Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვლევა: დასავლეთის დისკრედიტაციის მიზნით, საქართველოში რუსული ფონდები გააქტიურდნენ

25 იანვარი, 2016 14:36

ფონდ „ლიბერალური აკადემია - თბილისის“ კვლევის თანახმად, საქართველოში რამდენიმე რუსული ფონდი გააქტიურდა, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და რომელთა მიზანიც „რუსი თანამემამულეების“ მხარდაჭერაა, რაც დეკლარირებულ დონეზე კულტურულ ღონისძებებს გულისხმობს, რეალურად კი დასავლეთის დისკრედიტაციაა.

კვლევის თანახმად, ამ ორგანიზაციების დაფინანსების წყაროები გასაიდუმლოებულია.

„დაფინანსებისა და გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციის მოძიება შეუძლებელია რუსული ფონდების ვებგვერდებზეც, რაც თავისთავად იძლევა ეჭვის საფუძველს. ფინანსურ მონაცემებთან ერთად, ფონდები არ ასაჯაროებენ ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ მოხდა გრანტის მიმღები ორგანიზაციის შერჩევა, რა კრიტერიუმებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილება იყო საჭირო გრანტის მისაღებად, როგორ ხდება მიმდინარე პროექტების მონიტორინგი“, - ვკითხულობთ კვლევაში, რომელიც რამდენიმე ფონდზე მიუთითებს:

გორჩაკოვის ფონდი 

გორჩაკოვის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოში 2013 წელს შეიქმნა „რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი“. მისი მხარდამჭერია საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი. ცენტრს ხელმძღვანელობდა ქართველი ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე შემდგომ კი - ბეჟან ხურციძე, საქართველოს რამდენიმე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ერთ დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

ფონდის კიდევ ერთი პროგრამაა „კავკასიის დიალოგი 2014“ (2013, 2012): საერთაშორისო პლატფორმა აზრთა გაცვლისთვის გლობალურ პოლიტიკაზე, საერთაშორისო ურთიერთობებსა და კავკასიის როლზე. მონაწილეობს 50 ექსპერტი (ძირითადად ახალგაზრდები) აფხაზეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, საქართველოდან, ირანიდან, რუსეთიდან, სლოვენიიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან.

გორჩაკოვის კლუბის წევრებში ირიცხება კახა კუკავა, პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე.

საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდი

შეიქმნა რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე და მუშაობა დაიწყო 2012 წლის 1 იანვარს. ფონდის დამფუძნებლები არიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფედერალური სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვო“.

ფონდის მიზანია რუსი თანამემამულეების სრულყოფილი სამართლებრივი მხარდაჭერა მათი უფლებების, საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სამართლის ნორმების დარღვევის შემთხვევაში.

ფონდი თავის საქმიანობას ახორციელებს დემოკრატიის სახელით, სოციალური სამართლიანობით, ეროვნული უმცირესობების უფლებებისა და თავისუფლების დაცვისათვის, ადამიანსა და საზოგადოებას შორის, ასევე ადამიანსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისა და სამოქალაქო განათლებისათვის.

საქართველოში ფონდი აფინანსებს pravfond.ge-ს საქმაიანობას.

რუსული სამყარო“ – Русский Мир

2007 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიმართა ფედერალურ ასამბლეას, რომ რუსულ ენას თანამედროვე სამყაროში „წახალისება“ სჭირდება. „რუსული ენა მრავალი ხალხის საერთო მემკვიდრეობაა, ის არასოდეს ყოფილა სიძულვილისა და მტრობის, ქსენოფობიის ან იზოლაციონიზმის ენა“, - განაცხადა პუტინმა.

ამის შემდეგ, 2007 წელს დაფუძნდა ფონდი „რუსსკი მირ” („რუსული სამყარო”), რომლის მიზანიც რუსული ენისა და, ზოგადად, რუსული კულტურის მხარდაჭერა და პოპულარიზებაა, მათ შორის საზღვარგარეთაც.

