08.08.2012

დასაქმების წინაპირობაა მეწარმეობის თავისუფლება

სტატიები  (photo: )
მამუკა წერეთელი

საქართველოს ხელისუფლების ახალი ინიციატივა დასაქმების, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების პრიორიტეტებად გამოცხადების შესახებ მისასალმებელი იქნებოდა, ამ ინიციატივის განხორციელებისთვის მთავრობის ახალ შემადგენლობას უფრო რეალისტური და ჯანსაღი გეგმა რომ შემოეთავაზებინა.

გაურკვეველი წყაროებიდან მიღებული მრავალმილიარდიანი ინვესტიციების დაპირება მხოლოდ წინასაარჩევნო პოპულისტური განცხადებაა და მთავარ ოპოზიციურ ძალასთან “სოცშეჯიბრის” შთაბეჭდილებას ტოვებს. მეტი პენსიების და უფასო ჯანდაცვის დაპირებით საქართველო წინ ვერ წავა.

შევეცდებით ვაჩვენოთ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემის, უმუშევრობის რეალური სურათი, და მისი მოგვარების ყველაზე მოკლე და ჯანსაღი გზა - მეწარმეობის გათავისუფლება სახელმწიფოს მარწუხებისგან.

უმუშევრობა რომ ქვეყნის საშინაო ცხოვრების მთავარი პრობლემა გახდა, ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს და ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვებითაც ბევრჯერ დადასტურდა. უმუშევრობის გამო საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და ვერ იკმაყოფილებს საბაზისო მოთხოვნების დიდ ნაწილს, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ მოთხოვნილებების ჩათვლით. უმუშევრობაა ემიგრაციის მთავარი მიზეზიც და ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე. სამუშაოს ძიებაში ქვეყანას უმეტეს წილად მობილური, ადაპტაციის უნარის მქონე ადამიანები, უფრო ხშირად, ახალგაზრდები ტოვებენ, რაც საბჭოთა სისტემით ისედაც საკმაოდ დაზიანებულ “ადამიანურ კაპიტალს” კიდევ უფრო აკნინებს.

მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი შიდა პროდუქტი იზრდება, მექრთამეობა პრაქტიკულად აღარ არსებობს, რეგულაციები გამარტივდა და საგადასახადო სამსახურიც ცდილობს კერძო სექტორთან metad ითანამშრომლოს, ეს ტენდენციები დასაქმების ზრდაზე არ აისახება.

საქართველო, სამწუხაროდ კვლავ ღარიბი ქვეყანაა, რომლის ერთობლივი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, ჩამოუვარდება ყველა მეზობლის ანალოგიურ მაჩვენებელს, მათ შორის ბუნებრივი რესურსებით ღარიბ და ზღვაზე გასასვლელს მოკლებულ სომხეთსაც. დაბალმა საგადასახადო განაკვეთებმა და ზოგიერთი რეგულაციის გაუქმებaმ, თითქოს დიდი რაოდენობით ახალი საწარმოების დაფუძნებას შეუწყო ხელი, მაგრამ მათი უმრავლესობა ვერ მუშაობს და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილებიც არ იქმნება.

საქსტატის მონაცემებით საქართველოში 2011 წლის 1 სექტემბრისთვის 366,224 საწარმო იყო დარეგისტრირებული, რომელთა შორის 96,532 კომერციული იურიდიული პირი და 246,358 ინდივიდუალური მეწარმეა. საქართველოს ბიზნეს-სექტორში 2012 წლისათვის დაახლოებით 360,000 ადამიანი იყო დასაქმებული. საინტერესოა, რომ სახელმწიფო სექტორში 250,000 ადამიანია დასაქმებული და მათი საშუალო ხელფასი აღემატება კერძო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს. ამ სტატისტიკიდან ჩანს, რომ საქართველოში დაახლოებით 610,000 ადამიანია დაქირავებული და იხდის საშემოსავლო გადასახადს. საქსტატი ამჟამად ამ ინფორმაციის განახლების პროცესშია და შეიძლება, უკეთესი აღრიცხვის გამო ეს მონაცემები გაუმჯობესდეს, მაგრამ ზოგადი სურათი მაინც არ შეიცვლება. ეს უკანასკნელი მონაცემი კორელაციაშია სხვადასხვა გამოკითხვების შედეგებთან, რომელთა მიხედვით გამოკითხულთა მხოლოდ 30 პროცენტი თვლის თავს დასაქმებულად.

