"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველი ერის სულიერი წინამძღვარია და მისი რჩევა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.
ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. ამიტომ, უწმინდესის თხოვნის საფუძველზე, მთავრობის მეთაური საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაწყების თხოვნით მიმართავს.დღეს რუსთაველის თეატრში პატრიარქი ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა შეწყალების უფლება მასაც უნდა ჰქონდეს.
საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის "პ" ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა.