Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხუნდაძე: ნიცშეზე ლექცია უბანშიც ისმოდა და, ვვარაუდობთ, ამიტომ მიგვიჩნიეს სატანისტებად

27 ნოემბერი, 2015 13:20

„სტუდიო კამპუსის“ დირექტორი მიხეილ ხუნდაძე „ლიბერალთან“ დაჭრის დეტალებზე საუბრობს. 

„ფაქტი მოხდა 15 ნოემბერს, ჩვენ ვატარებდით საჯარო ლექციას და შემდეგ კინოჩვენებას.

ბავშვები იმ დილიდან აგრესიულად იყვნენ განწყობილები მიუხედავად იმისა, რომ მანამდე, პირიქით, გვეხმარებოდნენ და კარგად ვიყავით მათთანაც და მათ მშობლებთანაც. მერე იწყება უკვე აგრესია და აჟიტირებულები არიან. ჩვენ ვუთხარით მკაცრად, რომ დაეტოვებინათ „კამპუსის“ ტერიტორია, რომ არ ჩაშლილიყო ლექციის პროცესი და ის ღონისძიებები, რაც დაგეგმილი იყო იმ დღეს.

საღამოს, როდესაც საჯარო ლექცია დამთავრდა და იწყებოდა კინოჩვენება, სამი ახალგაზრდა შემოვარდა სადარბაზოში ჩემი სახელის ყვირილით. მე გავედი, ცოტათი მოვარიდე, რომ ლექცია არ ჩაშლილიყო და როგორც კი სადარბაზოდან გავედი, ამ ადამიანმა დამიწყო ყვირილი, როგორ აგინე ბავშვებსო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ჩემთვის ასეთი რაღაცები არ არის დამახასიათებელი. იქვე ჩამარტყა დანა გულთან ახლოს. შემთხვევით გადავრჩი“, - იხსენებს მიხეილ ხუნდაძე.

მისი თქმით, ბავშვები, რომლებზეც საუბრობს, 13-15 წლისები არიან, ვინც დაჭრა ის პირი კი - 23 წლის.

„ესენი არიან ერთი უბნის წარმომადგენლები. მთავარი ისაა, რომ დაჭრილი ვიყავი, სისხლისგან ვიცლებოდი და, როგორც სტუდენტებმა მიამბეს, იქაური უბნის ხალხი იძახდა „ახია თქვენზე“, „აბა რა გეგონათ“, „თქვენ ხართ სატანისტები“, „რა ლექციებს ატარებთ აქ“ და ასე შემდეგ. ვგულისხმობ ზრდასრულ ადამიანებს“, - ამბობს ხუნდაძე.

მისივე თქმით, ამ შენობაში „კამპუსი“ გაზაფხულიდანაა და ასეთი შემთხვევა მანამდე არ ყოფილა.

„ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩვენ დიდი საჯარო ლექცია გავაკეთეთ ნიცშეზე, ნოემბრის დასაწყისში. გაჟღერდა ნიცშეს ტექსტის განსაზღვრება, რომელიც არის „ასე იტყოდა ზარატუსტრაში“ – „ღმერთი მოკვდა“. მაგ ლექციაზე ბევრი სტუმარი გვყავდა, 180 სტუდენტი, ამიტომ გამოვიყენეთ ხმის გამაძლიერებლები და ეს ხმები უბანშიც ისმოდა. ვვარაუდობთ, ამის გამო ჩათვალეს, რომ ჩვენ სექტანტები და სატანისტები ვართ“, - ამბობს ხუნდაძე.

„სტუდიო კამპუსის“ დირექტორის თქმით, ოპერაციის შემდეგ 4 დღე რეანიმაციაში გაატარა.

„შემდეგ პალატაში გადმომიყვანეს და გუშინწინ გამომწერეს. ფილტვი მქონდა დაზიანებული და ჩამიტარდა ოპერაცია“, - უთხრა „ლიბერალს“ მიხეილ ხუნდაძემ. 

ფოტოგრაფი ანგუს ლიდლი ბრაუნი, რომელიც „სტუდია კამპუსში“ მიხეილ ხუნდაძის დაჭრის დროს შენობაში იმყოფებოდა, „ლიბერალთან“ 15 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.

ბრაუნი ამბობს, რომ ინციდენტს თავად არ შესწრებია, თუმცა დაინახა, როგორ გარბოდა სამი მამაკაცი.

