„იქ წერია, რომ გამოძიების გაგრძელება გამოიწვევდა გაბრაზებას ცხინვალის და სოხუმის ე.წ. ხელისუფლების, ანუ მარიონეტების“, - „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია 2015 წლის მარტში საქართველოს მხრიდან 2008 წლის ომის დანაშაულის გამოძიების შეწყვეტის მიზეზებზე საუბრობს.
„მარტში ახალმა ხელისუფლებამ განუცხადა ჰააგის ტრიბუნალს, რომ ისინი წყვეტენ გამოძიებას ყველა მიმართულებით (მინდა გითხრათ, რომ რუსეთს არ შეუწყვეტია გამოძიება თავისით). იქ ერთ-ერთ მიზეზად, ამ შეწყვეტის, დასახელებულია არა მარტო ობიექტური მიზეზი, რომ ხელმისაწვდომი არ არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და „მარიონეტებისა“ და რუსეთის მთავრობის თანამდებობის პირებზე, არამედ ისიც, რომ არ სურდათ „მარიონეტების“ გაღიზიანება. საქართველოს სუვერენულმა ხელისუფლებამ არ შეიძლება ამ მოტივით იხელმძღვანელოს ან, მით უმეტეს, ეს მიზეზი მიუთითოს საერთაშორისო ტრიბუნალს“, - ამბობს ბოკერია.
ჰააგის სასამართლოს პროკურორის, ფატუ ბენსუნდას განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქართველი ძალების თავდასხმის შედეგად 10 რუსი მშვიდობისმყოფელია მოკლული და 30 დაჭრილი.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი აღნიშნავს, თავდასხმა ე.წ. „ვერხნი გარადოკში“ მხოლოდ იმიტომ იყო, რომ სამშვიდობოები ჩვეულებრივი აგრესორები იყვნენ და მონაწილეობას იღებდნენ აგრესიაში საქართველოს და იქ მცხოვრები მოქალაქეების წინააღმდეგ.
„არსებობს მყარი მტკიცებულებები ამის დასასაბუთებლად. ძალიან ინტენსიური გამოძიება იყო ამ მიმართულებით და იქ არ იკვეთებოდა არანაირი საფუძველი. თეორიულად შესაძლებელია, რომ რომელიმე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელს დამოუკიდებლად იზოლირებულად ემოქმედა, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ ომის ჰუმანიტარულ დანაშაულზე“, - ამბობს ბოკერია.
„პროკურორს, აგრეთვე, აქვს გონივრული საფუძველი, რათა ირწმუნოს, რომ, როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები, რაც გამოიხატა მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებსა და მათ ობიექტებზე თავდასხმაში“, - ჰააგის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუნდამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა თხოვნით, ნება დართონ პროკურორის ოფისს დაიწყოს გამოძიება 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. ამ მიზნით პროკურორმა ითხოვა საქართველოში 2008 წლის 1ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება.
ფატუ ბენსუდა გუშინ საქართველოში ჩამოვიდა.