Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობისთვის სამინისტრომ დადებითი ეკოლოგიური დასკვნა გასცა

09 ოქტომბერი, 2015 16:17

გარემოს დაცვის სამინისტრომ „ნენსკრა ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე დადებითი ეკოლოგიური დასკვანა გასცა.

ამის შესახებ „ლიბერალს“ გარემოს დაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციაზე ექსპერტიზის დასკვნის შესახებ მინისტის შესაბამისი ბრძანება (№ი-768 ) 2015 წლის 2 ოქტომბრით თარიღდება.

სამინისტროს ცნობით, 2 ოქტომბერს დასრულდა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება და დამტკიცდა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ წარმოდგენილ სს „ნენსკრა-ს" „ნენსკრა ჰესის" მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.

როგორც „ლიბერალს“ გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ შარაშიძემ განუცხადა, შემდეგ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტრომ უნდა ჩაატაროს პროექტის ექსპერტიზა, რის შემდეგაც მშენებლობის ნებართვა გაიცემა.

რაც შეეხება „ნენსკრა ჰესის“ გზშ-ს ანგარიშზე არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებს, შარაშიძე ამბობს, რომ მხოლოდ ერთი არასამთავრობო იყო, რომელმაც სამინისტროს შენიშვნები წერილობით მიაწოდა.

შარაშენიძის თქმით, სამინისტრომ შენიშვნებზე მათ წერილობით უპასუხა. „იყო მოსახლეობასთან შეხვედრები, გაცემამდე 3-4 დღით ადრე, ბევრი დეტალი დაზუსტდა, მათ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გავეცით. პროცესი საჯარო, ღია იყო, ყველა ადამიანს შეეძლო მოეთხოვა და ჩართული ყოფილიყო ამ პროცესში“, - აცხადებს შარაშიძე.

25 სექტემბერს, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ და „ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელმა" „ნენსკრა ჰესის" გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე ერთობლივი შენიშვნები მოამზადა.

მათი თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროში წარდგენილი გზშ-ს ანგარიში არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ გარემოს დაცვის ნორმებსა და სტანდარტებს. ასევე, ანგარიში არ ასაბუთებს, რომ მასში მოყვანილი საქმიანობა განსაზღვრულ ადგილსა და გარემოებაში არ გამოიწვევს გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევად ხარისხობრივ და თვისობრივ ცვლილებებს.

როგორც ორგანიზაციები ერთობლივ დასკვნაში აღნიშნავენ, გზშ-ს ანგარიში არ ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების ან თავიდან აცილების ღონისძიებებს.

„პროექტზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის გაცემის შემთხვევაში უხეშად დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა, ვინაიდან გამოიწვევს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების რაოდენობის შემცირებას, მათი საბინადრო გარემოს და საარსებო პირობების გაუარესებას. ანგარიში არ მოიცავს პროექტის დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზს, შესაბამისად, არ არის შეფასებული პროექტის არც ეკონომიკურ და არც ენერგეტიკულ ფაქტორებზე (ტარიფი, მიწოდების პირობები) ზემოქმედების საკითხები. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია მოკლებულია სათანადო ანალიზს და ეფუძნება მხოლოდ ანგარიშის ავტორების ვარაუდებს“, - ვკითხულობთ მასალაში.

შენიშვნების ავტორთა განცხადებით, პროექტი გამოიწვევს ბიომრავალფეროვნების, დაცული, იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების, მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების შეუქცევად დეგრადაციას.

ორგანიზაციები, ასევე აღნიშნავენ, რომ პროექტი არ შეესაბამება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკებსა და ევროკავშირის სტანდარტებსა და ნორმებს.

„ანგარიშში არათუ არ არის შესწავლილი, არამედ ნახსენებიც კი არ არის პროექტის ზეგავლენა ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე (მშპ, ელ.ენერგიის ექსპორტი ა.შ), არ არის წარმოდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულება, საქართველოში დასატოვებელი ელექტროენერგიის ოდენობა და ტარიფი", - ვკითხულობთ შენიშვნებში.

ავტორთა განცხადებით, უცნაურია, რომ ანგარიშში არ არის შეფასებული ის ზიანი, რომელიც მიადგება ადგილობრივ მოსახლეობას არა მარტო მოსავლის დაკარგვისა და ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის შედეგად, არამედ იმ მხრივაც, რომ მნიშვნელოვნად უარესდება საცხოვრებელი გარემო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რაც თანდათანობით აღნიშნული სოფლების დაცლას გამოიწვევს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციები აცხადებენ, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა.

„იმედს ვიტოვებთ, რომ სამინისტროს დღევანდელ ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების მიღებისას პრიორიტეტს მიანიჭებს წარმოდგენილი გზშ ანგარიშის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის და მოსალოდნელი საქმიანობის ეკოსისტემებზე შესაძლო ზეგავლენის შეფასებას და ტრადიციულად, არ გაკეთდება აქცენტი დაგეგმილი პროექტის ეკონომიკური თუ ენერგეტიკული მიზანშეწონილობის ჰიპოთეტურ საკითხებზე.

ასევე, იმედი გვაქვს, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოახერხებს გაუძლოს ზეწოლას და დაუმტკიცებს მინისტრთა კაბინეტის წევრებს, რომ ობიექტური გზშ პროცესის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებები მომგებიანია, როგორც გარემოსდაცვითი, ისე ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისითაც. მიგვაჩნია, რომ ასეთ რთულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია გამოცხადდეს მორატორიუმი, მანამ, სანამ ძალაში არ შევა ახალი კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“, რომლის მიღებაც იგეგმება ამ წლის ბოლოს“, - ნათქვამია შენიშვნებში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^