„ზემოთ სართულზე ვიყავი, როცა ყვირილი გავიგე და ჩავედი. ქართული არ ვიცი, ამიტომ, ვერ გავერკვიე, რა ხდებოდა. დავინახე, სამი ახალგაზრდა მამაკაცი გარბოდა. ერთ-ერთს რაღაც დაუვარდა ქუჩაში და ასაღებად მობრუნდა. დავინახე, რომ დანა იყო, აიღო და სამივე გაიქცა. ირგვლივ ხალხი ყვიროდა. „კამპუსის" ეზოში გასასვლელი კარი ჩაკეტილი იყო. მიშას ცოლმა, ნატამ ჩაკეტა, ქმარი რომ დაეცვა, რადგან ის ბიჭები, როგორც ვიცი, კარის შემომტვრევას ცდილობდნენ“, - ამბობს ბრაუნი.

მისი თქმით, როცა მიხელ ხუნდაძე ნახა, ის უკვე ძირს იწვა.

„დავიხარე და ვნახე, მკერდის არეში მაისური ჰქონდა გახვრეტილი. მაისური სისხლიანი იყო, თუმცა ბევრი სისხლიც არ ყოფილა. ვიფიქრე, ფილტვშია დაჭრილი-მეთქი, სუნთქვა უჭირდა. ხელი დავაჭირე სისხლისღვრის შესაჩერებლად. სასწრაფო ძალიან მალე მოვიდა. პოლიცია ადგილზე არ მოსულა, როგორც ვიცი, საავადმყოფოში მივიდა“, - ამბობს ბრაუნი.

15 ნოემბერს ვერაზე „სტუდიო კამპუსის“ დირექტორი მიხეილ ხუნდაძე დაჭრეს. როგორც „ლიბერალზე“ გამოქვეყნებულ ბლოგში გია ეძგვერაძე წერს, ინციდენტი მოხდა „კამპუსის“ ორგანიზებით მოწყობილ საჯარო ლექციაზე მოხდა, რომელიც მილორავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მიმდინარეობდა.

„კამპუსის“ ტერიტორიაზე კეთილად დაშვებულმა ბავშვებმა და მოზარდებმა მოწვეული ლექტორების ლექციებზე „არევა“ დაიწყეს და გამოსვლები ჩაშლის ზღვარზე მივიდა. ბოლო ლექციაზე ასეთი უსიამოვნო ინცინდენტების დროს წყობიდან გამოსულმა ცენტრის დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა მიშა ხუნდაძემ (უკეთილესმა და უწესიერესმა ადამიანმა!) მკაცრად მოსთხოვა მოზარდებს სალექციო სივრცის დატოვება. „ბავშვები“ (ქართულ რეალობაში ხომ ბავშვად მანამდე რჩები, სანამ დედა ცოცხალი გყავს) გაიქცნენ და თავის დამცველ ვაჟკაც-ბედოვლათებს შესჩივლეს - „კამპუსში“ გვაგინეს და გამოგვყარეს სატანისტებმაო! ჰოდა, ერთ-ერთი ყველაზე გულგამოდებული „ქრისტიანი“ მებრძოლი დანით მოვარდა - „მიშა ვინ არიო?“ კიოდა და მიშას დანახვისთანავე გულის არეში დანა ჩასცხო, მიუხედავად იმისა რომ, მიშას, ცოლი გადაეფარა!“, - წერს ეძგვერაძე.

„ლიბერალი“ შსს-ს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს.

„მილორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე ცხელ კვალზე არის დაკავებული პიროვნება. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს“, - უთხრეს „ლიბერალს“ შსს-ში.

რაც შეეხება რელიგიურ-იდეოლოგიურ მოტივს, რომელზეც გია ეძგვერაძე წერს და  „სტუდიო კამპუსის“ წევრებიც საუბრობენ, შსს-ში ამბობენ რომ დამამძიმებელი გარემოებები ჯერ გამოკვეთილი არ არის.

„საქმე ამ დროისთვის არ გადაკვალიფიცირებულა. რა თქმა უნდა, გამოძიების მსვლელობისას შეიძლება, გადაკვალიფიცირდეს“, - ამბობენ შსს-ში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 მაისი
23 მაისი

დონალდ ტრამპი მამუკა ბახტაძეს საქართველო ...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საქარ ...
23 მაისი
23 მაისი

ევროპა ლიგის ფინალმა აზერბაიჯანში ადამია ...

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ის დიდი ბრიტანეთის ოფისი აზერბაიჯანში ევროპა ლიგის ფინ ...
23 მაისი
23 მაისი

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედა ...

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას (მ.შ.-ს) გორის რაიონ ...
^