დასაქმების პრობლემების და კერძო სექტორის სისუსტის გამო საშუალო ფენა ვერ ყალიბდება და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა ვერ იზრდება, ანუ ბაზარიც ვერ იზრდება. კერძო საპენსიო სისტემის განუვითარებლობის გამო საქართველოში არ ხდება დაგროვება და პოლიტიკური, ეკონომიური და სოციალური მდგომარეობის გამო დამწყები მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მთავარი წყარო - უძრავი ქონების გარანტიით აღებული სესხები - ვერ მუშაობს. მოსახლეობის, მათ შორის პოტენციური მეწარმეების ხელთ არსებული ამგვარი ქონების უდიდესი ნაწილი ან უკვე დატვირთულია იპოთეკით, ან ძალიან დაბალი საბაზრო ღირებულების და საბანკო სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო შესაბამისი ფინანსური რესურსის მობილიზაციის საშუალებას არ იძლევა. უძრავი ქონებიდან იპოთეკით მიღებული სახსრების განაწილების სტატისტიკა სამწუხაროდ არ არსებობს, მაგრამ ექსპერტული დაკვირვებით, ამ წყაროთი მოზიდული სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი სასამართლოში საპროცესო გარიგებებს, ან ადამიანების ჯანდაცვის და განათლების საჭიროებებს ხმარდება. ამ ფონზე ბაზრის მსყიდველობითუნარიანობის, ან სამეწარმეო საქმიანობის ზრდა პრაქტიკულად შეუძლებელია.  

მართალია, ეროვნული შიდა პროდუქტის აბსოლუტური მაჩვენებელი იზრდება, მაგრამ ეს ზრდა ძირითადად სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების და ემიგრანტი ქართველების გზავნილებით მიღებული სახსრებით მოხმარების ზრდის ხარჯზე ხდება და არა - საქართველოს კერძო სექტორში წარმოებული პროდუქციის და მომსახურების ზრდის ხარჯზე.

2011 წლის მონაცემებით მხოლოდ ოფიციალური არხებით საქართველოში მილიარდზე მეტი დოლარი გამოიგზავნა, და უნდა ვივარაუდოთ რომ არაფორმალური გზით შემოსული თანხა ერთი ამდენი მაინც იქნება. საქართველო დაბალი კვალიფიკაციის მუშახელის ექსპორტს ახორციელებს. ამის ხარჯზე მატულობს ფულადი გზავნილები და შესაბამისად მოხმარება, რაც, თავის მხრივ, იწვევს ერთობლივი შიდა პროდუქტის გარკვეულ ზრდას, დასაქმება მაგრამ არ იზრდება. ასეთი მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სხვადასხვა მიზნებით და სხვადასხვა გზებით მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვაა. 

ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს ხშირად მოჰყავთ სინგაპურის მაგალითი, როგორც საქართველოსთვის განვითარების სასურველი მოდელი. სინგაპური ცნობილია იმით, რომ პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვის პირობებში ბიზნესის სრული თავისუფლებაა და ამის ხარჯზე მიაღწია ქვეყანამ განვითარებას. თუ პირველ საკითხში, ანუ პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვის და ერთპარტიულ მართვაში ძალიან ვგავართ სინგაპურს, მეორე ნაწილში, ანუ ეკონომიური საქმიანობის თავისუფლების მხრივ ნამდვილად არაა მსგავსება. სინგაპური რეფორმების პერიოდში იმით იყო ცნობილი, რომ ყველა პოტენციურ ადგილობრივ თუ უცხოელ ბიზნესს თამაშის თანაბარ ხელშემწყობ პირობებს სთავაზობდა, საკუთრების უფლებებს მკაცრად იცავდა და ექსპორტს უწყობდა ხელს.  საქართველო სინგაპურს მხოლოდ გარკვეული რეგულაციების და ლიცენზიების მიმართულებით გატარებული რეფორმების მიხედვით ჰგავს, მაგრამ ბიზნესის თავისუფლების თვალსაზრისით მსგავსება არ არის.  

