ირაკლი რუხაძე ადასტურებს, რომ ძმებ გაჩეჩილაძეებს თანხა ასესხა, - ამის შესახებ მან კომენტარი 2030-ს თბილისის აეროპორტში დღეს, გამთენიისას მისცა.
რუხაძე თანხის ოდენობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ სესხი პროცენტიანია.
შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი თბილისში დაბრუნება ტელეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებით მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, რუხაძემ აღნიშნა, რომ „საქართველოში ცხოვრობს და ამიტომ ჩამოვიდა“.
როგორც რუხაძემ თქვა, კოტე გოგელია აპირებს, თავისი წილი დაახლოებით 5 მილიონ დოლარად გაყიდოს.
გაჩეჩილაძეების თქმით, „სტუდია მაესტოს" წილების შესაძენად ფული ირაკლი რუხაძემ ასესხა, რომელთანაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ.
გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „მაესტროს" დამატებით 30%-იანი წილი 2016 წლის 1 თებერვალს შეიძინა.
სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გიორგი გაჩეჩილაძეს გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისთვის გადახდილი აქვს „მაესტროში“ მათი 15-15% წილის შესყიდვის საფასური, რომლის რაოდენობა კონფიდენციალურია და განსაზღვრულია ცალკე შეთანხმებით.
აღნიშნული ცვლილების შემდეგ კი „მაესტროს" წილები რეესტრის დღევანდელი მონაცემებით ასე ნაწილდება: გია გაჩეჩილაძე - 55%, მამუკა ღლონტი -15%, ეკატერინე აკობია - 5 %, და მაკა ასათიანი - 25%.