ნიკოლ ბედფორდი ერთ-ერთია იმ მოხალისეებიდან, რომელიც საქართველოში ინგლუსური ენის სასწავლებლად ჩამოვიდა. პროფესიით მასწავლებელი, ნიკოლი ბაჰამის კუნძულებზე ცხოვრობს და სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის.პროგრამაში "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად" (TLG) ის შარშან სექტემბერში ჩაერთო და თბილისის 191- სკოლაში, ინგლისურს დეკემბრამდე ასწავლიდა. საშობაო არდადეგებზე სამშობლოში დაბრუნდა და როცა საქართველოში აპირებდა გამოფრენას TLG- ს წერილმა მიუსწრო. მას აცნობეს, რომ Facebook-ზე გამოქვეყნებული, TLG-ს შეურაცხმყოფელი მრავალჯერადი სტატუსების გამო პროგრამიდან გათავისუფლებულია. "ლიბერალმა" ნიკიოლ ბედფორდთან ინტერვიუ ჩაწერა.
-ნიკოლ, რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა?
საზღვარგარეთ სწავლება ყოველთვის მინდოდა, ვფიქრობდი ეს სამუშაო გამოცდილების მისაღებად და საკუთარი თავის შესაცნობად საუკეთესო საშუალება იყო. TLG -ში მონაწილეობის მიღებაც ამიტომ გადავწყვიტე, ამავე დროს მაინტერესებდა მემუშავა ქვეყანაში, რომელზეც მანამდე ძალიან ცოტა რამ ვიცოდი.
- შეგიძლიათ, მოგვიყვეთ იმის შესახებ, თუ რა რატომ და როგორ გაგანთავისუფლეს ამ პროგრამიდან?
Facebook-ზე, ცხელ გულზე სტატუსი დავდე, სადაც ვწერდი, რომ იმისთვის არ გადამილახავს ოკეანე, ევროპა და აზია, რომ უზრდელი მოსწავლეებისთვის მესწავლებინა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მე-4 - მე-10 კლასის მოსწავლეები გაკვეთილის დროს უპატივცემულოდ მომექცნენ. უხეშად მეპასუხობონენ და ვთხოვე გაჩუმებულიყვნენ. მათ კი თქვეს, რომ მე შავკანიანი ვიყავი და არ მქონდა უფლება მათთვის მიმეთითებინა რა გაეკეთებინათ და რა არა. მათ ეს დამსწრე მასწავლებელს ქართულად უთხრეს, თუმცა მე შინაარსს მივხვდი. შემდეგ, ერთ-ერთი მოსწავლე ადგა, ჩემსკენ წამოვიდა და განზრაც დამეჯახა. ამან წყობიდან გამომიყვანა. სწავლების ხუთ წლიანი გამოცდილების მანძილზე ასეთი რამ არ შემმთხვევია. Facebook-ზე გაბრაზებული სტატუსის დაწერიდან, ერთი სათიც არ იქნებოდა გასული, რომ TLG-დან დამირეკეს და მკითხეს რა მოხდა. როცა ყველაფერი მოვუყევი,მითხრეს, რომ ცოტა ხანში დამირეკავდნენ. შემდეგ TLG-დან სხვა პიროვნება დამიკავშირდა და მთხოვა სტატუსი წამეშალა, რადგან პროგრამის ხელმძღვანელს არამართებულად მიაჩნდა მოსწავლეებისთვის თავხედი და საზიზღარი მეწოდებინა. მან ეს მშვიდად მითხრა და მთხოვა მომავალში, ასეთი პრობლემის შემთხვევაში, მათთვის მიმემართა. TLG-ის წარმომადგნელის თხოვნა გავითვალისწინე და Facebook-დან ჩემი ემოციური სტატუსი წავშალე.
- ეს პირველი შემთხვევა იყო როცა TLG-მ თქვენი სტატუსის წაშლა გთხოვათ? თქვენს ბლოგში აღნიშნავთ, რომ მსგავსი შემთხვევა საქართველოში ჩამოსვლამდეც გქონდათ.
საქართველოში ჩამოსვლამდე სტატუსი Facebook-ის ჯგუფ Expats in Georgia -ში დავწერე. TLG არსად მიხსენებია, უბრალოდ მათ უყურადღებობაზე ვსაუბრობდი მოხალისეების მიმართ, რადგან საქართველოში გამოსამგზავრებლად ბილეთები ძალიან გვიან მივიღეთ, რის გამოც ვღელავდით. (სტატუსში ნიკოლი TLG-ს პროფესიონალიზმს აყენებდა ეჭვქვეშ, რის შემდეგაც მას აცნობეს, რომ TLG მისი აპლიკაციის გადახედვას აპირებდა. ნიკოლმა ამ სტატუსისთვის TLG -ს მოუბოდიშა-ავტ.)