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებული მკაცრად ცენტრალიზებული ერთპარტიული მმართველობის სისტემა, უპირველესად, თავად ხელისუფლებისთვისა საფრთხის მატარებელი. იერარქიულ, არათავისუფალ პოლიტიკურ და ეკონომიურ სისტემაში ძნელია ძლიერი და მყარი ინსტიტუციონალური ბაზის, მცირე და ეფექტური მთავრობის შექმნა. პირიქით, ასეთ გარემოში დიდი, მოუქნელი, ხშირად რეპრესიული და არაეფექტური სახელმწიფო აპარატი იქმნება. თუ შევხედავთ საქართველოში სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯების მოცულობას და სტრუქტურას, დავრწმუნდებით, რომ საქართველოს სახელმწიფო ბევრს ხარჯავს და ეს რესურსების ფლანგვაა. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში საჭირო ინფრასტრუქტურასთან ერთად ბევრი ისეთი პროექტი ხორციელდება, რომელიც არც ეკონომიკას ემსახურება, არც სოციალურ საჭიროებებს და არც მოსახლეობის კულტურული და ესთეტური გემოვნების ჩამოყალიბებას. 

საქართველოში ჩამოყალიბდა მანკიერი პრაქტიკა, სადაც ბიზნესი “მეწველი ძროხის” ფუნქციას ასრულებს, რომელიც სახელმწიფოს და მის მოხელეებს უნდა ემსახუროს. ხელისუფლებას ბიზნესის მარწუხებში ყოფნა ორი მიზეზის გამო სჭირდება: პირველი, სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ ინფრასტრუქტურულ, გასართობ და სხვა პროგრამებს ჩვეულებრივი გადასახადებით აკრეფილი თანხები არ ჰყოფნის და იმისთვის, რომ მეტი თანხები ამოიღოს, სახელმწიფო ხან ჯარიმებს იყენებს, და ხანაც “მეგობრულ თხოვნას”. და მეორე - ხელისუფლებას ეშინია, რომ ბიზნესის თავისუფლების და გაძლიერების შემთხვევაში მიღებული შემოსავლები შეიძლება არა მმართველი პარტიის, არამედ ოპოზიციის დაფინანსებას მოხმარდეს.

დღევანდელ რეალობაში ამ მიზეზებს ისიც დაემატა, რომ პოლიტიკაში დიდი ფინანსური რესურსების მქონე ადამიანი შემოვიდა და მასთან და მის ფინანსებთან დაპირისპირებაში ისევ ბიზნესის ინტერესები ზარალდება დამატებითი რეგულაციებისა და შემოწმებების ახალი ტალღის გამო. აქვე იმასაც დავამატებთ, რომ მმართველ პარტიას დიდი ფულის პოლიტიკაში შემოსვლისთვის წინააღმდეგობის მორალური უფლება ექნებოდა, და ბევრი ამგვარ მოქმედებებს მხარსაც დაუჭერდა, “ნაციონალური მოძრაობა” თავად რომ არ ხარჯავდეს ძალიან დიდ ფულს პოლიტიკაში და თავად რომ არ ახდენდეს ამომრჩეველზე ზეგავლენას სხვადასხვა პროდუქტის და ფინანსური რესურსის დარიგებით. საინტერესოა იმის გახსენება, რომ თბილისის მერის არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატმა უახლოეს ოპონენტზე დაახლოებით 100-ჯერ მეტი თანხა დახარჯა. ასევე საგულისხმოა იმ ჯარიმების გახსენება, რომელიც ოპოზიციური კანდიდატის ერთი-ორმა გაბედულმა ბიზნეს დონორმა მიიღო.

 ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვა სახელმწიფოს ხელთ არსებული ბერკეტებით საქართველოში ყოველდღიური მოვლენაა და ეს უარყოფითად აისახება ბიზნესის, და შესაბამისად დასაქმების ზრდაზე. ის, რომ გარკვეული რეგულაციები გამარტივდა, ლიცენზიები გაუქმდა, და მექრთამეობა არ არის, დიდი მიღწევაა, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში სამეწარმეო თავისუფლებაა. ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებთან ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ საგადასახადო ან საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავის მოგება პრაქტიკულად შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია ბიზნესის გარკვეულ სფეროებში ახალი მოთამაშეების შემოსვლა. ასეთ გარემოს თავისუფალი ვერ დაერქმევა.

ბუნებრივია, ბიზნესის განვითარებისთვის ობიექტური ხელშემშლელი ფაქტორებიც არსებობს. მათ შორისაა სამუშაო ძალის უნარ-ჩვევების ნაკლებობა, მეწარმეთა შორის მართვის გამოცდილების ნაკლებობა, ძალიან მაღალი პოლიტიკური რისკები, რომლებიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ქართული საქონლის ემბარგოს უკავშირდება, პოლიტიკური და საფინანსო რისკების გამო არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები და სხვ. მაგრამ ამ ფაქტორების გათვალისწინებითაც აქვს საქართველოს იმის პოტენციალი, რომ კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად გაზარდოს, მაგრამ ამისთვის პოლიტიკური და ეკონომიური კურსის სერიოზული კორექცია იქნება საჭირო.  გასაკეთებელია სულ მცირე შემდეგი რამ:      

პირველი - მეწარმის, ბიზნესის, სასამართლოს გათავისუფლება სახელმწიფოს მარწუხებისაგან. საგადასახადო სისტემა მაინც რთული და მეწარმისადმი დამსჯელი რჩება, რასაც შესაბამისად იყენებს სახელმწიფო მანქანა. ამას გარდა, საგადასახო კოდექსი იდეალურიც რომ იყოს, მთავარი მაინც აღსრულების მექანიზმებია.=

მეწარმეობის განვითარების კიდევ ერთი მუხრუჭია სახელმწიფოსთან დავების გადაწყვეტის არსებული სისტემა. აუცილებელია სამეწარმეო საქმიანობასთან და საკუთრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული დავების სამართლიანი მექანიზმის შექმნა დამოუკიდებელი სასამართლოს მეშვეობით. მეწარმის სახელმწიფო სტრუქტურებისგან დაცვა არსებული პოლიტიკური გარემოს პირობებში მეტად რთულია და ამ სიტუაციის გამოუსწორებლად კრიზისის დაძლევა შეუძლებელი იქნება. ყველა სამართლიან სახელმწიფოში კერძო საკუთრება იყო, არის და იქნება ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიური თავისუფლების საფუძველი. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპი სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტიაა.

