საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს, ზიკა ვირუსის გავრცელების გამო შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ ბრაზილიასა და სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებში მოგზაურობისგან.
„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნულმა დაავადებამ უკვე მთელი ლათინური ამერიკის რეგიონი მოიცვა. დაინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ბრაზილიის შემდეგ კოლუმბიის რესპუბლიკა მოდის. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, სხვა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად განსაკუთრებით ორსულ ქალებს ურჩევს, თავი შეიკავონ ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში მოგზაურობისგან" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ზიკა ვირუსი კოღოს ნაკბენით ვრცელდება. ვირუსის სიმპტომები თავს იჩენს დაინფიცირებიდან დაახლოებით 10 დღის შემდეგ. ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებად მიიჩნევა ცხელება, გამონაყარი, ტკივილი სახსრებში და კონიუნქტივიტი.