ჩვენიანია. დანარჩენი კი - ყველა ცუდია.

ამ ხელისუფლებამ კიდევ ერთი ელემენტარული შეცდომა დაუშვა - უარყო ყველაფერი ის, რაც საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა, მაშინ, როცა მართლაც შეიქმნა ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშები. პიროვნებების უნდობლობას მოჰყვა მთელი იმ კულტურის უარყოფა, რასაც ეს ხელოვანები ქმნიდნენ. ამიტომ ის უწყევტობა, რაც ხელოვნებისთვის სრულიად აუცილებელია, აღარ არსებობს და თითქოს ახლა უნდა დავიწყოთ კულტურის შექმნა. ერთპიროვნულ ფაქტორს მიეცა გადამწყვეტი მნიშვნელობა, რაც კულტურისთვის დამღუპველია.

ამის მერე გამეფდა პოლიტიკური მიდგომით, ჩვენიანის პრინციპით განპირობებლი ვოლუნტარიზმი და მეტიც, ხელოვნების მთელი დარგები პოლიტიკურ პერსონათა გემოვნების კონიუნქტურაზე აღმოჩნდა მორგებული.

დღეს საქართველო კიდევ ერთხელ დგას გზის გასაყარზე - ის ან რეალურად დიამკვიდრებს ადგილს ცივილიზებულ სამყაროში ან საბოლოოდ დარჩება მის განაპირას, როგორც ისტორიულ შანსს აცდენილი პოსტსტაბჭოთა სახელმწიფო.

უმნიშველოვანესი თეზაა ისიც, რომ საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ერი საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ენასა და კულტურაში ახდენდა. მთელი ისტორია რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენ სხვა არაფერი გვქონდა ისეთი, რითიც შეიძლებოდა ფასეული ვყოფილიყავით. დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, “ქართულ ოცნებას” გააზრებული აქვს კულტურის სტრატეგიული მნიშვნელობა.

როგორია ამ საპროგრამო დოკუმენტში ჩამოყალიბებული კონკრეტული ხედვები?

ჯერჯერობით, მგონი, არ თქმულა ერთი რამ, რომ კულტურის განვითარებას შესაბამისი გარემო სჭირდება. რაც კაცობრიობამ თავის თავზე იწვნია - ყველანაირი ერთპიროვნული დიქტატურების, ავტორიტარიზმების დამანგრეველი შედეგებით, ნათელს ხდის, რომ ერთადერთი გარემო, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს კულტურის განვითარებას, დემოკრატიაა. ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა გავიაზროთ ცალკე კულტურა კი არა, კულტურა გადაჯაჭვული დემოკრატიასთან და მათი ერთდროული განვითარება უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი. ეს მგონია კონცეპტუალურად მნიშვნელოვანი.

ეს ნიშნავს თავისუფალ პიროვნებათა შემოქმედებითი ძალების თავისუფალი რეალიზაციის შესაძლებლობას. ციტატა პროგრამიდან: ჩვენი მიზანია, არ გავუშვათ ხელიდან ალბათ ეს უკანასკნელი ისტორიული შანსი, რომელიც გვაქვს დღეს. ამისთვის, განვიხილოთ საქართველო როგორც, ერთის მხრივ, საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა იმპერიის მიერ დაპყრობილი და სახელმწიფოებრიობადაკარგული, მწირი ბუნებრივი რესურსების მქონე პატარა ქვეყანა, რომელმაც უკვე მე-20 საუკუნეში ვეღარ გაუძლო დამოუკიდებლობის გზაზე კანონზომიერად აღმოცენებულ ცდუნებებს და სხვადასხვა ხაფანგში გაყო თავი, რასაც მოჰყვა სამოქალაქო ომი, დაპირისპირებები, შუღლი, ტერიტორიების დაკარგვა და საზოგადოების საბედისწერო გახლეჩა, მაგრამ ამ ისტორიულად დეტერმინირებულ ტრაგიზმს უპირისპირდებოდა და უპირისპირდება ქართველთა მიერ ქრისტიანობის გარიჟრაჟზე აღიარებული პირველქმნილი სახარისებული ქრისტიანობა, რომელშიც მძლავრად ჟღერდა თავისუფლების მოტივი.”

ესაა მამარდაშვილის დეფინიცია, რომელიც ძალიან მომწონს, ჩვენ ის პირველქმნილი ქრისტიანობა ვაღიარეთ, რომელშიც ასე მძლავრად იყო ეს თავისუფლების მოტივი, მერე სულ სხვა ქრისტიანობა დამკვიდრდა, ბევრად უფრო ნომენკლატურული, კანონიკური და ცენტრალიზებული, პიროვნებებს დამორჩილებული. პირვანდელი ქრისტიანობა იყო ჩვენი საწყისი, ამოსავალი და კულტურის შემადგენელი ნაწილი, ეს მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად.

საინტერესოაკონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს?

ახალი კულტურული პოლიტიკა -  “ქართული ოცნებისთვის” კულტურის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტები იქნება:

“კულტურული მემკვიდრეობის აღნუსხვა, მოვლა, ისტორიული მეხსიერების გადარჩენა, თანამედროვე კულტურის განვითარება, სიახლეების ძიების ხელშეწყობა, მათი წარმოჩენა-პოპულარიზაცია, აღნიშნული პრიორიტეტების განსახორციელებლად საჭიროა საგანგებო სახელმწიფო პროგრამის შემუშავება”

“საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი კულტურული მოღვაწეობისა და შემოქმედებით პროცესში მმართველი ძალის ჩაურევლობის უზრუნველყოფა, კულტურის სფეროში მონოპოლიზმის დაუშვებლობა, ხელისუფლების მხრიდან ვოლუნტარიზმისა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების გამორიცხვა”... ვინც გინდა მოვიდეს, ყველასთვის შეუძლებელი უნდა იყოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება. “კულტურულ ცხოვრებაში მოქალაქეთა შეუზღუდავი მონაწილეობის უზრუნველყოფა, ინტელექტუალური საკუთრებისა და შემოქმედებითი თავისუფლების დაცვა, კულტურის დაცვა მასკულტურის გამანადგურებელი გავლენისგან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მოვლა-პატრონობა მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების მიხედვით” და არა ისე, როგორც მოხდა თუნდაც ბაგრატის ტაძარში და ბევრი სხვა ძეგლის შემთხვევაში. საუბარია სიღნაღიზაციაზეც, ფსევდოკულტურა რომ შეიქმნა, ავთენტურობას რომ კარგავს ჩვენი კულტურა და ხელისუფლებაში რომ არავის ესმის ეს.

ასევე, პროგრამაში საუბარია კულტურის დაფინანსების გაზრდაზე ევროკავშირის ქვეყნების ნიმუშის მიხედვით - სუბსიდიებით, სტიპენდიებით, ცენტრალური და რეგიონული დაფინანსების გაზრდით, აქ ბევრი გათვლებია. ვერავინ ვერ დებს ბევრს პირდაპირ კულტურაში, 2-3 პროცენტი, ზოგან ნაკლებიც კი იდება, მაგრამ ყველგან არსებობს შემუშავებული სისტემა, ჩვენთანაც სისტემის მოფიქრებაა საჭირო.

აქვე არის კულტურის ეფექტური საკანონმდებლო ბაზის შექმნა, საგადასახადო პრივილეგიების დაწესება კულტურაში ინვესტირების მსურველთათვის... მთლიანად ამაზე დგას ფრანგული კულტურა. ის, ვინც ინვესტიციას დებს კულტურაში, თავისუფლდება გადასახადებისგან. წარმოიდგინეთ, რამხელა სტიმულია ეს! ფრანგებმა მართლა შეძლეს კულტურის ასე შენარჩუნება, მაგალითად კინოსთან დაკავშირებით. ეს ჩემი პირადი გულისტკივილიცაა. ქართული კინოს, კინოცენტრს დღეს, ისეთი მიზერული დაფინანსება აქვს, ერთ ფილმსაც ვერ გადაიღებ. მეზობლებთან შედარებითაც კი ყველაზე მცირე დაფინანსება გვაქვს. ამ დაფინანსებით, რეალური და ხარისხიანი რამის გაკეთება შეუძლებელია.

ქართული კინოარქივი შეიძლება განადგურდეს, რადგან ფირები ინახება “გოსფილმოფონდში” და ვერ მოვახერხეთ, რომ ეს ფირები იქიდან ჩამოგვეტანა. ახლა გამოჩნდნენ ენთუზიასტებიც, რომლებიც მუშაობენ ამაზე. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მსურველია, რომ იყოდონ უფლებები... რუსული, ისრაელის, სომხური კომპანიები, რომლებიც მიხვდნენ, რომ ამას შეიძლება კომერციული მნიშვნელობაც ჰქონდეს და ჩვენ ამას არ ვიყენებთ, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. პრიორიტეტი იქნება ჩვენი კინოარქივის შექმნა. ხომ ყველამ ვიცით, რომ ქართული კინო მსოფლიოში აღიარებული იყო, როგორც ფენომენი და დასავლეთშიც არ ერთვოდა ეპითეტი “საბჭოთა”.

კულტურული მემკვიდრეობა, კინო... კიდევ რა არის პრიორიტეტული დარგები?

არქიტექტურა, ურბანული პოლიტიკა... არ არსებობს ქალაქის გეგმა, საჭირო ექსპერტიზა, ყველაფერი პირდაპირ შენდება, ვისაც როგორ მოუნდება, ისე.

