Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

LIVE ► ქალაქი გორი - საპარლამენტო არჩევნები 2016

08 ოქტომბერი 2016

ქალაქ გორის 41 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის სულ 12 კანდიდატია: იოსებ მაკრახიძე – 1999 წლიდან ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, ასფალტის მწარმოებელი და გზების მშენებელი კომპანია „იბოლიას“ თანამფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი; ალექსანდრე გოგლიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს ყოფილი უფროსი. შოთა წკრიალაშვილი – ბლოკი პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის; ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო, ვიდრე 2014 წლის შემოდგომაზე თავისუფალი დემოკრატები მმართველ კოალიციას ქართულ ოცნებას დატოვებდნენ; მამუკა ნოზაძე – ბლოკი პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია; ვახტანგ რაზმაძე – ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა; გურამ მჭედლიძე – ეროვნული ფორუმი; სვეტლანა კასაევა - ბლოკი „მრეწველები, ჩვენი სამშობლო”; ვლადიმერ სავანელი - ლეიბორისტული პარტია; თამაზ ჯალაღონია – საქართველოს მშვიდობისთვის; ნიკოლოზ ოთინაშვილი – საქართველო; ირაკლი ოქრუაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი, 2004–2006 წლებში თავდაცვის მინისტრი იყო. 41 საარჩევნო ოლქში სულ 41 საარჩევნო უბანი და 50 395 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.
  • 09:46

    "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ რამდენიმე წუთის წინ ხმა გორის N 82 საარჩევნო უბანზე მისცა.

  • 10:26

    „კეთილდღეობას,თავისუფლებას, დემოკრატიას მივეცი ხმა. დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“ - განაცხადა ხმის მიცემის შემდეგ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარმა კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ. ის მაჟორიტარია გორში.

  • 10:34

    გორის N 82 საარჩევნო უბანი - შესასვლელთან ამომრჩევლების აღრიცხვა ხდება.

  • 12:47

     41-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის მალხაზ მირაშვილის ინფორმაციით, ქალაქ გორის 41-ე საარჩევნო ოლქში 12 საათისთვის აქტივობა 11 % -ია. გორის მუნიციპალიტეტის 42-ე საარჩევნო ოლქში კი - 14.4 %.

  • 14:21

    მერეთის #51 საარჩევნო უბანში არაუფლებამოსილი პირი იმყოფებოდა -"საზოგადოებრივი დამცველი"
    საუბნო კომისიის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივარი არ ჩაიბარა. მათი თქმით, ეს პირი უბრალოდ ხმის მიცემის შემდეგ უბანზე შეყოვნდა და ეს დარღვევა არ ყოფილა. თუმცა ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს პირი უბანზე საკმაოდ დიდხანს, პრაქტიკულად უბნის გახსნის დროიდან იმყოფებოდა.

  • 15:35

    "მშვიდად და თავდაჯერებულად მოდით არჩევნებზე" - გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ამომრჩეველს გორის ოფისიდან მიმართავს.

  • 09:09

    სოფელ კარალეთის დევნილთა დასახლების N100 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლას 10 საათი დასჭირდა. მთავარი პრობლემა, რომლის გამოც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ოქმს ვერ წერდა, ის იყო, რომ რეგისტრატორების სამაგიდო წიგნებში დაფიქსირებული ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა არ ემთხვეოდა დათვლილი ხმების (ბათილი და ჩათვლილი) ხმების ჯამს.

    უბანზე საკითხი მას შემდეგ გადაწყდა, რაც 41-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი უბანზე მივიდა და ჩანაწერებს გაეცნო. მისი თქმით, შეცდომა სავარაუდოდ ორმა რეგისტრატორმა დაუშვა და მათ ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველს წიგნში ხელი არ მოაწერინეს. ამის შემდეგ ორმა რეგისტრატორმა შესაბამისი ახსნა-განმარტება დაწერა და ხმების დათვლის როცედურაც დასრულებულად ჩაითვალა. 

    რაც შეეხება შედეგებს, ამ უბანზე "ქართულმა ოცნებამ" (387 ხმა) და მისმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თენგიზ ხუბულურმა (329 ხმა) გაიმარჯვეს. 
    "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" უბანზე 864 ამომრჩევლიდან 282 ხმა მოიპოვა. მაჟორიტარობის კანდიდატმა 292 ხმა ბადრი ბასიშვილმა მიიღო. შემდეგ მოდიან "თავისუფალი დემორატები" 39 ხმით და "დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 33 ხმით. ასევე "პაატა ბურჭულაძე - საქართველო ხალხისთვის" - 31 ხმით. 

    დევნილთა დასახლების კულტურის სახლშიგანთავსებული ამ საარჩევნო უბნის ირგვლივ 20:00 საათამდეც ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი. მათმა ნაწილმა ხმის დათვლის შედეგები უბნის ღია ფანჯრებიდან მოისმინა და მიმდებარე ტერიტორია სტვენით, შეძახილებითა და ავტომანქანის სიგნალებით დატოვა.

  • 09:31

    ქალაქ გორში მაჟორიტარი დეპუტატის გამოსავლენად, სავარაუდოდ, მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო. #41 მაჟორიტარული ოლქი 41 უბნიდან ცესკოს გამოქვეყნებული აქვს 11 უბნის მონაცემები. ამ მონაცემების მიხედვით პარტია "ართული ოცნების" კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ლიდერობს. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერსა და კანდიდატი კი ამ დროისთვის რიგით მეორეა. თუმცა მისი შედეგისგან მცირედით განსხვავდება დანარჩენი ორი ყველაზე ძლიერი კონკურენტის შედეგებიც:

    იოსებ მაკრახიძე 32. 58 % - ქართული ოცნება

    ირაკლი ალასანია - 19.35 % - თავისუფალი დემოკრატები 

    ირაკლი ოქრუაშვილი 18. 27 % 

    ალექსი გოგლიძე 16.3 % - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მეტი