- როდის გაცნობათ TLG-მ რომ თქვენ პროგრამაში აღარ მონაწილეობდით? როგორ ახსნეს მათი გადაწყვეტილება?
21 იანვარს წერილით მაცნობეს, რომ გამათავისუფლეს. სახლში 24 დეკემბერს ჩავედი და მაინტერესებს, მაინცდამაინც საქართველოში ჩემი გამომგზავრების დღეს რატომ დაელოდნენ, რომ ეს ეცნობებინათ? ნახევარი გზა უკვე გამოვლილი მქონდა, როცა ეს სიახლე გავიგე. ამასთანავე, ვერ წარმოვიდგენდი, რომ აზრის გამოხატვის გამო გამათავისუფლებდნენ.
- თუ გქონდათ TLG-თან კონტრაქტი გაფორმებული და რამენაირად თუ იყავით ამ ხელშეკრულებით შეზღუდული აზრის გამოხატვის თავისუფლებისგან?
კონტრაქტში ასეთი რამ არსად ეწერა.რაც არ უნდა დამეწერა Facebook- ზე ეს ჩემი საქმეა, რადგან ეს ჩემი პირადი გვერდი იყო. არასოდეს დამიწერია TLG-ს შეურაცხმყოფელი სტატუსები, ასე რომ, რას გულისხმობენ ისინი, როცა ამბობენ, რომ ასეთი კომენტარების და სტატუსების გამო გამათავისუფლეს, ვერ ვხვდები. არც არასოდეს გავუფრთხილებივარ ვინმეს, რომ უპატივცემულოდ ვიქცეოდი და ამის გამო დამითხოვდნენ. თანაც, მას შემდეგ, რაც ჩემს მოსწავლეებზე დავწერე სტატუსი TLG- ს წარმომადგენლებისთვის ჩემი Facebook-ის გვერდი დავხურე, ასე რომ, ისინი ვერ ნახავდნენ ვერაფერს. ვფიქრობ იმიტომ გამათავისუფლეს, რომ ფიქრობდნენ ამ ყველაფერზე სადმე სხვაგან ვილაპარაკებდი და ისინი ჩემს გაკონტროლებას ვერ შეძლებდნენ.
- რა პრობლემები შეგექმნათ საქართველოში ცხოვრების დროს, რაზეც Facebook-ზე თქვენს კომენტარებსა ან სტატუსებში წერდით?
ყველაზე ხშირად იმ ამბებზე ვწერდი, რაც ყოველდღიურად ჩემს თავს ხდებოდა. ვწერდი იმაზე, რომ გამუდმებით მომშტერებოდნენ ქუჩაში, ხელით მეხებოდნენ ჩემი ნებართვის გარეშე, მქონდა შეურაცხმყოფელი სექსუალური შემოთავაზებები. საქართველოში რთულია იყო შავკანიანი ქალი.
- როგორ ფიქრობთ, Facebook-ი საუკეთესო საშუალება იყო ამ პრობლემების მოსაგვარებლად? სხვა გზა არ გიცდიათ?
Facebook-ს პრობლემების მოსაგვარებლად არ ვიყენებდი. აი, რას ვერ მიხვდა TLG. Facebook ჩემთვის მეგობრებთან ურთიერთობის საშუალებაა. ისინი ჩემი გვერდის საშუალებით იგებდნენ როგორ ვიყავი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ეს ჩემთვის თვითგამოხატვის ადგილი იყო.
- ბლოგში თქვენ ამბობთ - "არ გავჩერდები სანამ TLG-ს პროგრამის შესახებ მთელს სიმართლეს არ გამოვააშკარავებ." რა სიმართლეს გულისხმობთ და როგორ აპირებთ მის გამოაშკარავებას?
ვგულისხმობდი იმას, რაც მე შემემთხვა. TLG-ს წინააღმდეგ შურისძიებას არ ვაპირებ. უბრალოდ ვფიქრობ გადაწყვეტილება ჩემი გათავისუფლების შესახებ არასწორი იყო, თუმცა, შესაძლოა,ამით სასიკეთო საქმე გამიკეთეს. საქართველოში ცხოვრება ჩემთვის ძალიან რთული იყო და იქ გატარებული უმეტესი დრო ცუდად ვგრძნობდი თავს. მართალია დადებითიც იყო, მაგრამ კულტურული თვალსაზრისით საქართველოში ბევრ პრობლემას წავაწყდი.












დატოვე კომენტარი