ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, სოსო ჯაჭვლიანის საკანონმდებლო ინიციატივით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას 300 ლარით უნდა დაჯარიმდეს.
აღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა კი 600 ლარით დაჯარიმდება.
დეპუტატის ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს, რომელსაც 166-ე პრიმა მუხლი ემატება.
ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური შენობების ან სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება - გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით.
ინიციატორი კანონპროექტის მიზნად სახელმწიფოს მხირდან ქვეყანაში არსებული რელიგიების და მათი მიმდევრების შეურაცხყოფისგან დაცვას ასახელებს.
კანონპროექტს დღეს ბიუროს სხდომამ მსვლელობა მისცა.
კანონპროექტის ავტორი ზვიად ტომარაძეა, დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი, ხოლო ინიციატორი სოსო ჯაჭვლიანი.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშულია, რომ „რამდენიმე წელია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ საბაბით პერიოდულად ხდება ფარული და პირდაპირი შეურაცხყოფა, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ასევე ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის მიმართ.
„გაურკვეველი ჯგუფები და პიროვნებები მიზანმიმართულად ახორციელებენ რელიგიური სიწმინდეების რელიგიური ნაგებობების, რელიგიური სიმბოლოების შეურაცხყოფას. ინტერნეტსივრცეში შექმნილია რამდენიმე ათეული გვერდი, რომელთა პირდაპირი დანიშნულებაა ღვთის გმობა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მისი წინამძღოლისა და სასულიერო იერარქიის შეურაცხყოფა. სახეზეა პიროვნების ღირსებისა და პატივის დამცირება, მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების საჯარო შეურაცხყოფა. 2012 წლის 9 სექტემბერს გაურკვეველმა პირებმა ქაშუეთის ეკლესიის გალავანზე დახატეს წმინდა ნინოს კარიკატურა წარწერით: „თავისუფლება PUSSY RIOT”;
ჯაჭვლიანი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მოქალაქეთა რელიგიური გრძნობები, რათა თავიდან იყოს აცილებული შესაძლო დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე.