„მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტების წინასწარ გამჟღავნებისა და ასევე სხვა თემებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკვლევას აწარმოებს, თუმცა ამ ინფორმაციის ვადაზე ადრე გამჟღავნება არასწორად მიმაჩნია“, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის განცხადებას, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე ტესტების წინასწარ გამჟღავნების შესახებ.
როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, ამ თემაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო კარგა ხანია მუშაობს და მოკვლევას პირადად აწარმოებს. მისი თქმით, საბჭო მოკვლევას აწარმოებს არა მარტო ტესტების წინასწარი გამჟღავნების, არამედ სხვა თემებზეც, რომლებიც გარკვეულ კორუფციულ საკითხებს უკავშირდება.
„მინდოდა, როცა დასრულდებოდა მოკვლევა, შემდეგ მოჰფენოდა ყველაფერს ნათელი. ეტყობა, ამით ვიღაც ცდილობს, რომ თავდაცვის რეჟიმში ჩადგეს. გარკვეული საკითხები, რომელზეც საბჭო მუშაობს, შეიძლება გარკვეულ პირებს შეეხოთ, ამიტომ ვიღაც თავდაცვით ჯავშანს იკეთებს, რომ რეალურად ვითომ ვიღაც არის გარკვეულ საკითხებზე მებრძოლი“, - განაცხადა მურუსიძემ.
მისივე თქმით, მოკვლევა მიმდინარეობს არა მარტო მამუკა ახვლედიანის მიერ დასახელებულ თემაზე, არამედ იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს სასამართლო კორპუსში და რა არის რეალობა, თუმცა მურუსიძემ დეტალებზე საუბარი დღეს არ ისურვა და აღნიშნა, რომ ყველაფერს მოკვლევის დასრულების შემდეგ მოეფინება ნათელი.
„ვფიქრობ, ეს განცხადებები საბოლოო ჯამში არის ის, რომ ადამიანები ცდილობენ, ჯავშნით აღიჭურვონ", - მურუსიძემ ტესტებთან დაკავშირებით ინფორმაციის გამჟღავნებას არასწორი უწოდა და ყველა მხარეს მოუწოდა, რომ თუ რაიმე აქვთ სათქმელი, ამას აქვს თავისი ფორმა და წესი.