შეწყალების კომისიის თავმჯდიომარე ზვიად ქორიძე, რომელიც გუშინ პროკურატურაში იმყოფებოდა, ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებაში კონკრეტული გვარები დაასახელა, რადგან გამოძიების დაწყება პირადად მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ვისაუბრე იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რომელიც კომისიაში ელისაშვილის თავმჯდომარეობის დროს ხდებოდა და რომელიც ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხდება, რაც კომისიას მე ვხელმძღვანელობ" - ამბობს ქორიძე.
პროკურატურაში ქორიძის დაბარება მის განცხადებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცალკეული მსჯავრდებულების საქმეების განხილვას და დადებითად გადაწყვეტას მოითხოვს.
„არის ცალკეული შეტყობინებები, საუბრები, როცა მათ სურთ ცალკეული მსჯავრდებულების საქმეების განხილვა და დადებითად გადაწყვეტა. ასეთი მოძალებული ინტერესი პოლიტიკოსთა მხრიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, მიმაჩნია, რომ სარისკო და საეჭვოა" - აცხადებდა ქორიძე.
პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც, რომელიც ასევე აცხადებდა, რომ პოლიტიკოსები ფულადი სარგებლის მიღების მიზნით, ცალკეულ პატიმართა საქმეების დადებითად გადაწყვეტით ინტერესდებოდნენ.
მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძის თქმით, ელისაშვილის განცხადების საფუძველზე გამოძიება 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ზეგავლენით ვაჭრობას ეხება.