06.08.2012
ოცნება ვარდების ნაცვლად?
ამავე თემაზე
რადიო "თავისუფლება" სპეციალურად "ლიბერალისთვის"
სერბული გამოცემა „პოლიტიკას“ მიმომხილველი სლობოდან სამარჯია სტატიას: „ქართული ოცნება“ ვარდების ნაცვლად“, ერთ-ერთი სკოლის დირექტორის სიტყვებით იწყებს, რომელმაც ქართული ენის მასწავლებლის გათავისუფლების მიზეზად შემდეგი დაასახელა: „მას სააკაშვილი არ უყვარს“.
ავტორის აზრით, პედაგოგების გათავისუფლებას საქართველოში სავსებით შეიძლებოდა ახალი მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა მოჰყოლოდა, ისეთი, როგორც ეს ვარდების რევოლუციას ახლდა. „აშკარაა, რომ დღეს, როდესაც მოქმედ პრეზიდენტს განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს, მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ბანაკში ყოფნა უბრალოდ მიუტევებელია“. სლობოდან სამარჯია წერს, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს ურთიერთბრალდებებს უყენებენ და დემოკრატიის პატივისცემისკენ მოუწოდებენ. ავტორის შეფასებით, სათავეში მოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის ევროკავშირისა და ნატოსთან დაახლოება მოხერხებულად გამოიყენა საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად.
„რაც ქართველ ლიდერს პრეზიდენტობისას არ გამოუვიდა, ესაა: შეეცვალა წესები, რომლითაც სახელმწიფოს საბჭოთა და პოსტ საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობდნენ. იგი ავტოკრატად იქცა“. სლობოდან სამარჯიას ეჭვი არ ეპარება, რომ წინასაარჩევნო ბრძოლა საქართველოში მწვავე იქნება. მაგრამ „შეცვლის თუ არა „ოცნება“ „ვარდებს“ მშვიდობიანად“,– ავტორს პროგნოზირება უჭირს.
სტატიაში „მშვიდობით ფეხბურთო! შევას და კალაძის პოლიტიკური არჩევანი“,– „ლა რეპუბლიკას“ ჟურნალისტი ნიკოლა ლომბარდოცი „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელების ანდრეი შევჩენკოსა და კახი კალაძის გადაწყვეტილებაზე წერს. ავტორის აზრით, ანდრეი შევჩენკომ დაახლოებით იმავე ტონით განაცხადა პოლიტიკაში წასვლის შესახებ, როგორც „მისმა მეგობარმა და ყოფილმა თანაგუნდელმა კახი კახლაძემ. ის ხომ დემოკრატიაზე ოცნებით დაბრუნდა საქართველოში“. ავტორს ისიც ახსენდება, რომ მანამდე „მილანიდან“ პოლიტიკაში კიდევ ერთი ფეხბურთელი, ჯორჯ ვეა წავიდა, რომელმაც „მშობლიურ ლიბერიაში მარცხი საპრეზიდენტო არჩევნების მხოლოდ მეორე ტურში განიცადა“.
ნიკოლა ლომბარდოცი წერს, რომ ანდრეი შევჩენკო ახლად შექმნილ პარტიაში „წინ უკრაინა!“ გაწევრიანდა. მისი ლიდერი, ექსპრემიერ იულია ტიმოშენკოს ყოფილი თანაგუნდელი, 36 წლის ნატალია კოროლევსკაიაა. იგი წინა პარტიიდან ზედმეტი „რუსოფილობისთვის“ გარიცხეს: „პუტინით აღტაცებულმა კოროლევსაკაიმ შევჩენკო პრორუსულად განწყობილი უკრაინელების ოცნების ახდენაში დაარწმუნა“, – წერს ლომბარდოცი და იმასაც ასკვნის, რომ კალაძესა და შევჩენკოსთვის „რუსეთი როგორც ჩანს დამაკვშირებელ რგოლად იქცა პოლიტიკაში. ორივენი მეგობრობენ ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან – „ჩელსის“ მფლობელსა და კრემლის ერთგულ მხარდამჭერთან. კალაძე „ქართული ოცნების“ რიგებიდან დაურისპირდა მიხელ სააკაშვილს, მოსკოვის დაუძინებელ მტერს. ფეხბურთელმა მას „დიქტატორი და ხალხის მტერი“ არაერთხელ უწოდა“. სტატიის ავტორი იმ სირთულეებზეც, მათ შორის საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე, წერს, რასაც კალაძე პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ წააწყდა. ნიკოლა ლომბარდოცი სტატიის ბოლოს ყოფილ ფეხბურთელებს აფრთხილებს, რომ პოლიტიკურ არენაზე მათ „უფრო სახიფათო თამაშები ელით“.
თბილისში გამომგზავრებამდე ერთი დღით ადრე ფლორიდას უნივერსიტეტის პროფესორი რენდალ ჰოლკამი „ევრაზია რევიუში“ წერილს აქვეყნებს სათაურით: „გონებით საქართველოსთან“.
პროფესორი ეს ერთი კვირა ქართველ სტუდენტებს ლექციებს ეკონომიკაზე წაუკითხავს. იგი შარშანაც ყოფილა საქართველოში და მასზე შთაბეჭდილება მოუხდენია არა მარტო ქვეყანაში გატარებულ ეკონომიკურ რეფორმებს, არამედ „ქართველების იდეოლოგიურ მზადყოფნას ჰქონდეთ თავისუფალი ბაზარი და შეზღუდული მთავრობა“.
რენდალ ჰოლკამი ქვეყნის წარმატებას ეკონომიკურ რეფორმების გატარებაში, კორუფციისა და ორგანიზებული დამნაშავეობის დამარცხებაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირებს: „მისი მთავრობა მუდმივად უჭერს მხარს თავისუფალ ვაჭრობას, დაბალ გადასახადებს, დაბალ სამთავრობო ხარჯებს, საკანონმდებლო შეზღუდვების ნაკლებობას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივების პრივატიზაციას. კიდევ იმდენად ბევრი კარგი რამეა, რაც შეიძლება საქართველოზე მოყვე. თუმცა იქ უკმაყოფილების წყალქვეშა დინებაცაა“,– დასძენს პროფესორი რენდალ ჰოლკამი. მისი შეფასებით „საქართველოში მკაფიო ოპოზიციური მოძრაობაა“, რომელიც სააკაშვილს არჩევნების მანიპულაციასა და პოლიტიკური ძალაუფლების საკუთარი მიმდევრების სასარგებლოდ გამოყენებაში ადანაშაულებს.
„ეკონომიკური თვალსაზრისით, ყელაფერი ძალიან კარგად ვითარდება უკანასკნელი წლების განმავლობაში, მაგრამ ყოველთვის არსებობს შეკითხვა – როგორ შეიძლება გაგრძელდეს. საქართველო ახალი დემოკრატიაა, ახალი ეკონომიკური სისტემით და ახალი პოლიტიკური კოალიციის განმტკიცებისას, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ პოლიტიკური ძალაუფლება კლანურ სისტემამდე დავა და მეწარმეობის ის მუხტი, რომელიც ახალბედა დამოუკიდებელ საქართველოს ემსახურებოდა, შეიძლება საერთოდ გაქრეს“.
თუმცა ,პროფესორი რენდალ ჰოლკამი წერილის ბოლოს დასძენს, რომ საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი და ამ ოპტიმიზმის საფუძველს მას ის „პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების იდეოლოგია“ აძლევს, რომელიც მან ქართველებში დაინახა.
ზურაბ ვარდიაშვილი