Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არის თუ არა „მოსკოვის ხელი“ ყარაბაღის კონფლიქტში?

04 აპრილი, 2016 13:56

ყველა დაუსრულებელ კონფლიქტს შორის, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე წარმოიქმნა, მთიანი ყარაბაღის გარშემო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება ყოველთვის იყო მათ შორის ყველაზე საშიში. სამხედრო პოლიტიკური ანალიტიკოსი და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი იური ფიედოროვი ЭХО КАВКАЗА-სთან ინტერვიუში კონფლიქტის გამწვავების შესაძლო მიზეზებზე საუბრობს.

„როგორც ჩანს, ამჯერად საომარი მოქმედებები სომხეთმა დაიწყო, რომელსაც ზურგს, შესაძლოა, რუსეთი უმყარებდეს. როგორც გვახსოვს, ვლადიმირ პუტინმა რუსული ბომბდამშენის განადგურების შემდეგ განაცხადა, რომ ვითარებიდან „თურქეთი მხოლოდ პომიდვრებით ვერ გამოძვრებოდა“. ამის შემდეგ მკვეთრად იზრდება ქურთების „მუშათა პარტიის" მებრძოლების აქტიურობა თურქეთში, რომლებიც მჭიდრო და დიდი ხნის კავშირებს ინარჩუნებენ მოსკოვთან. ამას გარდა, ბოლო თვეების განმავლობაში სომხეთში რუსულ ავიაბაზა ერებუნში მოსკოვმა დამატებით შეიყვანა თავდამსხმელი და სატრანსპორტო ვერტმფრენები და 5 მოიერიშე თვითმფრინავი. ამან სომხეთში მნიშვნელოვნად გააძლიერა რუსეთის 102-ე საომარი ბაზის სამხედრო პოტენციალი. ბაზის შემადგენლობაშია დაახლოებით 5000 ჯარისკაცი და ოფიცერი, 74 ტანკი, 17 „ბეემპე“, 148 „ბეტეერი“, 84 საარტილერიო სისტემა - ეს სერიოზული ძალაა. სრულიად შესაძლებელია, რომ თავდაპირველი სცენარი ასე გამოიყურებოდა: სომხური შენაერთები სერიოზულ ზიანს მიაყენებდნენ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს. ამ შემთხვევაში თურქეთი ან „სახეს დაკარგავდა“, როცა მისი უახლოესი მოკავშირე - ბაქო - მარცხს განიცდიდა, ან იძულებული გახდებოდა, ჩარეულიყო კონფლიქტში, რა შემთხვევაშიც, უკვე რუსულ შენაერთებს შეეჩეხებოდა. საბოლოო ჯამში, პუტინისთვის ეს პოლიტიკურად მომგებიანი გათვლა იყო - ერთდროულად „კანონიერი“ საბაბის მიღება იერიში მიეტანა თურქულ შენაერთებზე, ხოლო NATO, რომლის ერთ-ერთი წამყვანი წევრიცაა თურქეთი, პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდებოდა, რამდენადაც, ფორმალურად, მოსკოვთან შეიარაღებული კონფლიქტის ინიციატორი ანკარა გამოდიოდა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ აზერბაიჯანი უპირატესობას მოიპოვებს და მეტიც - ყარაბაღიც რომ დაიკავოს - ეს ისევ აძლევს მოსკოვს „კანონიერ“ მიზეზს, ჩაერიოს ომში სომხეთის მხარეს და მათ შორის ჩრდილოეთის მხრიდან, დაღესტნიდან აზერბაიჯანშიც შევიდეს. ამის შემდეგ კი ისევ თავდაპირველი სცენარი გათამაშდება“, - ამბობს იური ფიედოროვი.

BBC-ზე კარნეგის ფონდის ექპერტი ტომას დე ვაალი წერს, რომ ამ დღეებში სომხებმა, აზერბაიჯანელებმა და მთლიანად მსოფლიომ მიიღო შეხსენება, რომ ეს კონფლიქტი დენთის კასრია, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება აფეთქდეს და კატასტროფული შედეგები მოიტანოს.

„1994 წელს დადებული ზავი დარღვეულია და მსხვერპლის რაოდენობა, რომელთა შორის უმეტესობა ახალგაზრდები არიან ორივე მხარის შეიარაღებული ძალებიდან, უკვე ათეულობითაა.

კონფლიქტის ყველაზე დაძაბული სტადია 1990-იან წლებში განვითარდა და მივიდა 1994 წლის ზავამდე, რომელმაც დატოვა ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივი პროცესი ყოველგვარი საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ჩარევის გარეშე.

ომის იარები და ერთმანეთის მიმართ სიძულვილი ფუნდამენტური ფაქტორი გახდა ამ ორ დამოუკიდებელ ქვეყანას შორის და თითქმის არავინ საუბრობს კომპრომისზე.

აზერბაიჯანში, რომელმაც ამ კონფლიქტის შედეგად მხოლოდ მთიანი ყარაბაღი კი არა, მის გარშემო მდებარე კიდევ 7 რაიონი დაკარგა, ანტისომხური განწყობა განსაკუთრებით ძლიერია. 3 საერთაშორისო შუამავლისგან - რუსეთი, აშშ და საფრანგეთი - კონფლიქტის დარეგულირების მცდელობები კი ყოველთვის ბევრად სუსტი იყო, ვიდრე სომხეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან წინააღმდეგობა კომპრომისის იდეის მიმართ.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი სიტუაცია გაუარესდა. გაიარა იმ დღეებმა, როცა ახალგაზრდა ჯარისკაცები მთებში წყნარ სანგრებში ისხდნენ და დრო და დრო მოწინააღმდეგეების მიმართულებით ისროდნენ.

აზერბაიჯანმა მილიარდობით დოლარით, რომელიც კასპიის ნავთობის გაყიდვით მოიპოვა, ახალი იარაღი შეიძინა. ორ ქვეყანას შორის ე.წ. გამყოფი ხაზი გახდა ყველაზე გამაგრებული საომარი ზონა ევროპაში ტანკებითა და მძიმე არტილერიით.

ამას დავუმატოთ რუსეთისა და დასავლეთის მიმართ (რომლებიც, იდეაში, ვალდებულები იყვნენ, შუამავლის როლი ეთამაშათ ორ დაპირისპირებულ ქვეყანას შორის) ნდობის სრული დაკარგვა და პოტენციური საომარი კონფლიქტისთვის გარემო უკვე მზადაა.

ძნელი გასაგებია საბოლოოდ რა მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში.

აშკარაა ფართოდ გავრცელებული ტენდენცია, ამაში დაინახონ „რუსეთის ხელი“ - რუსეთის ხელისუფლების მცდელობა, შექმნას სიტუაცია, რომელშიც მას შეეძლება ჩარევა სამშვიდობო ძალების შეყვანის გზით.

ცნობილია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აქტიურად ამუშავებს კონფლიქტის დარეგულირების ახალ გეგმას, რომელშიც რუსეთს მშვიდობის გარანტის როლი მიენიჭება“, - წერს ტომას დე ვაალი.

წყარო: BBC, ЭХО КАВКАЗА

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^