ქრონიკული და უკურნებელი დავადებების მქონე ბავშვებისთვის ჰოსპისის მშენებელობა დაიწყო. ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობის ინიციატორი ფონდი ღია საზოგადოება -საქართველოა. ჰოსპისის მშნებლობას საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, სამედიცინო კორპორაცია "ევექსი" და ინდივიდუალური დონორები აფინანსებენ.
ფონდის ინფორმაციით, ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ.
ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს. ბავშვებისათვის შინ ზრუნვის სამსახური ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველოს" ინიციატივით და ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ხელშეწყობით საქართველოში უკვე ფუნქციონირებს და თბილისის მასშტაბით 15 ბავშვს და მათ მშობლებს სრულიად უანგაროდ ეხმარება.
ბავშვთა ჰოსპისის აშენების იდეა 2013 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ გაჩნდა, რომლის მიზანი იყო ბავშვებისთვის პალიატიური მზრუნველობის საჭიროების შესწავლა. როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე 839 ბავშვს ესაჭიროება.