საკუთრების დაცვა და ხელშეუხებლობა საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული. რა თქმა უნდა, შეიძლება კანონმდებლობის დახვეწა და არსებულ რეგულაციებში ბზარების შეკეთება, მაგრამ მთავარი ხომ ის არ არის, რომ ცუდი კანონები გვაქვს, მთავარი ის არის, რომ კანონების აღსრულების მექანიზმი არ მუშაობს და სასამართლო სისტემა ვერ ასრულებს პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებების დაცვის ფუნქციას. პირიქით, ის სახელმწიფოს შეკვეთებს ასრულებს ადამიანების თავისუფლების ხარჯზე. სასამართლოს ამუშავება პოლიტიკური ნების საკითხია. დღეს ზოგიერთი პოლიტიკურ საჭიროებად ხედავს წინასწარი დაკავების შიშით მანიპულირებას. მართლაც ეფექტური ბერკეტია: ძნელი იქნება იმის დათვლა, რამდენმა ადამიანმა თქვა უარი კერძო საკუთრებაზე, ან სხვა უფლებების დაცვაზე წინასწარი დაკავების საკნის შიშით, მაგრამ ასეთები რომ არსებობენ, ხომ ყველამ ვიცით? მოსამართლეები ხელგაშლილად არიგებენ ამ სასჯელს და სწორედ ამ პრაქტიკის შეცვლა უნდა იყოს პრიორიტეტი, რომ ადამიანზე ზეწოლის ეს ბერკეტი მოისპოს.

ხელისუფლება თუ მოინდომებს, ქვეყანას ექნება დამოუკიდებელი და ქმედითი სასამართლო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში არ იქნება სასამართლოს მეშვეობით კერძო საკუთრების უკანონო ექსპროპრიაციის გადახედვა, და ის, ვინც ხალხს მაღაზიებს, რესტორნებს, პოლიკლინიკებს და კომერციულ მიწას ართმევდა, არ დაისჯება, მაგრამ ეს პროცესი კანონის ფარგლებში მოხდება და ძალით ან შურისძიების მიზნით ვერავინ ვერავის ვერაფერს წაართმევს. ეს იქნებოდა ხელისუფლების ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა. ეს სისტემა მათ ინტერესებსაც დაიცავდა, და რაც მთავარია, ქვეყნის ინტერესებსაც წაადგებოდა.

მეორე, უნდა შეწყდეს მოსახლეობის გარყვნა პოპულისტური დაპირებებით და განცხადებებით. სამწუხაროდ, საქართველოში ერთგვარი “საბაზრო” მოთხოვნააა პოპულიზმზე. ერთი მხრივ მოსახლეობა ელის სასწაულებს ხელისუფლების მხრიდან (არსებულის თუ მომავალის), და მეორე მხრივ პოლიტიკოსებიც ენთუზიაზმით არიგებენ დაპირებებს პენსიების და ხელფასების გაზრდასა და კომუნალური გადასახადების გაუქმებაზე. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პარაზიტული მენტალიტეტი დომინირებს, რომელსაც პოლიტიკოსები საკუთარი ინტერესების მიხედვით იყენებენ. იმას ამბობენ, რის გაგონებაც ამომრჩეველთა უმრავლესობას სურს - მიუხედავად იმისა, რომ ეს დაპირებები ვერ განხორციელდება, და თუ განხორციელდა, უფრო მეტ ზიანს მოიტანს, ვიდრე სიკეთეს.

სამწუხაროდ, საქართველოში იშვიათად ისმის სიმართლე იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს მოვალეობა არ არის ადამიანების გამოკვება, ან ყურძნის მოსავლის შეძენა. ეს საბჭოთა-სოციალისტური ტიპის სახელმწიფოს ფუნქციებია. სახელმწიფო მოვალეა ადამიანებს კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპზე დაფუძნებული თავისუფალი და კონკურენტული სამეწარმეო საქმიანობის გარემო შეუქმნას, რათა ხალხმა თავად შეძლოს თავის მოვლა.

2007 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყო და დღესაც გრძელდება საბჭოთა რიტორიკით გაზავებული გაუთავებელი პოპულისტური კამპანია, რომელიც პოზიტიურ რეფორმებს საფრთხეს უქმნის და წინსვლას უშლის ხელს. ბატონობს პოპულიზმი და საბჭოური ტიპის პროპაგანდა, ხოლო მცირერიცხოვანი საშუალო ფენა და სამოქალაქო საზოგადოება კიდევ უფრო სუსტდება. ადამიანებს უფლებები სჭირდებათ, და არა დახმარება. საზოგადოებაში, სადაც უკიდურესი სიღარიბის ფონზე სახელმწიფოს მიერ პრივილეგირებული რამდენიმე ბიზნესი ჰყვავის, და სადაც არ არის ძლიერი საშუალო ფენა, პოპულიზმს ადვილად იტაცებენ და რევოლუციებისთვისაც კარგი ნიადაგი იქმნება. ბიზნესის მარწუხებიდან განთავისუფლება საშუალო ფენის შექმნის, და ქვეყნის სტაბილურობის ერთადერთი გზაა. 

