საქართველოს მომავლისთვის უცხო და მიუღებელია საბჭოთა კავშირის წიაღიდან წამოსული სტალინისტური სენტენციები, რადიკალიზმი და მარგინალური ფსევდოტრადიციები, - ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში.
„ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ეროვნულ თვითმყოფადობაზე დაფუძნებით, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს უზრუნველყოფს. სწორედ „ქართულმა ოცნებამ" მოიტანა უდიდესი ცვლილებები 2012 წელს, უფსკრულისკენ მიმავალი ქვეყანა დააბრუნა ისტორიული განვითარების გზაზე.
დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს განახლების პროცესი, რაც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რომელიმე, თუნდაც ერთი ადამიანის ღვაწლის დავიწყებას.
„ქართული ოცნება" აუცილებლად იქნება ისეთი ძლიერი პოლიტიკური ერთობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ეროვნულ ღირებულებებზე, განვითარებაზე, პროგრესზე და ამ გზით საქართველო არა მხოლოდ მექანიკურად შეუერთდება ევროპას, არამედ, ქართული ტრადიციული და კულტურული ღირებულებებით გაამდიდრებს ევროპულ ოჯახს და მისი სრულფასოვანი წევრი გახდება", - აცხადებს კვირიკაშვილი.