31.05.2012
გერმანიის მთავრობა საქართველოს 57 მილიონ ევროს გამოუყოფს
გერმანის მთავრობა საქართველოს 57 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამ თანხიდან 7 მილიონი ევრო ბათუმის სანიაღვრე სისტემის დასრულებას მოხმარდება, 5 მილიონი - დაცულ ტერიტორიებს, 25 მილიონი _ განახლებადი ენერგიისთვის გამოიყოფა, ხოლო 20 მილიონი ევრო კი მყარი ნარჩენების გადამუშავებას მოხმარდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა გერმანიის ეკონომიკის მინისტრის დირკ ნიბელის შეხვედრისას განაცხადა.
„გერმანიის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხიდან ნაწილი გრანტია, ნაწილი კი შეღავათიანი სესხი. გერმანიის ფედერალური სამინისტროს ნაწილია ორგანიზაციები KFW და GTZ. ესენი არიან ის ორგანიზაციები, რომლებსაც საქართველოში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვთ. ჯამში, საქართველოსთვის მათ დაახლოებით 400 მლნ ევრო აქვთ გამოყოფილი. ამ კომპანიების მიერ ერთ-ერთი მთავარი დაფინანსებული პროექტია _მაღალი გადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელიც საქართველოს და თურქეთს აკავშირებს. „- განაცხადა ნიკა გილაურმა.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ნიკა გილაურის სპეციალური მოწვევით იმყოფება. ის რამდენიმე დღის განმავლობაში გერმანიის მთავრობისგან დაფინანსებულ პროექტებს მოინახულებს. გილაურმა მას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით გერმანია საქართველოს ნომერ პირველი ინვესტორია.
ეკონომიკის ექსპერტ, „ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგის" ხელმძღვანელის ირაკლი ლექვინაძის თქმით, მთავარია ეს თანხა კონკრეტულ პროექტებს და მის მიზნობრივ გამოყენებას მოხმარდეს.
„KFW არის ისეთი გერმანული ორგანიზაცია, რომელიც ძალიან მკაცრად ამოწმებს ნებისმიერი გაცემული კრედიტის თუ გრანტის მიზნობრიობას. საგარეო ვალების დაგროვებას რაც შეეხება, ეს ის თანხა არ არის, რომელმაც შეიძლება ჩვენი სურათი მეტად გააუარესოს, ან მისმა არ აღებამ რამე მნიშვნელოვანი შეღავათი მოგვცეს."
ირაკლი კაკაბაძე