„რუსსკი მირი” აკავშირებს რუსულ დიასპორებს ერთმანეთთან და სამშობლოსთან კულტურული და სოციალური პროგრამებით. „რუსული სამყარო” ასევე მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ რუსული ენის სწავლა და არჩეული აქვთ ის სასწავლო საგნად.

რუსული სამყარო” საქართველოში

2014 წელს ფონდ „რუსული სამყაროს” მხარდაჭერით, საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა ღიად პრორუსულმა გაერთიანებამ, „ერეკლე მეორის საზოგადოებამ“ გახსნა რუსული ენის შემსწავლელი კურსები, სადაც 120-მდე მსმენელი მიიღო.

„ერეკლე მეორის საზოგადოების“ მხარდაჭერით და „რუსული სამყაროს“ დაფინანსებით, „საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივმა ჯგუფმა” 2013 წლის 1 თებერვლიდან გამოაცხადა რუსული ენის უფასო სწავლება.

ლევ გუმილიოვის ცენტრი“

„ლევ გუმილიოვის ცენტრი“ მოსკოვში 2011 წელს დაფუძნდა და ავითარებს ე.წ. „ევრაზიულობის” იდეებს, რომელიც ანტიდასავლურ და ანტილიბერალურ მსოფლმხედველობას ეფუძნება და რუსეთის სახელმწიფო იდეოლოგიაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია. ლევ გუმილიოვი საბჭოთა პერიოდის ცნობილი რუსი მეცნიერია, რომელმაც რუსული გეოპოლიტიკური სკოლის - ევრაზიანიზმის იდეების განვითარებას შეუწყო ხელი.

ცენტრის ხელმძღვანელი პაველ ზარიფუნილი საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის ლიდერის, რუსეთის ანტიდასავლური იდეოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი ინტელექტუალის, ალექსანდრ დუგინის თანამებრძოლია.

ლევ გუმილიოვის ცენტრი საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის, „ევრაზიული ინსტიტუტის”, ერთ-ერთი პარტნიორია. ეს ორგანიზაცია, „ერეკლე მეორის საზოგადოებასთან” ერთად, საქართველოში პრორუსული იდეების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური საყრდენია.

როსსოტრუდნიჩესტვო“ - „როსთანამშრომლობა“

„როსსოტრუდნიჩესტვო“ არის რუსეთის სახელმწიფო ფედერალური სააგენტო, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან თანამშრომლობაზეა ორიენტირებული. ის 2008 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე დაარსდა, 79 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა და, იდეაში, იგივე ფუნქცია უნდა გასწიოს, რასაც ამერიკული USAID ახორციელებს.

ორგანიზაციის საინფორმაციო პარტნიორები არიან სააგენტოები „იტარ-ტასი” და „რია ნოვოსტი”, ტელეკომპანიები RT, МИР და რადიოსადგური „რუსეთის ხმა”.

2013 წელს ორგანიზაციისათვის გამოიყო 330 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2015 წელს კიდევ 36 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა ფონდის დაფინანსება რუსული ენის პოპულარიზაციისათვის.

„როსთანამშრომლობა“ საქართველოში აფინანსებს „ანტიფაშისტური კოალიციის“ პროექტს.

მრავალეროვნული საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია“

მრავალეროვნული საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის ლიდერის - რევაზ გოგიძის განცხადებით, კოალიციაში 100-ზე მეტი ორგანიზაციაა გაერთიანებული.

„ანტიფაშისტური კოალიცია” კრემლის დირექტივით არაერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაშია შექმნილი, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ძალზე კომპლექსურ საქმიანობას ეწევიან და როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და მოლდოვაში აღნიშნული კოალიციების შექმნა 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პერიოდს ემთხვევა. ხოლო უკრაინაში არსებული პოლიტიკური რყევებისა და დაძაბულობის გამო შედარებით ადრე, 2006 წელს. საგულისხმოა, რომ 2014 წლის იანვარში საერთაშორისო ანტიფაშისტური კლუბის შექმნის ინიციატივით გამოვიდა რუსეთის დუმის დეპუტატი, მმართველი „ედინაია როსიიდან”, ოთარ არშბა.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^