„ეს უკვე წერია სამოქალაქო კოდექსში და ასეა განმარტებული ქართულ კანონმდებლობაში“, - პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მოძრაობა „ეროვნულების" წარმომადგენლის, სანდრო ბრეგვაძისა და ზვიად ტომარაძის მიერ დღეს პარლამენტში შეტანილ საკონსტიტუციო შესწორების პროექტს ეხმაურება.
პროექტის ავტორების თქმით, შესწორების არსი ისაა, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.
„შეიძლება სიტყვასიტყვით ფორმულირება არ წერია, მაგრამ იგივე სულისკვეთება დევს კონსტიტუციაშიც. მე ვეთანხმები იმას, რაც მაშინ თქვა ღარიბაშვილმა, როცა ეს იდეა გაახმოვანა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბრეგაძე აღნიშნავს, რომ თუ დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ მათ წინადადებას, რეფერენდუმის გზას მიმართავს და ამისთვის საჭირო 200000 ხელმოწერას უპრობლემოდ შეაგროვებენ.
„ლიბერალის" კითხვაზე, აღნიშნული ცვლილება ჰომოჰობიას ხომ არ გააძლიერებს, ბრეგაძე პასუხობს, რომ თუ კანონით იქნება ეს საკითხები დარეგულირებული, ხელს შეუშლის ნებისმიერ ფობიურ გამოვლინებას.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის თანახმად,
1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.
3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომელიც ქორწინების ცნებას განსაზღვრავს, აღნიშნულია, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.