12.07.2012
კარალეთში ოცამდე ადამიანი დაშავდა
დღეს კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები სოფელ კარალეთში მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდნენ. რასაც შემდეგ გაურკვეველ ჯგუფებსა და იქ მყოფ საზოგადოებას შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა.
სოზარ სუბარის განცახდებით, სოფელში მისვლისას მათ ე.წ. “ზონდერ ჯგუფი” და კიდევ რამდენიმე ადამიანი დახვდათ: “გაჰყვიროდნენ რაღაც დაზეპირებულ ტექსტებს, შემდეგ კი, როცა ამით ვერ შეაჩერეს მსვლელობა, ჩხუბზე გადავიდნენ და ქვების სროლა დაიწყეს.” შემდეგ მათ დამატებითი ჯგუფებიც გამოიძახეს. სუბარის თქმით, ერთ-ერთი ჯგუფის წევრები ძმები გოგიტა და გიგი გოჩაშვილები და ვინმე მაისურაძეა, რომელსაც მამასახლისად მოიხსენიებენ: “ესენი არიან რაღაც სოფლების არაფორმალური გამგებლები, რომლებსაც აქვთ არაფორმალური ხელფასი. სწორედ ეს ჯგუფები სცემდნენ ყველას: ქალებს, ბავშვებს… არავის არ ინდობდნენ. განსაკუთრებული აგრესია ჰქონდათ ჟურნალისტების მიმართ.” სოზარ სუბარის ცნობით, დაშავებულია “ქართილის ხმის” ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი, ასევე მაესტროს და “ინფო 9”-ის ჟურნალისტები.
როგორც სუბარი აცხადებს, გოჩაშვილები და მაისურაძე მანამდეც იყვნენ მსგავს საქმეებში გარეულები: “ჯერ კიდევ 2010 წელს სწორედ ისინი შეიმჩნეოდნენ ოპოზიციის წინააღმდეგ მოძრაობებში და ჟურნალისტების დაშავებაში.”
კარალეთში მომხდარს სუბარი ხელისუფლების სისუსტედ აფასებს: “როდესაც მათ არ აქვთ პოლიტიკური არგუმენტები პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან სასაუბროდ, ისინი იწყებენ ქვების სროლას.”
დღეს კარალეთში სოზარ სუბართან ერთად იმყოფებოდნენ “ ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლები: მურთაზ ხურცილავა, დავით კვაჭაძე, კახი კალაძე, ნუკრი ქანთარია… სუბარის ცნობით, არცერთი მათგანი არ დასავებულა, თუმცა დაიმტვრა მანქანები.
სოზარ სუბარი ამჟამად დაშავებულებთან საავადმყოფოში იმყოფება. როგორც მან “ლიბერალთან” საუბრისას განაცხადა, ისინი თბილისიდან ადვოკატებს ელოდებიან, რათა თითოეულ დაზარალებულს გაესაუბრონ და შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსაც მისცემენ ჩვენებებს
ანა ნაცვლიშვილი