26.03.2012
ინვესტიციები ძველი იერსახის სანაცვლოდ
დღეს კავშირმა "ტფილისის ჰამქარმა" პროექტ "აღმოაჩინე შენი თბილისის" ფარგლებში მომზადებული კვლევა-მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. კვლევაში ორ ისტორიულ ძეგლზეა ყურადღება გამახვილებული - "იმელის" შენობასა და გუდიაშვილის მოედანზე. კვლევის ავტორები თბილისის მერიასა და შესაბამის ორგანოებს ძეგლების მიმართ გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
"ტფილისის ჰამქრის" წარმომადგენლები "იმელის" შენობისათვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მოხსნის დროს სავარაუდო კანონდარღვევაზე საუბრობენ. მათი თქმით, შენობას სტატუსი იურიდიულად ბუნდოვან გარემოებებში, საინვესტიციო პროექტის სასარგებლოდ მოხსნეს. "იმელს" სტატუსი 2007 წლის 20 ივნისს შეუცვალეს, რვა დღეში კი შენობა გაიყიდა. პერიოდულად შენობის დემონტაჟი მიმდინარეობდა, რაზეც მერიის შესაბამისი სამსახურის ინფორმაციით ნებართვა არ გაცემულა.
საინვესტიციო პროექტი არ განხორციელებულა, "იმელის" შენობა კი საგანგაშო მდგომარეობაშია: "დანგრეულია მარცხენა ფლიგელი, მთლიანად მოხსნილია გადახურვის საფარი, სართულშია გადახურვები ხელოვნურადაა ჩაჭრილი, რათა წვიმის ნალექი მოხვდეს სარდაფებსა და საძირკველში, განადგურებულია სააქტო დარბაზი... ინტერიერში მოხსნილია მარმარილოსა და სხვა ბუნებრივი ქვის მოპირკეთებები, მოხსნილი და განადგურებულია ყველა ღიობის ფანჯრები და ჩარჩოები, აყრილია იატაკი, დაზიანებულია ჭერის მხატვრობა." - ირკვევა ტფილისის ჰამქრის" მონიტორინგის შედეგად.
საინვესტიციო პროექტის პირობების შეუსრულებლობის მიუხედავად თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს "იმელის" შენობის მფლობელი შვეიცარიული კომპანია "კეპიტალ ვოსტოკი" ერთხელაც არ დაუჯარიმებია.
"ააიპ "თბილისის განვითარების ფონდის" მიერ უყურადღებო და გულგრილი დამოკიდებულების გამო გუდიაშვილის მოედნის შენობების მდგომარეობა რეაბილიტაციის ნაცვლად საგრძნობლად გაუარესდა," - ნათქვამია ამავე კვლევაში.
2011 წლამდე გუდიაშვილის მოედნის მფლობელი "თბილისის განვითარების ფონდი" იყო. "2007 წლიდან 2011 წლამდე მოედანზე არსებული განსახლებული შენობების მდგომარეობა კონსერვაციული და გამაგრებითი სამუშაოების განუხორციელებლობის გამო მკვეთრად გაუარესდა, ფონდს კი რამე სახის კონსერვაციული სამუშაოები მის მფლობელობაში მყოფ ობიექტებზე არ განუხორციელებია." - ამბობენ "ტფილისის ჰამქრის" წარმომადგენლები.
2011 წლის მაისში გუდიაშვილის მოედანი "ირაო მაგნატ გუდიაშვილს" გადაეცა.
"გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის მიმართ მაღალი სამოქალაქო ინტერესის გამო განსაჯაროვდეს საპროექტო და სანვესტიციო ინფორმაცია. გუდიაშვილის მოედნის შენობების რესტავრაცია განხორციელდეს ძეგთა დაცვის საერთაშორისო მეთოდოლოგიის სტანდარტების მიხედვით."- ითხოვს "თბილისის ჰამქარი".
"საინვესტიციო პროექტები ძალიან გაუმჭვირვალეა, მოქალაქე მის ქალაქში მიმდინარე არქიტექტურული პროექტების საქმის კურსში უნდა იყოს. "თბილისის განვითარების ფონდის" სტატუსი არ ავალდებულებს მას საჯარო ინფორმაციის გაცემას, რაც,რა თქმა უნდა, პრობლემაა. "იმელისა" და გუდიაშვილის მოედნის შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ საინვესტიციო გარემოს შექმნისთვის კულტურული მემკვიდრეობის უგულებელყოფა ხდება." - ამბობს "თბილისის ჰამქრის" წარმომადგენელი მაგდა ცოცხალაშვილი.
"ხელისუფლებას ძალიან ცალსახად ინვესტორებისა და კერძო ბიზნესმენების მხარე უჭირავს. პოლიტიკაა, რომ მოვიზიდოთ ინვესტიციები, თუმცა რის ფასად - ამას არავინ აქცევს ყურადღებას. ეს ზოგადი პოლიტიკაა, როგორც ურბანულ, ასევე არაურბანულ სფეროებში. გარემოს დაცვის სფეროშიც იგივე სიტუაციაა." - ფიქრობს არქიტექტური რუსუდან მირზიკაშვილი.
"ტფილისის ჰამქარის" დასკვნაში ნათქვამია, რომ კვლევის შედეგდ გამოვლინდა ერთი მხრივ, "პროექტში ჩართული სახელმწიფო და ხელისუფლების მიერ დაფუძნებული სტრუქტურების დახურულობა და გულგრილობა"; მეორე მხრივ კი "ინვესტორებისთვის ხელსაყრელი და დამნდობი გარემოს და პირობების შექმნა, კანონის დარღვევისა და კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის ხარჯზე."
ირაკლი კაკაბაძე