ივანიშვილის განცხადებას “მშვიდობის ხიდის” დანგრევაზე მოჰყვა პოლემიკა. თითქოს გამოიკვეთა იგივე დამოკიდებულება, რაც ამ ხელისუფლებისთვისაა დამახასიათებელი და რასაც ვაკრიტიკებთ, რომ დასანგრევია ის, რაც აქამდე იყო და ყველაფრის “შენება” ახლიდან უნდა დაიწყოს, მათ შორის ახალაშენებული ხიდის, რომელიც შეიძლება არ ესადაგებოდეს ახალი ხელისუფლების გემოვნებას. იზიარებთ ამ დამოკიდებულებას?

ჩემთვის ის ხიდი იმ ადგილას, საშინლად მიუღებელია, ისევე როგორც მიუღებელია კაზინოს ამხელა რეკლამა. ჩვენი არქიტექტურის მთავარი განმსაზღვრელი უნდა იყოს -  ლანდშაფტის გააზრება და გარემოსთვის მისადაგება. ერთი ჯვრის მონასტერიც საკმარისი მაგალითია, როგორ, სად და რომელ საუკუნეში ააშენეს... ყველა ჩვენი კულტურული ძეგლი ასეთია, და ახლა ასე ირღვევა ჰარმონია.

არ ვთვლი, რომ ასე ხელაღებით შეიძლება ვთქვათ, რომ დაინგრეს. ივანიშვილმა თქვა, რომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ეს ხიდი. ყველა შემთხვევაში, საზოგადოება იმისთვის არსებობს, რომ მიმართოს ხელისუფლის ნება-სურვილები. ფორმა არ ვიცი, ყოველ ხიდზე რეფერენდუმი ხომ არ ჩატარდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ხალხის აზრი რომ უნდა გაითვალისწინოს ხელისუფალმა, ესეც დემოკრატიის ანბანია, რაც ჩვენთან აბსოლუტურად დარღვეულია.

როგორ ფიქრობთ, რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება თქვენი შემუშავებული კულტურული პროგრამა?

ივანიშვილი თავად ესწრებოდა პროგრამის წარდგენას და ძალიან ცოცხალი ინტერესი გამოავლინა ყველაფრის მიმართ. ხშირად ამბობდა, აი, ეს არ ვიცოდი, ამაზე როგორ დამაფიქრეთო. მისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ის აზრი, რომ შუღლი, დაპირისპირებები და ომები კი არ იწვევს კულტურის კრიზისს, არამედ პირიქით, კულტურის კრიზისი იწვევს ამ ყველაფერს და საბოლოოდ - ომებს. ამ ადამიანმა იცის, რომ ყველაფერი არ იცის, ამას ბუნებრივად ამჟღავნებს და არ მიაჩნია, რომ ხალხს უნდა ეგონოს, რომ ყოვლისმცოდნეა. მჯერა, რომ მას არ აქვს მიზანი, რომ საქართველოში კერპთაყვანისმცემლობა კიდევ ერთხელ დამკვიდრდეს. საზოგადოებაც მზად არის ამისთვის, სრულიად აღარ უნდა მას კერპის შექმნა და იმედია, ესეც განაპირობებს ჩვენს გავითარებას.

ჩვენთან ცალკე პრობლემაა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება, ეს ვერ ვისწავლეთ, კულტურის განვითარებას სივრცე და გარემო სჭირდება და არა ეს დაძაბულობა, რომელიც არ ტოვებს სივრცეს კულტურის განვითარებისთვის.

არის რამდენიმე კონკრეტული პროექტი, ერთი მათგანია კულტურის არხის დაარსება. ერთ-ერთი მიზანია რომ ეს შეურიგებლობა, დაპირისპირება მოისპოს. ყველაფრის თავი და თავი არის განსხვავებული აზრის ვერ მიღება, ეს ახასიათებს ჩვენს საზოგადოებას ძალიან მძლავრად, და ხელისუფლებას - კიდევ უფრო მეტად. ვერ იღებს განსხვავებულ, კრიტიკულ აზრს. მთელი მიზანი ჩემი პარლამენტში ყოფნისა, ეს იყო - “შეურიგებლობა შეურიგებლობას”. მოსმენით და დიალოგით შეიძლება ჭეშმარიტებას მივაღწიოთ, ეს ხომ ძალიან ელემენტარულია თითქოს. ახლა ეს საერთოდ მიუღწეველია. თანაც მაშინ, როცა ეს დაპირისპირება აგრესიაში გადადის.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ დამოუკიდებელ საქართველოში, 21-ე საუკუნეში, კიდევ შეიძლებოდა ხელისუფლების შიში გაჩენილიყო. სოფლებში ჩურჩულით რომ გვეუბნებოდნენ, მთელი სოფელი თქვენთან ვართო,  - ეს ვნახე რეალურად, არადა, სრულიად წარმოუდგენელი მეგონა.

 

 

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
მეტი

ამავე ავტორისგან