მესამე - ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები უნდა  წახალისდეს. ქვეყნის შიდა საინვესტიციო რესურსებით დასაქმების და ეკონომიური ზრდის პრობლემები ვერ მოგვარდება. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, და ყოველთვის ექნება, ქვეყანაში დასავლური ინვესტიციების მოზიდვას, რომელთაც უფრო ხარისხიანი სამუშაო ადგილები, მართვის კულტურა, ახალი ტექნოლოგიები და გრძელვადიანი ეკონომიკური უსაფრთხოება მოაქვს ჩვენთვის. საიდუმლო არ არის, რომ დასავლური ინვესტიციები ხვალინდელი დღეა, ხოლო რუსული და სხვა რესურსებით მდიდარი ქვეყნებიდან წამოსული ინვესტიციები გუშინდელი დღე, იმიტომ, რომ მას გუშინდელი აზროვნება ახლავს. საქართველოში დღეს სწორედ ამგვარი “გუშინდელი დღის” იდეების მატარებელი ინვესტიციები სჭარბობს. ამასთან ერთად, გადასახედია საპრივატიზაციო სტრატეგია. ერთი მხრივ, თითქოს სამართლიანია ის, რომ სახელმწიფო ქონება გადაეცეს იმ კერძო ჯგუფებს, რომლებიც ამ ქონებაში უფრო მეტს გადაიხდიან. ეს გადახდილი თანხა იმის სტიმული უნდა გახდეს, რომ ამ ჯგუფებმა ეს ქონება ჭკვიანურად ამუშაონ: შექმნან პროდუქტი, მიიღონ მოგება, დაასაქმონ ხალხი და სახელმწიფოს გადასახადი გადაუხადონ. მაგრამ ჩვენი ზოგიერთი მეზობლის ნავთობდოლარებით განებივრებულ სახელმწიფო კომპანიებს მართვის კულტურაც ნაკლებად აქვთ ჩამოყალიბებული, არც ახალი ტექნოლოგია მოაქვთ და, კორუფციაც არ არის მათთვის უცხო. მეტი რომ არ ვთქვათ, უცნაურია, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლება უკვე რამდენი წელია სიტყვით რუსეთის გინებაშია, და მეორე მხრივ, ხშირად დასავლურ კომპანიებს რუსულ კომპანიებს ამჯობინებს თითქოს იმიტომ, რომ საპრივატიზაციო ქონებაში ისინი უფრო მეტს იხდიან. გამოცდილება ადასტურებს, ამ სახელმწიფო კომპანიებს, ან უცხო სახელმწიფოს მოხელეებთან დაკავშირებულ კომპანიებს საბოლოოდ პრობლემების მეტი არაფერი მოაქვთ.

დღევანდელი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა დამოუკიდებლად, ხარისხიანი უცხოური ინვესტიციების გარეშე ძალიან გაჭირდება, არადა კონკურენცია საინვესტიციო რესურსებზე მთელს მსოფლიოში გაათმაგებულია და ამ პირობებში მხოლოდ მაქსიმალურად სამართლიანი, მარტივი და კონკურენტული გარემოს შექმნით იქნება შესაძლებელი ჩვენთვის საინტერესო და საჭირო უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

მეოთხე – უნდა მოხდეს საერთაშორისო დონორების დაფინანსების უფრო მიზანმიმართული გამოყენება იმ პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, სადაც ბიზნესის და დასაქმების განვითარების ყველაზე მეტი პოტენციალია. კერძო სექტორთან ერთად ბიზნეს-გეგმების მომზადების, მარკეტინგული პროგრამების დამუშავების, და საჭიროებებიდან გამომდინარე ტრენინგების ცენტრების შექმნა იქნებოდა კერძო სექტორისთვის ნამდვილი დახმარება. ეს ცალკე და დიდი თემაა, მაგრამ დღევანდელი დახმარებების პროგრამების მხოლოდ ნაწილი აღწევს მიზანს და ამ მდგომარეობის გამოსწორებაც შესაძლებელია.    

