18.04.2012

ტერაქტების ორგანიზებაში ბრალდებული ხელახალ დაკითხვას ითხოვს

ახალი ამბები  (photo: )

 

მერაბ ყოლბაისა და საქართველოს ტერიტორიაზე 2010 წელს ტერაქტების ორგანიზებაში ბრალდებული კიდევ 6 ადამიანის მორიგი სასამართლო პროეცესი დღეს უნდა გამართულიყო. თუმცა, ბრალდებულები სხდომაზე არ მოიყვანეს.

 

დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს მიხეილ ბებიაშვილს, რომელიც სხდომის თავმჯდომარე იყო, მომხდარის მიზეზის დასახელება სთხოვა. „დავაზუსტოთ, რატომ არ მოიყვანეს", - ითხოვდა გელა ნიკოლაიშვილი, ერთ-ერთი  ბრალდებულის ადვოკატი. „ჩვენ არავითარი დოკუმენტი არ გაგვაჩნია. თქვენ გაქვთ რაიმე ეჭვი?", - პასუხობდა მოსამართლე და  თავად მიზეზს ვერ ასახელებდა.

მერაბ ყოლბაიას ადვოკატს, მათე ხარჭამაძეს მიაჩნია, რომ ბრალდებულები განგებ არ დაასწრეს სხდომას. მოგვიანებით, მოსამართლემ განსასჯელების დარბაზში არ ყოფნის მიზეზი დაასახელა. „სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა გვაცნობა, რომ მიმართვა არ ჰქონდა განსასჯელების ეტაპირებაზე (გადმოყვანაზე)", - აღნიშნა მიხეილ ბებიაშვილმა.

მათე ხარჭამაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ თემურ ყოლბაიას დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ხელახალი დაკითხვა უნდა მოეთხოვა და შიმშილობის დაწყება უნდა გამოეცხადებინა. ადვოკატი ყოლბაის გუშინ, 17 აპრილს შეხვდა. „ყოლბაიამ ახალ დეტალებზე ისაუბრა. ის ოთახი კი, სადაც შევხდით, ისმინებოდა. ამის შედეგია, რომ დღეს განსასჯელები სასამართლოში არ მოიყვანეს", აღნიშნა მათე ხარჭაძემ. მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ყოლბაიასთან ბრალდების მხარე ყოლბაიას ადვოკატის გარეშე იყო შესული. მათე ხარჭაძე აღნიშნავს, რომ ყოლბაიაზე  განხორციელდა ზეწოლა. „უნდათ, რომ ყოლბაიამ ხელახალი დაკითხვა არ მოითხოვოს და ძველი ჩვენება დატოვოს. სამაგიეროდ კი ეუბნებიან, რომ 5 წელს მოგისჯიან და წელიწადნახევარში გამოხვალო. დღესაც აქ თუ მოიყვანდნენ არწმუნებდნენ, რომ უნდა ამდგარიყო, აეწია მაისური და ეთქვა, რომ ძალადობის არანაირი კვალი არ მაქვსო", - აღნიშნა ყოლბაიას ადვოკატმა.

საქმეში გარდატეხა გასულ კვირას მოხდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია ბრალდებულების წამების შესახებ. ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ ტერაქტების ორგანიზებაში ბრალდებულმა მერაბ ყოლბაიამ და გოგიტა არქანიამ ჩვენებები შეცვალეს. მათე ხარჭაძის თქმით, ყოლბაია ჯერ აწამეს და აღიარებით ჩვენებაზე ამის შემდეგ მოაწერინეს ხელი. „ფეხებში ესროლეს და შემდეგ ნატყვიარში კალამს ურჭობდნენ. სად ჰქონდა წაკითხვის თავი, ისე მოაწერა ხელი", - აღნიშნა ბრალდებულის ადვოკატმა.

გელა ნიკოლაიშვილის თქმით, ახალი გარემოებების გაჩენის გამო ყოლბაიას ხელახალი დაკითხვის საფუძველი არსებობს, თუმცა დაკითხვის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ უნდა მიიღოს.

ყოლბაის და დანარჩენ განსასჯელებს ბრალი ედებათ 2010 წლის სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებებში. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, თბილისის რკინიგზის სადგურთან, ნონეშვილის ქუჩის 13-ში მდებარე სუპერმარკეტთან, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდთან სარკინიგზო ხიდზე. ტერაქტების წყებიდან მსხვერპლი მოჰყვა ლეიბორისტების ცენტრალურ ოფისთან მომხდარ აფეთქებას, სადაც ადგილობრივი მცხოვრები ნინო გორდეზიანი დაიღუპა.

საქალაქო სასამართლომ განსასჯელებს 25-30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართული სხდომა რიგით მეორე იყო.  სასამართლო პროცესი 20 აპრილამდე გადაიდო.


მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ზურაბ ვარდიაშვილი

    მიჯნვის კვირეული

    2. ლგბტ პირები გაემიჯნენ რელიგიურ ექსტრემისტებს ანუ, უნდოდათ, რომ გამიჯნვოდნენ, მაგრამ მიჯნამ ვერ გაქაჩა. სასწაულებრივად განიპო იგი, ვითარცა, მოსეს მიერ წითელი ზღვა. 3. ეკლესია გაემიჯნა...

  • გივი შადური

    კორიდა

    სამწუხაროდ, ჩემი თვალით ვერ ვნახე მფრინავი კონტრდემონსტრანტი, რომელიც ბეტმენივით გადაევლო პოლიციას, რათა ყვითელ მიკროავტობუსზე იერიში მიეტანა. მართლაც საოცარი ფოტოა. სამაგიეროდ იუსტიციის სახლის...

  • ნინო ბექიშვილი

    როცა მიზეზი უსუსურია

    გიორგი მარგველაშვილი, ადამიანი, რომელიც ყველაზე პოპულარული პოლიტიკური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატია და ხვალ, შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს, უცნაურად დუმს იმ მოვლენების შემდეგ, რომელიც...

მეტი