27.05.2012
"ქართული ოცნების" აქცია დაიწყო
ამ წუთებში თბილისელები და რეგიონებიდან სპეციალურად ჩამოსული „ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები თბილისში სამი ადგილიდან - დინამოს სტადიონიდან, ავლაბრის მეტროდან და ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ.
როგორც ჩვენი კორესპონდენტები გადმოგვცემენ, უკვე ათიათასობით ადამიანია შეკრებილი. ხალხი ტროტუარებიდან სავალ ნაწილზეა გადასული. ჭავჭავაძის და წერეთლის გამზირებზე, ავლაბრის მეტროსთან მოძრაობა გადაკეტილია. დიდუბიდან დაძრულ ჯგუფს -ეკა ბესელია, დავით ზურაბიშვილი და დავით ბერძენიშვილი მიუძღვებიან, ავლაბრის მეტროდან - სოზარ სუბარი, კახი კალაძე და ვახტანგ ხმალაძე, ხოლო ვაკის პარკიდან - თინა ხიდაშელი, ირაკლი ალასანია და თეა წულუკიანი.
აქცია კარგადაა ორგანიზებული - „ქართული ოცნების" ყვითელმაისურიანი მამაკაცები აქციაზე წესრიგს იცავენ.
"ხალხი დაძლევს შიშს და დაინახავს, რომ მათ გვერდით ქართული ოცნება დგას" - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. .
„აქ ყველაფერი გადალურჯებულია. მანიფესტანტებს „ქართული ოცნების", ევროკავშირის, ამერიკის და საქართველოს დროშები უჭირავთ. ადამიანები ამბობენ, რომ აქციაზე მოვიდნენ, რათა აჩვენენ ხელისუფლებას, რომ ბევრნი არიან. აპროტესტებენ უსამართლობას, სოციალურ უთანასწორობას. ამბობენ, რომ მათი შვილები ვერ იღებენ განათლებას. ბევრია - პენსიონერი.
„ეს არ არის საპროტესტო აქცია, ეს საარჩევნო კამპანიის ოფიციალური დასაწყისია, დედაქალაქმა უნდა იდედაქალაქოს და ეს მუხტი უნდა გადაეცეს მთელ საქართველოს." - ამბობს „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერი თინა ხიდაშელი.
თავისუფლების მოედანზე უკვე ყველაფერი მზადაა აქციის ჩასატარებლად. დადგმულია სცენა და ხმის გამაძლიერებლები. ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა დღის სამი საათისთვისაა დაგეგმილი.
დღეს დილად „ქართული ოცნების" პრესსამდივნომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის რამდენიმე უბანში უცნობმა პირებმა მოსახლეობას დაურიგეს ფული და „ქართული ოცნების" მაისურები, სთხოვეს მხარდაჭერა გამოეხატათ კოალიციის მიმართ და დასწრებოდნენ აქციას. ამ პროცესს სახელისუფლებო მედია იღებდა.
„„ვფიქრობთ, ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ემსახურება „ქართული ოცნების" დისკრედიტაციას" - ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ოცნების" მხარდამჭერთა აქცია ტარდება პარიზში, ლონდონსა და ვაშინგტონში.
გიორგი კიკონიშვილი