28.06.2012
გაზი განვადებით
ახალი დადგენილების მიხედვით, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთების სურვილის შემთხვევაში, საფასური ეტაპობრივად გადაიხადოს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შესაბამისი დადგენილება უკვე მიიღო. მომხმარებელს, რომელსაც ქსელზე მიერთების სურვილი აქვს, საშუალება ეძლევა დღგ-ს ჩათვლით ყოველთვიურად მხოლოდ 25 ლარი გადაიხადოს და მიერთების საფასური 24 თვის განმავლობაში დაფაროს.
მომხმარებელს ასევე შეეძლება სხვა არჩევანი გააკეთოს: გადაიხადოს მიერთების საფასური ფაქტობრივი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით ან ერთჯერადად, არაუმეტეს 600 ლარისა.
ამავე დადგენილების თანახმად, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელმა კომპანიამ ახალი მომხმარებლის გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთება და ბუნებრივი გაზით მომარაგება უნდა განახორციელოს განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.
ახალი ინიციატივის შესახებ პირველად საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წინა კვირას ხაშურში ახლადაშენებული გაზსადენის გახსნისას განაცხადა.
"როგორც წინა საპარლამენტო არჩევნების დროს დაგპირდით, გაზი სოფელში შემოყვანილია. თუმცა პრობლემა იყო ის, რომ მოსახლეობას სახლებში ბუნებრივი აირის შეყვანა საკუთარი ხარჯებით უხდებოდა, რაც დაახლოებით 400 ლარი ჯდებოდა. ამის საშუალება კი უმრავლესობას არ ჰქონდა. რამდენიმე დღეა ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად თავს ვიმტვრევთ და შევიმუშავეთ ახალი გეგმა. აქ ყველას გაქვთ ბალონის გაზი, რაც გიჯდებათ ეს თვეში ზუსტად იმ თანხაში განვადებით შემოიყვანთ ბუნებრივ გაზს", - განაცხადა სააკაშვილმა.
მაკო ჯანჯიბუხაშვილი