ადამიანის თავისუფლების, საკუთრების უფლების გარანტირების, სასამართლოთი დაცული კანონის უზენაესობის, მეწარმის საქმიანობაში და არჩევანში სახელმწიფოს ჩაურევლობის გარეშე ვერ მოგვარდება საქართველოს საბაზისო პრობლემა - უმუშევრობა, და მასთან დაკავშირებული სოციალური და ეკონომიური პრობლემები. გაუმჯობესებული მსოფლიო ბანკის ინდექსები (რაც თავისთავად ქვეყნის საგარეო სახისთვის და ინვესტიციების მოზიდვისთვის ძალიან კარგია), ქაღალდზე არსებული კანონები და რეგულაციები, და მით უმეტეს - წინასაარჩევნო პოპულისტური დაპირებები ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

ბოლო ოცი წელი, როცა ქართულმა პოლიტიკამ დაიწყო ჩამოყალიბება, ამ გარემოში რადიკალიზმი, შეურაცხყოფა და რევანშიზმი დომინირებდა. დიდი ხანია მოვიდა დრო სხვა მიმართულებით წასვლის და უფრო ცივილიზებული პოლიტიკური გარემოს შექმნის. თავისუფლება მარტო ბიზნესს და უბრალო მოქალაქეებს არ სჭირდებათ, თავისუფლება ყველაზე მეტად პოლიტიკოსებს სჭირდებათ, რომ იდეოლოგიური მარწუხებისგან გათავისუფლდნენ და სხვა ადამიანებთან ერთად შრომა ისწავლონ. მოსმენა, გაზიარება და ერთობლივი ძალისხმევა უნდა გახდეს პრიორიტეტი. თუ საზოგადოების მოთხოვნა არ გაჩნდა ამგვარ პოლიტიკაზე, ჩვენში მუდმივად “დრაკონები” იბატონებენ - როცა ხელისუფლებაზე შეყვარებული “დრაკონის” “მკვლელს” სისტემა ისევ დრაკონად აქცევს. 

მამუკა წერეთელი - ვაშინგტონში “ამერიკის უნივერსიტეტის” პროფესორი და შავი და კასპიის ზღვების რეგიონის კვლევათა ცენტრის დირექტორი

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ზურაბ ვარდიაშვილი

    მიჯნვის კვირეული

    2. ლგბტ პირები გაემიჯნენ რელიგიურ ექსტრემისტებს ანუ, უნდოდათ, რომ გამიჯნვოდნენ, მაგრამ მიჯნამ ვერ გაქაჩა. სასწაულებრივად განიპო იგი, ვითარცა, მოსეს მიერ წითელი ზღვა. 3. ეკლესია გაემიჯნა...

  • გივი შადური

    კორიდა

    სამწუხაროდ, ჩემი თვალით ვერ ვნახე მფრინავი კონტრდემონსტრანტი, რომელიც ბეტმენივით გადაევლო პოლიციას, რათა ყვითელ მიკროავტობუსზე იერიში მიეტანა. მართლაც საოცარი ფოტოა. სამაგიეროდ იუსტიციის სახლის...

  • ნინო ბექიშვილი

    როცა მიზეზი უსუსურია

    გიორგი მარგველაშვილი, ადამიანი, რომელიც ყველაზე პოპულარული პოლიტიკური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატია და ხვალ, შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს, უცნაურად დუმს იმ მოვლენების შემდეგ, რომელიც...

მეტი