29.05.2012
შაშკინი ეროვნული გამოცდების ცენტრში მივიდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოცდების ეროვნულ ცენტრში მივიდა. ამ წუთებში მინისტრსა და ცენტრის თანამშრომლებს შორის დახურული შეხვედრა მიმდინარეობს. ცენტრის შენობაში შესვლისას მინისტრს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა დღის 12 საათზე საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, მათთვის მაია მიმინოშვილის გათავისუფლების მიზეზი ბუნდოვანია. მათი თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ვერ განმარტა თუ რას ნიშნავდა, “სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორი შეუთავსებლობა” რაც მიმინოშვილის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზია.
თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათი ზნეობრივი ვალია, დატოვონ სამსახური, რადგან ასეთი პირობებში თავიანთ მოვალეობას ვერ შეასრულებენ.
მათ მიაჩნიათ, რომ "მინისტრის გადაწყვეტილება უპასუხისმგებლო და საზოგადოების დაკვეთასთან მკვეთრად შეუთავსებელია"
მათი თქმით, მოვალეობას კანონით გათვალისწინებულ ვადებში შემცვლელებს გადააბარებენ და ეროვნული გამოცდების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნება.
იმ შემთხვევაში, თუ შაშკინი მიმინოშვილის გათავისუფლების მიზეზს უკეთ არ განმარტავს, თანამშრომლები ”როგორც საზოგადოების წევრები” მინისტრის გადაყენების საკითხს დააყენებენ.
ნინო ბექიშვილი