„საქართველოს არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება. საქართველო უნდა დაბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახში, საიდანაც ის ხელოვნურად, ძალისმიერად მოწყვიტეს“, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამოსვლა NATO-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე.
მისივე თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არასოდეს დაუკლია ძალისხმევა გლობალური სტაბილურობისათვის და ეს არ გამოიხატებოდა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით, არამედ იმ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, სადაც ქართველმა ჯარისკაცებმა ისახელეს თავი.
როგორც ფორუმზე გამოსვლისას თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, საქართველოს არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება. მან ყურადღება საქართველოს მიმართ ვარშავის სამიტის მოლოდინზე გაამახვილა და აღნიშნა: „ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი არის ის, რომ ვარშავის სამიტიდან NATO-ს ქვეყნები, NATO, როგორც ორგანიზაცია, გამოვიდეს კიდევ უფრო ერთიანი, ძლიერი და მიზანმიმართული იმ ამოცანებისთვის, რომლისთვისაც ეს ორგანიზაცია შეიქმნა. ჩვენი, როგორც პარტნიორი ქვეყნის, წევრობის გზაზე მდგომი ასპირანტი ქვეყნის, ამოცანაა, სწორედ ამ ერთობაში ვიყოთ თანამონაწილე. ვარშავაში არ უნდა იყოს საკითხები, რომელიც გაყოფს NATO-ს, რომელიც ვინმეს შეუქმნის განცდას, რომ არსებობს ცალკე დღის წესრიგები NATO-ს წევრ სხვადასხვა ქვეყანასთან. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ქვეყანა, სწორედ ამ მთავარი გზავნილებით, ამ მთავარი ამოცანით მივდივართ ვარშავაში. ველოდებით, რომ ვარშავა პასუხს გასცემს იმ ძირითად კითხვებს, რომელიც უელსის შემდეგ დარჩა. საქართველო ორი ათეული წლის განმავლობაში იყო ერთგული და ლოიალური პარტნიორი. ჩვენ ყველა საშუალებით, ყველა ფორმით და რესურსით, რაც ქართულ სახელმწიფოს აქვს, ვცდილობდით, დაგვემტკიცებინა, გვეჩვენებინა, რამდენად ღირებულია გყავდეს ერთგული, სანდო და საიმედო პარტნიორი კავკასიის რეგიონში. ჩვენი სამხედროების უმწიკვლო რეპუტაცია, რომელიც მათ ამ წლების განმავლობაში შექმნეს როგორც NATO-ს, ასევე ევროკავშირის მისიით წარმოდგენილ სამხედრო ოპერაციებში, არის საუკეთესო გზავნილი და საუკეთესო საშვიც ამ ორგანიზაციების კარზე კაკუნისთვის“, - განაცხადა ხიდაშელმა.