ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილ თსუ-ში მივიდა და სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადა. როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, მას უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების დეტალების შესახებ სტუდენტებისგან მეტი ინფორმაციის მისაღება სურს.
„ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ის ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ გამოიტანეს - ის, რომ უნივერსიტეტში „ოდეერი“ მოქმედებს. ვიცი, რომ განსაკუთრებით აქტიურ სტუდენტებს უშიშროების სამსახურები ეწვივნენ ოჯახებში. ეს შემაშფოთებელია, როგორც თქვენ, ისე თქვენი ოჯახის წევრებსაც შეუძლიათ საიას იმედი. არასამთავრობო ორგანიზაციები თქვენს გვერდით არიან. არც ერთი წამით არ იფიქროთ, რომ ამ ბრძოლაში მარტო ხართ“, - უთხრა სტუდენტებს ანა ნაცვლიშვილმა.
საიას თავმჯდომარის თქმით, თავისთავად მნიშვნელოვანია ის პრინციპი, რომ სტუდენტები კონკრეტული ადამიანის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას ეწინააღმდეგებით, მის რეპუტაციასთან და წარსულთან კითხვები აქვთ.
„ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს, რომ თუ ადამიანებს წარსულში ან აწმყოში ჩადენილი აქვთ რაიმე ქმედებები, რაც მათ ღირებულებებს ეჭვქვეშ აყენებს, ეს საზოგადოების განსჯის საგანი უნდა გახდეს. ყველა პირს, ვინც მაღალ თანამდებობას დაიკავებს, უნდა ჰქონდეს ღირებულებითი თანხმობა იმ კოლექტივთან, სადაც მიდის“, - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს სტუდენტები სამომავლო ნაბიჯებს განიხილავენ.